მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის „ინტერვალური შიმშილი“, რას გულისხმობს კვების ეს ტიპი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
„ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე - 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს არ მიირთმევს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის აღდგენა, რითაც თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. დეტალურად: ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც (ინსულინი აძლიერებს მადას და არის მაშენებელი ჰორმონი) და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას. „ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია:
წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში
ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა
იმუნიტეტის ამაღლება
„ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება
ანტი კანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება
აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალებით, შეიძლება, ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და სასურველია, წახემსებების გარეშე. დაბალანსებული კვება თავის მხრივ რას გულისხმობს, მკითხველისთვის ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის წინა თემაში უკვე დეტალურად განვმარტეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, რადგან დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს.
თუმცა ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვს კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია, ნევროზი) ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილს“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა: გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად ითვლება ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამით ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
„ნავთით დამუშავებული სკოლის იატაკი განსაკუთრებული სისუფთავის ნიშანი იყო“ - ვინ მოიფიქრა და რა რეგულაციებით ტარდებოდა ეს
რატომ არ შეიძლება ნავთობპრუქტების გამოყენება იატაკის მოსაწმენდად სკოლებში? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ჩემი ბავშვობის ორშაბათი სკოლაში ყოველთვის ერთნაირად იწყებოდა - სკოლის კარის გაღებისთანავე სასუნთქ გზებში იჭრებოდა დიზელის თუ ნავთის მკვეთრი სუნი, რაც გაპრიალებული იატაკთან და ნახერხთან ერთად სკოლის გენერალურ დალაგებას ნიშნავდა. მოკლედ, ნავთობპროდუქტით დამუშავებული იატაკი აუცილებლად იყო განსაკუთრებული სისუფთავის ნიშანი.
ვინ მოიფიქრა, რა რეგულაციებით და დადგენილებებით იყო ეს ღონისძიება მაშინ, ნამდვილად არ ვიცი. ჰო, მაგრამ მას შემდეგ ათწლეულები გავიდა...
...ვიზიტზე პაციენტი მყავს. ახველებს, დაწითლებული თვალებიდან ცრემლები სდის. შიშით გამოწვეულ ცრემლებს ყრის მისი შეშფოთებული ახალგაზრდა დედაც. 2-3 კვირაში ერთხელ დიზელით გაპრიალებულ-გაბრდღვიალებულ სკოლაში შესვლისას პატარას ხველა, ცრემლდენა, ცხვირცემინება ეწყება. მშობლის პრეტენზიებს სკოლაში არ იღებენ. აცნობეს, რომ იატაკს დიზელით წმენდენ.
რა არის დიზელი?
ყველამ კარგად იცით - ეს საწვავია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ძრავისათვის გამოიყენება. 1892 წელს ის გერმანელმა ინჟინერმა რუდოლფ დიზელმა დააპატენტა და მას შემდეგ საწვავი სწორედ მის სახელს ატარებს. რაც უნდა ბევრი ეძებოთ, თანამედროვე საძიებო სისტემებში ვერსად იპოვით დიზელის სხვა დანიშნულებას. დიზელი ნავთობროდუქტია, რომელიც ნავთობის გადამუშავების გზით მიიღება. წარმოადგენს ნახშირწყალბადების ნაერთს, შეიცავს მერკაპტანებს, სულფიდებს, დისულფიდებს, რომელთა მაღალი შემცველობა ჯანმრთელობისათვის საშიშია, ამიტომ 2006 წლიდან სულფიდების შემცველობა აუცილებლდ უნდა იყოს ზღვრულად დასაშვებ ნორმამდე, რასაც მრავალი ქვეყანა მკაცრად აკონტროლებს.
რა შეიძლება გამოიწვიოს დიზელმა?
კანთან შეხებისას, რაც დიზელით გაბრდღვიალებულ-დამუშავებულ სკოლაში სრულად შესაძლებელია მოხდეს, შესაძლოა, განვითარდეს კანის დაზიანება -დერმატიტი, რასაც გამონაყარი და ქავილით ვლინდება. დამუშავებული იატაკებიდან, რა თქმა უნდა, ხდება დიზელის აორთქლება. მისი ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა, გამოიწვიოს ალერგია, რაც შეიძლება ცხვირცემინებით, ხველით, ცრემლდენით, ბრონქოსპაზმით გამოვლინდეს. დიზელის ორთქლის ხანგრძლივ და ხშირ შესუნთქვას შეიძლება მოჰყვეს ინტოქსიკაციის ნიშნების გამოხატვა - თავბრუსხვევა, ღებინება, თავის ტკივილი, გულისრევა. დიდი დოზებით სასუნთქ გზებში მოხვედისას კი შესაძლოა ფილტვის დაზიანებაც მოხდეს. არ ვიცი, სარგებლობენ თუ არა სკოლები ერთიანი რეკომენდაციებით, რომელიც სკოლებში დასუფთავებისა და ჰიგიენის საკითხებს ეხება. ვფიქრობ, კონტროლი აუცილებელად უნდა დაწესდეს, რათა გარემო, სადაც ბავშვები დღის ნაწილს ატარებენ, ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. პაციენტის ამბავი გაინტერესებთ? სკოლის გამოცვლა ვურჩიე. ოღონდ რა ხდება მის ახალ სკოლაში, ეგ უკვე აღარ ვიცი“- წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.