რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ამ ნიუანსების ცოდნა ურთიერთობის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ,” - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ მამაკაცებსა და ქალებს შორის არსებულ ფსიქოლოგიურ განსხვავებებზე ისაუბრა, რომლებიც წყვილებში ხშირად გაუგებრობის ან კონფლიქტის მიზეზი ხდება:
„ფსიქოლოგიური განსხვავება ამ ორ სქესს შორის არის და ეს განსხვავება მუდმივად იქნება. ეს ფსიქოლოგიური სხვაობა დამყარებულია ბიოლოგიურ სხვაობებზე. ურთიერთობა რომ კარგი გამოვიდეს ამ ორ სქესს შორის, უკეთესი იქნება, თუ მე მეორე სქესი მეცოდინება. მეორე სქესის ცოდნა არ ნიშნავს ფიზიკურად ვისთან რამდენი ურთიერთობა გქონდათ. ფიზიკური ურთიერთობის გამოცდილება არ არის საკმარისი, რომ გაიგო, რასთან გაქვს საქმე. გავიხსენოთ კაცების მხრიდან გამოთქმები, მაგ. „ქალს ლოგიკა არ აქვს.“ რეალურად ლოგიკა აქვს ქალს. ლაპარაკობენ, რომ კაცები უფრო ჭკვიანები არიან. აქვთ კაცებს ეს პრეტენზია. ეს პრეტენზია რომ აქვთ, მთელი სისუსტე მაგაშია.“
ზურა მხეიძის თქმით, მამაკაცები და ქალები სხვადასხვა მოვლენაზე განსხვავებულად რეაგირებენ:
„ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სხვადასხვა ქცევებია, სხვადასხვა რეაქციებია სხვადასხვა რაღაცებზე. ის, რომ ქალი ბუნებით კონსერვატორია, გამომდინარეობს ფიზიოლოგიიდან. ქალმა ბავშვი უნდა გააჩინოს, ამ ბავშვს სჭირდება ყურადღება და მოვლა, ამიტომ ქალს ინსტინქტში აქვს რაღაცების სტაბილურობის განცდა და შენარჩუნება. კაცისთვის ეს ამოცანა არ დგას. კაცი კონსერვატორი არ არის. რატომ არის არსობრივად ამ ფუნქციების გარკვევა კარგი? მერე უკვე ურთიერთობებს ადვილად ალაგებ.“
ზურა მხეიძემ აღნიშნა, რომ ქალს მრავალი საფრთხის ერთდროული ანალიზის უნარი აქვს, რაც მამაკაცს არ შეუძლია:
„იქიდან გამომდინარე, რომ ქალს ბავშვთან ურთიერთობები უწევს და ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო უნდა შექმნას, მას შეუძლია მრავალი საფრთხის ერთდროული ანალიზი. მაგალითად, ბავშვს ბათუმში უშვებთ პირველად. მამამ მაქსიმუმ ორი საფრთხე წარმოიდგინოს: „შორს არ გაცურო და ბევრი არ დალიო.“ დედის კომპონენტია, რომ ტრანსპორტს ბორბალი არ მოსძვრეს, არ გადაიჩეხოს, გველმა არ უკბინოს. ეს ბუნებაში აქვს, ყველაფერს ანგარიშობს. ქალის ჩანთები წარმოადგენს ძალიან საინტერესო რაღაცას. ქალს შეიძლება ჭურჭლის სარეცხი მანქანა აღმოაჩნდეს ჩანთაში. ქალს შეუძლია სწრაფად ყურადღების გადანაცვლება. ჩვენ გვგონია, რომ პარალელურ რეჟიმში აკეთებს, მაგრამ ფსიქოლოგიაში გამორიცხულია ეს. ქალს შეუძლია ტელევიზორს უყურებდეს, აუთოვებდეს, პარალელურად ტელეფონზე საუბრობდეს, ბავშვს ადევნებდეს თვალყურს და ქმარი რომ გადის, რაღაც უთხრას. ეს კაცისთვის არის წარმოუდგენელი პროცესი. ქალები ხშირად ამბობენ: „ჩემს ქმარს რომ ველაპარაკები, არ მისმენს." არ გისმენთ იმიტომ, რომ კაცი გისმენთ მაშინ, როდესაც თქვენკენ არის მოტრიალებული. მას პარალელური მოსმენები არ შეუძლია. ქალს ეს შეუძლია. მისთვის ეს ჩვეულებრივია.“
„ქალი ნებისმიერ საუბარში ცდილობს კონტექსტი დაინახოს. ცდილობს მიხვდეს რას გულისხმობდა მისი დაქალი ან კაცი. ამის გამო ქალები ერთ პრობლემას აწყდებიან, ცდილობენ გაიგონ, რატომ თქვა ეს კაცმა. მაგალითად, კაცმა თქვა: „მშია.“ ეს ფიქრობს, რატომ თქვა, რას ნიშნავდა. შეიძლება მთელი დღე ამაზე იფიქროს. არაფერს არ ნიშნავდა, რაც მოადგა პირზე, კაცმა ის თქვა. ეს თვისებაც გენეტიკური კომპონენტია. ქალს რომ ბავშვი უჩნდება, ბავშვი ვერ ლაპარაკობს. ის მომართულია გამოიცნოს, ბავშვს რა აწუხებს. ამიტომ ქალი საუბრის დროს ავტომატურ რეჟიმში ყოველთვის აანალიზებს იმის იქით რა იგულისხმება. პრობლემა ის არის, რომ კაცთან თუ ურთიერთობ, არაფერი არ უგულისხმია, რაც თქვა ეგ იყო. შენ ფიქრობ მთელი ღამე ეს რატომ ქნა. ასეთი ნიუანსების ცოდნა ურთიერთობის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ.