რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„როდესაც ყოველდღე აბანავებენ ბავშვს, ეს გარკვეულწილად ზედმეტია, ყველა ასაკს აქვს ბანაობის თავისი სიხშირე და თავისი წესი,“ - ივანე ჩხაიძე
პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ბავშვის კარგი განვითარებისა და ჯანმრთელი კანისთვის ბანაობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობლები ხშირად ბავშვებს ყოველდღიურად აბანავებენ, რაც გადაჭარბებულია და საჭირო არ არის:
„ჩვენ ძალიან გვიჭირს ბევრი მშობლის დარწმუნება იმაში, რომ ავადმყოფი ბავშვი არ ნიშნავს კარჩაკეტილ, ფანჯრებჩაკეტილ, დახურულ სივრცეში მყოფ ბავშვს. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი. ბანაობა არის ბავშვის კარგი განვითარების, ჯანმრთელი კანის, ჯანმრთელი ორგანოების აუცილებელი ატრიბუტი. ჩვენ ბანაობას ვთვლით ერთ-ერთ აუცილებელ კომპონენტად, ოღონდ აქაც გარკვეული უკიდურესობები გვაქვს ხოლმე. უფრო ხშირად ჩვენთან არის შემთხვევა, როდესაც ყოველდღე აბანავებენ ბავშვს. ეს გარკვეულწილად ზედმეტია, ასევე კანზე ზემოქმედების მხრივ არ წარმოადგენს დადებით და პოზიტიურ მომენტს. ყველა ასაკს აქვს ბანაობის თავისი სიხშირე და თავისი წესი, ყველა ბანაობას აქვს თავისი ხანგრძლივობა.“
ივანე ჩხაიძის თქმით, მკაფიოდ არის განსაზღვრული ის ასაკი, როდესაც ბავშვმა ყოველდღიურად უნდა იბანაოს:
„ბანაობისთვის 5-10 წუთი არის განსაზღვრული, როგორც ოპტიმალური დრო. ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით ბევრი სტერეოტიპი არსებობს. ჩვენ მკაფიოდ გვაქვს განსაზღვრული ასაკი, როდესაც ბავშვმა უნდა იბანაოს ყოველდღე. ეს ასაკი პირდაპირ არის მითითებული. 12 წლის ზემოთ სასურველია, რომ ბანაობა იყოს ბავშვის ყოველი დღის შემადგენელი აუცილებელი ნაწილი. უფრო მცირე ასაკის ჯფუფში, განსაკუთრებით წლამდე ასაკში, არანაირი აუცილებლობა ყოველდღიური ბანაობის არ არის. აუცილებელია იმ ჰიგიენური პროცედურების შესრულება, რასაც ნაწლავთა მოქმედების ან მოშარდვის შემდეგ აკეთებს მშობელი. ეს არის აუცილებელი კომპონენტი. დაბანა და კანის მოვლა ყოველთვის სინონიმი არ არის. თორმეტ წლამდე ასაკში დაბანის სიხშირე განსაზღვრული გვაქვს 2-3-ჯერ კვირაში.“
ივანე ჩხაიძემ კვების დროს ბავშვებისთვის მულტფილმების ყურების შესაძლებლობის მიცემა ნეგატიურად შეაფასა. მისი თქმით, ეს მშობლების მიერ ბავშვისთვის შეთავაზებული არასწორი გამოსავალია, რომელსაც პედიატრები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არ არის ბავშვის გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენ მიერ შეთავაზებული გამოსავალი. კვების მსგავსი ხერხი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გამოიყენება. კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ კვების დროს სმარტფონების გამოყენების. ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციებით მაქსიმუმ ნახევარი საათია ეკრანთან კონტაქტი დაშვებული სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის."
„მშობლები, რომლებიც დღეში 5-6-ჯერ აძლევენ საკვებს ბავშვს და ბავშვი ამ 5-6 კვების განმავლობაში 5-10 წუთით უყურებს ეკრანს, ეს არის ძალიან ცუდი. ეს ძალიან ცუდია თვალისთვის, უშუალოდ კვების პროცესისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის ალტერნატივა უნდა მოვძებნოთ. მთავარია, რომ არ უნდა დავიწყოთ. ამას იწყებენ ძალიან მცირე ასაკიდან. ბავშვის ყურადღება გადატანილია სრულიად სხვა რამეზე. ამას ძალიან სწრაფად ეჩვევა ბავშვი, ჩვენ შევაჩვიეთ. ეს არ არის მისი მოთხოვნა. რაც სწრაფად გავიაზრებთ, რომ ეს არის ცუდი და რაც უფრო სწრაფად შევცვლით ამ პრაქტიკას, მით უფრო კარგია ბავშვისთვისაც, თქვენთვისაც და კვების პროცესისთვისაც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.