როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე
პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ტყვიით მოწამვლის მზარდი შემთხვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა საგანგაშო არ არის:
„მე არასდროს მიმითითებია პაციენტისთვის, რომ ტყვიის შემცველობა განსაზღვროს სისხლში. თვითონ იკეთებენ ანალიზს. არ უნდა ავყვეთ პანიკას. საყურადღებოა, საგანგაშო სიტუაცია არ გვაქვს. ათი პაციენტიდან მყავდა ორი ბავშვი, ერთს ჰქონდა 120, მეორეს - 122. აღმოჩნდა, რომ სახლში ჰქონდათ დიდი რაოდენობით სათამაშოები. მათ არანაირი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონდათ, თვითონ გაუკეთა მშობელმა ანალიზი. რა უნდა ვურჩიო ამ დროს? ერთადერთი სიმინდს გააჩნია ტყვიის გამომძევებელი ეფექტი, მჭადი, ღომი შევთავაზე. სისხლის ანალიზი გავაკეთე, რკინა განვსაზღვრე, ორივე იყო ნორმა. რკინაც მაღალი იყო, ჰემოგლობინიც, სისხლში არანაირი პარამეტრი არ იყო პრობლემა, კალციუმი იყო ნორმა. ასეთ ბავშვს ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება. ტყვია ვერ ჩაჯდება მის ორგანიზმში, თუ სწორად იკვებება. მეორე პრობლემა შეიძლება იყოს სიმსუქნე. ასეთ პაციენტთან ექვსი თვის სწორი კვების შემდეგ ტყვიამ უნდა დაიწიოს. ეს არ არის კატასტროფა.“
თემურ მიქელაძის თქმით, ყველაზე რთულია ბავშვების ტყვიით მოწამვლის გამომწვევი წყაროს მიგნება:
„მთავარი და ყველაზე რთული ეტაპი არის წყაროს მიგნება, თუ რა გვწამლავს. ეს არის საკმაოდ დიდი სამუშაო. თუ გახსოვთ, სუნელებზე იყო საუბარი. აღმოჩნდა, რომ სუნელები დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს. აღმოჩნდა, რომ თუ მაღალმთიან რეგიონებში, მაგ. სვანეთში იქნება ეკოლოგიურად სუფთად დამზადებული ეს სუნელები, არანაირ ტყვიას არ შეიცავს. ტყვიას შეიცავდა კუსტარულად წარმოებული სუნელები. ამ სუნელებში სხვადასხვა საღებავია დამატებული, რომ მოცულობა გაიზარდოს. ქართული წარმოების სუნელი, რომელიც არის ფერმერის მიერ კეთილსინდისიერად მოყვანილი, არასდროს არ შეიცავს ტყვიას.“
თემურ მიქელაძემ ტყვიით მოწამვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სათამაშოები დაასახელა:
„ბავშვებში ტყვიით მოწამვლის ძირითადი მიზეზი არის სათამაშოები, ეს არის გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ. განსაკუთრებით ორიდან შვიდ წლამდე ბავშვები არიან სოციალურად აქტიურები, ბაღში მიდიან, სკოლაში იწყებენ სიარულს. მათ უფრო მეტი შეხება აქვთ ამ მავნე, მომწამვლელ ნივთებთან. თქვენ თუ შეხვალთ სათამაშოების მაღაზიებში, სპეციფიკურ სუნს იგრძნობთ. მე სულ ვეუბნები იქ მომსახურე პერსონალს, თქვენ როგორ ჩერდებით აქ-მეთქი. ეს არ არის მარტო ტყვიის შემცველობა, იქ არის სხვა მავნე, მომწამლავი ნივთიერებები. ეს ყველა სათამაშოების მაღაზიას არ ეხება, რა თქმა უნდა. შევსულვარ ისეთი სათამაშოების მაღაზიებში, რომლებიც ორჯერ მეტი ღირს და იქაც შეიძლება იყოს ეს სუნი. იქ არის სხვა მავნე ნივთიერებები, რომლებიც უფრო სწრაფად იწვევენ მოწამვლას.“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საყურადღებო სიტუაცია გვაქვს, მაგრამ საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. ეს არ უნდა მივუშვათ, არ უნდა გამოგვრჩეს ჩვენი თვალთახედვიდან. იმისთვის, რომ არ განვითარდეს ტყვიით მოწამვლა, მაქსიმალურად ბავშვები უნდა გვყავდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. წელიწადში ორჯერ უნდა გავიყვანოთ ბავშვი ქალაქიდან. არ არის აუცილებელი ეს იყოს მაღალფასიანი კურორტი, შეიძლება სოფელში წახვიდე. ადრეული ასაკის ბავშვი ზამთარში უნდა წავიყვანოთ ზამთრის კურორტზე, ზაფხულში ზაფხულის კურორტზე. ოქროს სტანდარტი ბავშვთა კვებაში არის დედის რძე. მაქსიმალურად უნდა მივიღოთ მაღალხარისხიანი საკვები პროდუქტები. სჯობს სათამაშოში საერთოდ არაფერი გადავიხადოთ და ის თანხა გადავიხადოთ ჯანსაღ საკვებში. ჯანსაღი საკვები არამარტო ტყვიით მოწამვლას, არამედ სხვა პათოლოგიებსაც აგვაცილებს,“ - აღნიშნულ თემაზე თემურ მიქელაძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.