Baby Bag

16-საათიანი შიმშილი - რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის?

16-საათიანი შიმშილი - რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის?

მედიაპორტალი ​MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის „ინტერვალური შიმშილი“, რას გულისხმობს კვების ეს ტიპი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

„ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე - 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს არ მიირთმევს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის აღდგენა, რითაც თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. დეტალურად: ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც (ინსულინი აძლიერებს მადას და არის მაშენებელი ჰორმონი) და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას.

​„ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია: 

  • წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში
  • ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა
  • იმუნიტეტის ამაღლება
  • „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება
  • ანტი კანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება
  • აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.


რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალებით, შეიძლება, ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და სასურველია, წახემსებების გარეშე. ​დაბალანსებული კვება თავის მხრივ რას გულისხმობს, მკითხველისთვის ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის წინა თემაში უკვე დეტალურად განვმარტეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, რადგან დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს. 

თუმცა ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვს კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია, ნევროზი) ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილს“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა: გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად ითვლება ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამით ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.

    ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

    მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

    ​როგორი უნდა იყოს რაციონი „ინტერვალური შიმშილის“ დროს? რატომ 16-საათიანი ინტერვალი და არა...
    დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. რადგან ​წინა კვირაში გამოქვეყნებულმა სტატიამ „ინტერვალური შიმშილი“ მკითხველთა...

    შეიძლება დაინტერესდეთ

    MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

    MomsEdu.ge დედებისთვის ახალ სივრცესა და შესაძლებლობებს ქმნის

    მედიაპორტალი  ​MomsEdu​.ge  ქალებისთვის სოციალურ ქსელში ახალ სივრცეს ქმნის, სადაც ყველაზე მცოდნე დედები მოიყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა -  ​​„მცოდნე დე​დების ჯგუფი“ .

    ჩვენი მიზანია,  შევქმნათ საინფორმაციო სივრცე, სადაც ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა - ორსულობა, შვილის აღზრდა, ბავშვთა  და მოზარდთა ფსიქოლოგია, კვება და ა.შ. მიიღებთ კომპეტენტურ პასუხებს, გაეცნობით უახლეს კვლევებს, რომლებიც გაცნობიერებული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. ასევე, ჯგუფის საშუალებით, ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას  გაუზიარებთ.

    ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა. ამაში კი ჩვენი ჯგუფი დაგეხმარებათ.   ცოდნა, რომელსაც ამ ჯგუფში შეიძენთ, ყველაზე რთულ პროფესიას - ,,დედობას “ მარტივად აგათვისებინებთ.

    შემოგვიერთდი 👇

    „მცოდნე დედების ჯგუფი“  💜

    წაიკითხეთ სრულად