მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის „ინტერვალური შიმშილი“, რას გულისხმობს კვების ეს ტიპი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
„ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე - 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს არ მიირთმევს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის აღდგენა, რითაც თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. დეტალურად: ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც (ინსულინი აძლიერებს მადას და არის მაშენებელი ჰორმონი) და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას. „ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია:
წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში
ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა
იმუნიტეტის ამაღლება
„ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება
ანტი კანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება
აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალებით, შეიძლება, ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და სასურველია, წახემსებების გარეშე. დაბალანსებული კვება თავის მხრივ რას გულისხმობს, მკითხველისთვის ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის წინა თემაში უკვე დეტალურად განვმარტეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, რადგან დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს.
თუმცა ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვს კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია, ნევროზი) ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილს“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა: გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად ითვლება ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამით ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
,,რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ცურვას, მით უფრო ჯანსაღი იქნება'' - ინტერვიუ წყალბურთის მწვრთნელთან
რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის წყალბურთზე შეყვანა, რისთვის არის განსაკუთრებით კარგი, კვირაში რამდენჯერ და რამდენი საათია რეკომენდებული ბავშვის წყალბურთით დაკავება? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე Moms.ge-ს საქართველოს სპორტის დამსახურებულმა მოღვაწემ და გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის წყალბურთის მწვრთნელმა დავით ხავთასმა უპასუხა.
- ბატონო დავით, რატომ წყალბურთი? რის განვითარებას უწყობს ხელს?
- წყალბურთი ხელს უწყობს ბავშვის ზრდას, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას. სპორტის ეს სახეობა ასწავლის მას გუნდურობას, მიზნისთვის ბრძოლას, სხვების მხარდაჭერას. წყალბურთი ბავშვს სძენს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ეხმარება მას ცხოვრებისეული სირთულეების გადალახვაში. იმის გათვალისწინებით, რომ ახლა სულ სხვა თაობა მოდის და გამუდმებით ტექნიკასთან აქვთ კავშირი, სპორტი ერთ-ერთი საუკეთესო საშულებაა, რომ დაამყარონ ცოცხალი ურთიერთობები. ზოგადად, ცურვა, წყალში მოძრაობა, ძალიან სასარგებლოა ყველასთვის. ამ დროს ჩართულია კუნთოვანი სისტემა სრულად. ცურვა ხელს უწყობს ბავშვის სხეულის სწორად ფორმირებას, დადებით გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე... რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაიწყებს ბავშვი ცურვას, მით უფრო ჯანსაღი იქნება. თუ ვატყობთ, რომ ბავშვს ცურვის ნიჭი აღმოაჩნდა, ჩვენთან გადმოგვყავს. მთავარი კომპონენტია ცურვის ცოდნის ხარისხია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვერ გაუძლებს ორმაგ დატვირთვას.
- რა ასაკიდან უნდა შევიყვანოთ ბავშვი წყალბურთზე?
- მიზანშეწოლილია სამი წლის ასაკიდან, თუმცა ამ ასაკის ბავშვებთან კონტაქტი ძალიან ძნელია. მათ ბოლომდე არ ესმით მასწავლებლის მითითებები. როგორც აღვნიშნე, ცურვა ისეთი ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ეხმარება ბავშვის ზრდა-განვითარებას. ყველაფერთან ერთად, ცურვა ბავშვს თვითგადარჩენის უნარ-ჩვევებს უყალიბებს. ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად, ცურვის საფუძვლიანად სწავლაა აუცილებელი პროფესიონალის ზედამხედველობით.
- აუცილებელი ინვენტარი, რაც ბავშვის წყალბურთზე ტარებისას დაგვჭირდება?
- სანამ ბავშვი სწავლობს ცურვას, აუცილებელია სათვალე, წყლის ქუდი, საცურაო კოსტიუმი და ჩანთა. ხოლო, როცა ცურვიდან წყალბურთში გადაინაცვლებს, სათვალე აღარ არის საჭირო.
- კვირაში რამდენჯერ და რამდენი საათია რეკომენდებული სპორტის ამ სახეობით დაკავება?
- მანამ, სანამ ეს სპორტი ბავშვისთვის გამაჯანსაღებელ საშუალებას წარმოადგენს, კვირაში სამი დღეა სიარული რეკომენდებული, ხოლო მას შემდეგ, რაც იგი ჩამოყალიბდება წყალბურთელად, ყოველდღიური ვარჯიშია აუცილებელი. ყველაფერთან ერთად, მას ნორმალური ძილი ესაჭიროება და სპეციალური კვების რაციონიც უდგინდება.
- წყალბურთი ყველასთვის სასარგებლოა, თუ არსებობს გამონაკლისებიც?
- რა თქმა უნდა, ცურვა და ზოგადად, წყალი ყველასთვის სასარგებლო და უმეტესად აუცილებელიც კია. სპორტის სახეობებიდან არაფერი ისე არ უხდება ბრტყელტერფიანებსა და სქოლიოზის მქონე ბავშვებს, როგორც წყალი.
- ტრავმების მხრივ რამდენად უსაფრთხოა ბავშვისთვის სპორტის ეს სახეობა?
- თუ თვითდაზიანება არ მოხდება, ყოველმხრივ უსაფრთხო სპორტია. ერთადერთი, ხელის არასწორად მოსმის დროს, შეიძლება, კუნთი დაეჭიმოს, თუმცა არც ესაა პრობლემა, ექიმთან ვიზიტის შემდეგ თავისუფლად შეუძლია დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.