რა საფრთხის წინაშე აყენებს ეკრანდამოკიდებულება ბავშვს და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომ თავიდან აირიდოს მისგან გამოწვეული დაავადებები - აღნიშნულ თემებზე Momsedu.ge-ს ექიმი-პედიატრი, რადიოლოგი ნანა საპანაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნანა, ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მშობლებისთვის. რამდენად დიდია შანსი, ეს პრობლემა გადაიზარდოს დაავადებად?
- ნებისმიერი დამოკიდებულება შეიძლება, გადაიზარდოს დაავადებად. ამ დამოკიდებულებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოთა სისტემის დაავადებები. როგორიც არის ნევროლოგიური, ასევე სხვა ორგანოების, მაგალითად, მხედველობის.
- ეკრანდამოკიდებულება ხელს უწყობს ძილის დარღვევას, თუმცა უფრო კონკრეტულად, რა რისკების წინაშე ვდგებით, როდესაც გამოსხივება ძილის ხარისხზე ახდენს გავლენას ან როგორ შეიძლება გამოვლინდეს ეს პრობლემა? დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე მოვწყვიტოთ ბავშვი ეკრანს?
- დაძინება და ჩაძინებისთვის ორგანიზმში აუცილებელია წარმოიშვას მელატონინი. მელატონინი არის ის ჰორმონი, რომელიც დაძინებას უწყობს ხელს. მისი გამომუშავებისთვის აუცილებელია სიბნელეში ყოფნა. გამოსხივება მთლიანად თრგუნავს მელატონინის გამოყოფას. შესაბამისად, ზოგჯერ მშობლები ბავშვებს რომ ჩააწვენენ ლოგინში, ჩაურთავენ ტელეფონს და ჰგონიათ, ჩაეძინება ბავშვს, ეს არის მცდარი შეხედულება. გამოსხივება ჩაძინების გახანგრძლივებაზე მოქმედებს. ძილისწინ უმჯობესია რაიმე რუტინული სამუშაო, თუნდაც აბაზანის მიღება, მშობლებმა უნდა გამონახონ დრო, მიუჯდნენ, ზღაპარი წაუკითხონ, ანუ გაჯეტი ჩაანაცვლოს მშობელმა, ბებიამ ან აღმზრდელმა.
- მშობლებმა დღეში რამდენ ხანს უნდა გამოიყენოს 5 წლამდე ასაკის ბავშვთან ციფრული ტექნოლოგია, რომ არ დადგეს ბავშვის განვითარების საფრთხე?
- ორ საათზე მეტი ნამდვილად არ შეიძლება, ესეც მაქსიმუმ და არავითარ შემთხვევაში ამ ორი საათის განმავლობაში გადაბმულად არ უნდა უყურებდეს ტელევიზორს და არ უნდა ეჭიროს ხელში გაჯეტი.
- რატომ არ უნდა გავართოთ ბავშვი სმარტფონებით ჭამის დროს?
- ჭამა არის თვითონ ისეთი პროცესი, რომლის შემდეგ იწყება დანაყრება და კუჭში ჩასული საჭმელი ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დანაყრდა, ამიტომ მთელი ყურადღება მომართული უნდა იყოს ჭამის პროცესზე. როდესაც ჩვენ ბავშვს ვართობთ, მისი ყურადღება გადადის სხვა რამეზე, თუნდაც ტელევიზორზე, მობილურზე. ბავშვი მექანიკურად აღებს პირს და ყლაპავს, შესაბამისად, ვერ კონცენტრირდება უშუალოდ ჭამის პროცესზე. ამ კვების ჩამოყალიბებას ეწოდება „შეუმჩნეველი კვება“. შემდგომში უკვე ყალიბდება მანკიერი რეფლექსი, როდესაც ტელევიზორის ყურების დროს ერთობა და ისე ჭამს, ვერ აკონტროლებს მიღებული საკვების რაოდენობას. სწორედ ეს ხდება სიმსუქნის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
- დღესდღეობით, მშობლების დიდი ნაწილი საჭიროდ თვლის, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეს მობილური გაატანოს სკოლაში, ბავშვები ამას ცუდად იყენებენ, უქვეითდებათ სწავლის სურვილი, ექმნებათ მხედველობასთან ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიუდგნენ ამ ასაკის ბავშვებს?
- მოდით, დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ დროში მობილურის გარეშე არსებობა თითქმის შეუძლებელია. იმისთვის, რომ დედა შვილს დაუკავშირდეს საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციებში, მობილური კავშირი არის აუცილებელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მობილურში, რომელიც მიაქვს, იყოს ჩატვირთული უამრავი თამაში და ერთობოდეს გაკვეთილების პროცესში. ბავშვი უნდა მივაჩვიოთ, რომ მობილური მისთვის იყოს კავშირის აუცილებელი საშუალება. რა თქმა უნდა, პირველ ან მეორეკლასელ ბავშვს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება იმას, თუ რას ვურჩევდი მშობლებს, ეკრანთან ბავშვის დიდი ხანი ყოფნა შეამცირონ და გაზარდონ ბავშვთან პირადი ურთიერთობა, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის აუცილებელია თამაში. თუ ჩვენ დიდხანს მივუშვებთ ბავშვს ტელეფონთან, შესაძლებელია მისი შიდა ჩაკეტილობა გამოვიწვიოთ, ურთიერთობა აღარ მოუნდეს დარჩენილ სამყაროსთან და აუტისტური სპექტრის აშლილობასაც შეუწყოს ხელი.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
8 მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩავეხუტოთ შვილებს
ჩახუტება დედებისა და შვილებისთვის ბედნიერების მომტანია. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიზეზი, თუ რატომ არის ის ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი.
1. ჩახუტება გაღიზიანებულ ბავშვს ამშვიდებს
ყველამ ვიცით, როგორ ახარებს ბავშვს ჩახუტება. ის გაღიზიანებულ და განერვიულებულ ბავშვს სწრაფად ამშვიდებს. კლივლენდის კლინიკის კვლევებით დადგინდა, რომ ძლიერ ჩახუტებას ტანტრუმის დროს ბავშვის დამშვიდება შეუძლია. ჩახუტების დროს ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონე ეცემა. როდესაც ბავშვს ეხუტებით, მისი კუნთები დუნდება, სისხლის ცირკულაცია კი უმჯობესდება. ეს ყოველივე ძლიერი ემოციების აღმოცენებისას ორგანიზმს ადეკვატური ფიზიოლოგიური რეაქციის აღმოცენებაში ეხმარება.
2. ფიზიკური შეხება ბავშვის შიშებს ამცირებს
ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რათა შფოთვისა და შიშის შემცირებაზე ფიზიკური შეხების გავლენა შეეფასებინა. კვლევებით დადგინდა, რომ თუნდაც რამდენიმე წამით ფიზიკურ შეხებას შფოთვის და შიშის შემცირება შეუძლია. მშობლებს შეშინებული ბავშვის დამშვიდება ხელის ჩაკიდებით ან ჩახუტებით შეუძლიათ. თქვენი ერთი შეხებაც კი ბავშვს აგრძნობინებს, რომ საშიში არაფერია და ყველაფერი კარგად იქნება.
ბავშვებს ხშირად აწუხებთ სურდო, ხველა და ყელის ტკივილი. იცოდით, რომ მათი იმუნიტეტის გაძლიერება უფრო ხშირი ჩახუტებითა და მოფერებითაც არის შესაძლებელი?! კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ხშირად ეხუტებიან, ვირუსული ინფექციებით იშვიათად ავადდებიან. ამასთან, თუ ისინი დაავადდებიან მსგავსი ინფექციით, მათთან ავადმყოფობა შედარებით მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს.
5. ფიზიკური შეხება ბავშვის ტვინის ფუნქციებს აუმჯობესებს
ჩახუტება ბავშვის ტვინის განვითარებისთვის ძალიან სასარგებლოა. „Medical Daily” – ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რამდენიმე კვლევით დასტურდება, რომ ჩახუტება ბავშვის ტვინს მრავალმხრივ ავითარებს. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მშობლებთან ჩახუტების სიხშირე ბავშვის ტვინის ზომაზე ახდენს გავლენას. უკეთ განვითარებული ტვინი ბავშვს მეტად გონიერს ხდის და ის უფრო ემპათიურ ადამიანად ყალიბდება. უკეთ განვითარებულ ტვინს სწავლისა და შემეცნების მეტი შესაძლებლობა აქვს.
6. ჩახუტება ოქსიტოცინის გამომუშავებას უწყობს ხელს
ოქსიტოცინს სხვაგვარად სიყვარულის ჰორმონის სახელითაც ვიცნობთ. პენსილვანიის მედიცინის სკოლის დასკვნით, ხშირი ჩახუტება და კოცნა ბავშვის ძილს აუმჯობესებს, სტრესს ამცირებს, ხოლო გულს უფრო ჯანმრთელსა და ძლიერს ხდის.
7. ჩახუტება ბავშვს ემოციების რეგულაციის უნარის შეძენაში ეხმარება
ბავშვები ემოციების რეგულირების უნარით არ იბადებიან, ისინი ამას მშობლებისგან სწავლობენ. ემოციური ბავშვის ჩახუტებისას მას არამხოლოდ დამშვიდებაში ეხმარებით, არამედ ის აცნობიერებს, რომ მას ემოციების რეგულაციის უნარი აქვს. ამგვარად ბავშვები სწავლობენ, რომ ყველაზე ძლიერი ემოციების გაკონტროლებაც შეუძლიათ. ისინი ნელ-ნელა აცნობიერებენ, როგორ უნდა გადალახონ ცხოვრებისეული სირთულეები.
8. ფიზიკური შეხება მშობელსა და შვილს შორის კავშირს აძლიერებს
ჩახუტების ყველაზე დადებითი შედეგი ის არის, რომ მისი დახმარებით თქვენსა და ბავშვს შორის არსებული კავშირი მყარდება. ჩახუტება ბავშვს აგრძნობინებს, რომ მას თქვენი ნდობა შეუძლია. ის თავს უფრო უსაფრთხოდ გრძნობს, როდესაც გეხუტებათ. ეს ყოველივე თქვენც გეხმარებათ, რომ შვილთან კავშირი განამტკიცოთ და თქვენი ურთიერთობა გაამყაროთ.