Baby Bag

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

„კომპიუტერული ტომოგრაფია არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ანი ქავთარაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს ​სიტყვა-სიტყვით:

„ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ) რეკლამა შემხვდა, სადაც ისინი დაბეჯითებით წერდნენ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის რადიოლოგიური კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ყველა კოვიდგადატანილი პაციენტისთვის!
მინდა ცალსახად და ხაზგასმით აღვნიშო, რომ ეს ასე არ არის! ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, ზემოაღნიშნულის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს!
რა არის კტ?
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კტ ახდენს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენოლოგიური სურათების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის ორგანოთა შრეობრივ ვიზუალიზაციას.

​შესაბამისად, კტ გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიდრე რენტგენი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშოთ, რომ მის ინფორმატიულობასთან და მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებასთან ერთად, გაცილებით უფრო მეტია დასხივების დონე, ვიდრე რენტგენის შემთხვევაში.

​დასხივების დოზა, ისაზღვრება სივერტებში (mSv).

მაგალითად, გულ-მკერდის რენტგენოგრაფიის შემთხვევაში, მოზრდილი ადამიანი სხივდება 0.1 mSv-ით, რაც უდრის დაახლოებით 10 დღის ბუნებრივი დასხივების დოზას, როგორსაც ჩვენ მუდმივად ვიღებთ მთელი ცხოვრების მანძილზე.

​გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში კი 7mSv, რაც 2-წლიანი, ბუნებრივი დასხივების დოზას უდრის! და ეს, არც ისე ცოტაა!

​აქედან დასკვნა: კტ კვლევა უნდა ჩატარდეს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით!

​ყველა ჩვენებას აქ ვერც და არც ჩამოვთვლი, მაგრამ კიდევ ერთხელ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით, რომ კტ კვლევა არც ყველა კოვიდინფიცირებულს ესაჭიროება და არც ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს!

​ასე რომ, ძალიან გთხოვთ, პაციენტებს თქვენი ინიციატივით ან/და ასეთ რეკლამებზე დაყრდნობით, ნუ ჩაიტარებთ ზემოაღნიშნულს კვლევას!

​P. S. აქვე, უაღრესად დიდ პატივს ვცემ ამ კვლევას და ჩემს მეგობარ რადიოლოგებს, მაგრამ ყველაფერი საჭიროებისამებრ, საჭირო დროს.

​P. S. S. პოსტი კლინიკამ უკვე აიღო.

​იმედი მაქვს, სხვებიც გაითვალისწინებენ“, - წერს ექიმი საკუთარ ბლოგზე.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

როგორ განვასხვავოთ კოვიდ-19-ისა და გრიპის სიმპტომები? - ამ თემაზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა. 

„კოვიდ-19 ძალიან დაემსგავსა ზემო სასუნთქი გზებით მიმდინარე სხვა ინფექციებს, ვერც ერთ ექიმს ვერ ექნება იმაზე პრეტენზია, რომ სიმპტომებით შეუძლია გაარჩიოს. სურდო ფაქტობრივად არ იყო სიმპტომი და ახლა პირველ ადგილზე გადმოინაცვლა დელტა შტამის შემთხვევაში. ამიტომ მარტივი გამოსავალია მხოლოდ ტესტირება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ რასაც არაერთხელ ვამბობთ: ტესტირება არ ნიშნავს 100%-ში დიაგნოზის დასმას, შეიძლება ტესტი იყოს უარყოფითი და მაინც გვქონდეს კორონავირუსი. ყველა შემთხვევაში, როცა სიმპტომები გვაქვს, უნდა მოვერიდოთ ადამიანებს. უარყოფითი პასუხის დროსაც სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, უნდა მოვერიდოთ ხალხს. პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება იყოს კოვიდი და ტესტი არ აჩვენებდეს და მე-2 - რა მნიშვნელობა აქვს კოვიდია თუ სხვა ინფექცია, ჩვენ მაინც უნდა მოვერიდოთ სხვა ადამიანებს და არ უნდა გადავდოთ. 

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, არ არსებობს გაციება, ეს ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციებია, გადამდებია ადამიანი და ამიტომ როცა გვაქვს სიმპტოები, ჩვენ სხვებისთვის საფრთხეს წარმოვადგენთ,“ - აღნიშნა მაია ბუწაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

წყარო: ​„პირადი ექიმი მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად