რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„არასწორად არის მიღებული ნორმა, რომ სასკოლოდ ვემზადებით 4-5 წლის შუალედში, ჭეშმარიტი სასკოლო მზადება ხდება 0-3 წლის კატეგორიაში,“ - დიანა ტარიელაშვილი
ადრეული და სკოლამდელი ბავშვის განვითარების სპეციალისტი დიანა ტარიელაშვილი ბავშვის ადრეული განვითარების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, მშობლებმა შვილის სასკოლო მზადება 0-3 წლის ასაკში უნდა დაიწყონ:
„ჩვენს საზოგადოებაში არასწორად არის მიღებული, სამწუხაროდ, ნორმა, რომ ვემზადებით სასკოლოდ 4-5 წლის შუალედში. ჭეშმარიტი სასკოლო მზადება ხდება 0-3 წლის კატეგორიაში. აქ ხდება ფუნდამენტების ჩადება. აუცილებელია, ბავშვს სიყვარული წიგნებისადმი ჩავუნერგოთ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ხოხავს, ცოცავს ან ზის. როდესაც ბავშვი უკვე დაიწყებს სიარულს, მისი გაჩერება ერთ ადგილზე იქნება შეუძლებელი, მისი დაინტერესება სტატიკური გამოსახულებებით, გრაფიკული ნახატებით იქნება რთული.“
დიანა ტარიელაშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვს წიგნები ექვსი თვის ასაკიდან აჩვენონ:
„ბავშვს ექვსი თვიდან ვაჩვენოთ წიგნები. სამ წლამდე ასაკში კონცენტრაციაზე მუშაობა ბავშვებს ძალიან უჭირთ. შევეცადოთ პირველ წიგნებში იყოს მინიმალისტური ნახატების ერთობლიობა. ვთქვათ, ფერებზეა წიგნები. წიგნში უნდა იყოს მაქსიმუმ სამი გამოსახულება ერთი ფერის. არ უნდა იყოს ძალიან ბევრი გამოსახულება, რადგან ბავშვს უჭირს რაღაც ერთზე კონცენტრირება. მერე ვზრდით, მრავალფეროვან ილუსტრაციებს ვთავაზობთ, მაგრამ თავიდან ბავშვებს უჭირთ კონცენტრაციაზე მუშაობა. ხმოვან წიგნებს რაც შეეხება, შევეცადოთ, რომ ხმოვანი წიგნები იყოს მინიმალური რაოდენობის, რადგან ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ წიგნი არის გამოსახულება და ტექსტი. არ უნდა ველოდო რაღაც ანიმაციებს, სიმღერებს და მუსიკას იმ წიგნიდან. უნდა ვიცოდე, რომ წიგნი არის სტატიკური გამოსახულება. წიგნში უნდა ჩავრთო ჩემი ტვინი, ჩემი აზროვნება, ჩემი შემოქმედებითობა, რომ წარმოვიდგინო ის ინფორმაცია, რასაც ვხედავ.“
დიანა ტარიელაშვილი მშობლებს ბავშვის სივრცითი უნარების გასავითარებელ პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს:
„როგორ ხდება სივრცითი აზროვნების უნარის განვითარება? ვთქვათ, ბავშვი არის ექვსი თვის. ის ექვსი თვისთვის უკვე დაჯდა, დამოუკიდებლად ზის. ამ დროიდან უკვე ჩვენ მას ვთავაზობთ პირამიდას. ბავშვს ვთავაზობთ, რომ პირამიდიდან მოხსნას ერთ-ერთი რგოლი. ის ხედავს, რომ ხელის მანევრირებით ახერხებს რაღაც ღერძიდან მოხსნას და მოგვიანებით დასვას. ეს არის სივრცითი აზროვნების განვითარება. სწორი სათამაშოების შეთავაზებით ბავშვი გრძნობს, რომ ის ვითარდება.“
„წლამდე 30 წუთი საკმარისია, შემდეგ ვზრდით დროს. უკეთესი იქნება, თუ აქტიურ თამაშებს ლოგიკაზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე გამოვიყენებთ დღის პირველ ნახევარში. დღის მეორე ნახევარში უფრო ვხატავთ, ვძერწავთ. მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა, როდესაც მიდის სათამაშოების მაღაზიაში, გაითვალისწინოს ის, რომ მისი შვილი არის ერთი წლის და რომელი სათამაშო სჭირდება მას, მიუხედავად იმისა, რომ იქ სათამაშოს, შესაძლოა, ეწეროს ექვსი წლიდან. თუ მშობელმა იცის, რომ ბავშვს სჭირდება ნატიფი მოტორიკის განვითარება, აუცილებლად სჭირდება წვრილი დეტალები. მან უნდა შეიძინოს პირამიდა, მოზაიკა, ლეგო და შესთავაზოს ბავშვს, აუცილებლად მეთვალყურეობის ქვეშ,“ - აღნიშნული საკითხების შესახებ დიანა ტარიელაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ საუბრობს.