როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ზოგჯერ ექიმები იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან და ნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლითაც გულს უხარებენ ფარმაცევტულ კომპანიებს,“ - გოგიტა გეგელაშვილი
ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა ექიმების მიერ ფარმაცევტული კომპანიების საამებლად პაციენტებისთვის წამლების დანიშვნის პრაქტიკა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ექიმები ზოგჯერ იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან:
„ზოგჯერ ექიმები იბრალებენ, რომ ყველაფერში ერკვევიან. მოაზროვნის პოზას მიიღებენ და ნიშნავენ ისეთ წამლებს, რომლითაც გულს უხარებენ ფარმაცევტულ კომპანიებს. იმის მაგივრად, რომ იმედი ჩაუსახონ ადამიანს და მთავარი სამკურნალო იარაღი, ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება, საკუთარ თავზე მუშაობა ურჩიონ, უშვებენ აფთიაქში იმედის საყიდლად. როდესაც ექიმი ხედავს, რომ პაციენტზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, შეუძლია არ უთხრას ეს ამ სიტყვებით: „აიყვანე შენი თავი ხელში.“ „აიყვანე შენი თავი ხელში“ მას ესმის ლოჯში, აივანზე, მეზობელთან, იტალიურ ეზოში.“
გოგიტა გეგელაშვილის თქმით, ექიმები სცოდავენ, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების საამებლად სხვადასხვა პრეპარატს ნიშნავენ:
„კი ბატონო, ექიმები სცოდავენ, როდესაც ფარმაცევტული კომპანიების საამებლად ნიშნავენ ანტიოქსიდანტებს, ჟანგბადის წვეთებს. შეიძლება, რომ ჟანგბადი, რომელიც შეიწოვება ფილტვებიდან, კუჭიდან იწოვებოდეს და ჟანგბადის წვეთები დალიო ადამიანმა XXI საუკუნეში?! ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ უნდა მივიდეთ ექიმთან წამლის გამოსაწერად. ექიმიც ცდილობს, პაციენტს გამოუწეროს წამალი. აგრესიას გამოხატავენ და ფულის დაბრუნებას ითხოვენ, როდესაც შენ ასწავლი ჯანსაღი ცხოვრების წესს. დასავლეთში გახარებული გამოდის ადამიანი ექიმის კაბინეტიდან, თუ წამალს არ დაუნიშნავენ. ჩვენთან თუ წამალი დაგინიშნეს, თან ძვირიანი, კმაყოფილი ხარ. ამაში იხარჯება დრო.“
„როდესაც პაციენტი ითხოვს მარტო წამალს, გაურბის პასუხისმგებლობას. ავადმყოფობის მართვა მიმდინარეობს, უნდა გაირჩეს, რა გააკეთოს პაციენტმა და რა გააკეთოს ექიმმა. რეპეტიტორთან დაჰყავთ ბავშვი ინგლისურის სასწავლებლად. თუ არ იმუშავა და იმეცადინა სახლში, რეპეტიტორის რა ბრალია?! მთავარი ინსტრუმენტი არის საკუთარ თავზე მუშაობა. ქრონიკული დაღლილობის სინდრომის მქონე პაციენტები არიან ზარმაცები. 1000 ლარის წამალს იყიდიან და რომ ეუბნები: „ბევრი წყალი დალიე,“ გპასუხობენ: „იცით, მე არ შემიძლია წყლის დალევა, არ შემიძლია ვარჯიში, დაღლილი ვარ.“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის შეგულიანებას და იმედს. როდესაც პაციენტი მოდის და იხდის ფულს, მან უნდა მიიღოს იმედი. ეს იმედი თუ გადაეცი პაციენტს, ნაკლები წამალი დასჭირდება, ნაკლები ქიმია დასჭირდება, არ დასჭირდება ინტერნეტით გამოწერა რეკლამირებული პრეპარატების,“ - აღნიშნულ საკითხებზე გოგიტა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.