Baby Bag

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს ​სიტყვა-სიტყვით:

„ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ) რეკლამა შემხვდა, სადაც ისინი დაბეჯითებით წერდნენ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის რადიოლოგიური კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ყველა კოვიდგადატანილი პაციენტისთვის!
მინდა ცალსახად და ხაზგასმით აღვნიშო, რომ ეს ასე არ არის! ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, ზემოაღნიშნულის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს!
რა არის კტ?
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კტ ახდენს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენოლოგიური სურათების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის ორგანოთა შრეობრივ ვიზუალიზაციას.

​შესაბამისად, კტ გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიდრე რენტგენი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშოთ, რომ მის ინფორმატიულობასთან და მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებასთან ერთად, გაცილებით უფრო მეტია დასხივების დონე, ვიდრე რენტგენის შემთხვევაში.

​დასხივების დოზა, ისაზღვრება სივერტებში (mSv).

მაგალითად, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის შემთხვევაში, მოზრდილი ადამიანი სხივდება 0.1 mSv-ით, რაც უდრის დაახლოებით 10 დღის ბუნებრივი დასხივების დოზას, როგორსაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

​გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში კი 7mSv, რაც 2-წლიანი, ბუნებრივი დასხივების დოზას უდრის! და ეს, არც ისე ცოტაა!

​აქედან დასკვნა: კტ კვლევა უნდა ჩატარდეს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით!

​ყველა ჩვენებას აქ ვერც და არც ჩამოვთვლი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ კტ კვლევა არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს!

​ასე რომ, ძალიან გთხოვთ, პაციენტებს თქვენი ინიციატივით ან/და ასეთ რეკლამებზე დაყრდნობით, ნუ ჩაიტარებთ ზემოაღნიშნულს კვლევას!

​P. S. აქვე, უაღრესად დიდ პატივს ვცემ ამ კვლევას და ჩემს მეგობარ რადიოლოგებს, მაგრამ ყველაფერი საჭიროებისამებრ, საჭირო დროს.

​P. S. S. პოსტი კლინიკამ უკვე აიღო.

​იმედი მაქვს, სხვებიც გაითვალისწინებენ“, - წერს ექიმი საკუთარ ბლოგზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინციცირებული პაციენტების უმრავლესობა ბაღის ან უფრო მცირე ასაკის ბავშვია

ციციშვილის კლინიკაში კოვიდინციცირებული პაციენტების უმრავლესობა ბაღის ან უფრო მცირე ასაკის ბავშვია

ციციშვილის კლინიკაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა. „ბავშვთა ახალი კლინიკის“ დირექტორი დავით რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში მძიმე პაციენტები არ იმყოფებიან:

„კრიტიკულად მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე კლინიკაში არ გვყავს. ​ძირითადად მომართვიანობა არის მცირეწლოვანი ბავშვების, ანუ ბაღისა და უფრო მცირე ასაკის ბავშვების. კლინიკას ასევე მომართავენ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები.“

​კლინიკაში მყოფი პაციენტების მშობლებიდან მხოლოდ ერთი არის ვაქცინირებული,“ - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.

დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი, ხოლო 43 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო: პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად