როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
5 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვატაროთ ნიღაბი ვაქცინაციის შემდეგ
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ ვაქცინაციის დაწყებიდან გარკვეული დროის მანძილზე, ვიდრე მოსახლეობას კოვიდის მიმართ მყარი იმუნიტეტი არ ჩამოუყალიბდება, ნიღბის ტარება კვლავ ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად დარჩება. ვაქცინაციის შემდეგ ნიღბის ტარების საჭიროებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შესახებ ჩვენს სტატიაში გესაუბრებით.
1. ვაქცინას 100 %-იანი ეფექტიანობა არ აქვს
ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინები 95 %-იანი ეფექტიანობით გამოირჩევიან, რაც კვლევებითაც არის დადასტურებული. მიუხედავად ამისა, ვაქცინაციის შემდეგ ყოველი ოცი ადამიანიდან ერთი კვლავ დაუცველია და ინფიცირების მაღალი რისკი აქვს. ვაქცინები კონტროლირებად გარემოში, კლინიკურ სივრცეში გამოიცადა. არაკონტროლირებად გარემოში მათი ეფექტიანობა იკლებს. ვაქცინების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად განაპირობებს მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების ზედმიწევნით დაცვა. წესებიდან ნებისმიერი გადახვევა ვაქცინის ეფექტიანობაზე გავლენას ახდენს.
2. ვაქცინის ეფექტი მყისიერი არ არის
არცერთი ვაქცინა მისი გაკეთებისთანავე არ ავლენს სასურველ ეფექტს. ორგანიზმს ორი კვირა მაინც სჭირდება ვირუსის ბლოკირებისთვის საჭირო ანტისხეულების გამომუშავებისთვის. კოვიდის ვაქცინის შემთხვევაში, ეს დრო კიდევ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გრიპის ვაქცინების გაკეთებისას. სასურველი შედეგის მისაღებად მოდერნასა და ფაიზერის ვაქცინის ორი დოზის გაკეთებაა საჭირო. ფაიზერის ვაქცინა სამკვირიანი შუალედით კეთდება, ხოლო მოდერნას ვაქცინა - ოთხკვირიანი. ადამიანი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებიდან პირველი ხუთი-ექვსი კვირის განმავლობაში ვირუსისგან სრულად დაცული არ არის.
3. ვაქცინაციის მიუხედავად, შესაძლოა, ადამიანი იყოს ვირუსის გამავრცელებელი
კოვიდის ვაქცინა ადამიანებს ავად გახდომისგან იცავს, თუმცა არა - ინფიცირებისგან. ისინი, შესაძლოა, მაინც დარჩნენ ვირუსის გამავრცელებლებად, მას შემდეგ, რაც ვაქცინას გაიკეთებენ. მკვლევარებს აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გამოსაკვლევად დრო სჭირდებათ, რათა ზუსტად დადგინდეს, რამდენად უსაფრთხოა ვირუსის გავრცელების მხრივ ის ადამიანი, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა. ვიდრე მეცნიერები ამ მხრივ ვაქცინის ეფექტიანობას გამოიკვლევენ, ნიღბის ტარება საუკეთესო გზაა ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
4. ნიღაბი სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს იცავს
სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ინფიცირების მაღალი რისკი აქვთ. შესაძლოა, ვაქცინამ ვერ შეძლოს მათი დაცვა. იმ ადამიანებს, რომლებსაც ფილტვის სიმსივნე აქვთ, განსაკუთრებით უჭირთ პრევმონიასთან ბრძოლა, რადგან სამკურნალო პროცედურებისგან მათი იმუნური სისტემა მნიშვნელოვნად არის დასუსტებული. ლეიკემია და ლიმფომა იმუნურ უჯრედებს აზიანებს, რის გამოც პაციენტების ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლა უჭირს. ექიმებმა არ იციან, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ვაქცინა, რადგან ისინი არ იყვნენ ჩართული შესაბამის კვლევებში. კვლევების ზოგიერთ მონაწილეს სიმსივნის დიაგნოზი კვლევების დაწყების შემდეგ დაუსვეს. აღნიშნულ პაციენტებს ვაქცინა მხოლოდ 76 %-ით იცავდა. ზოგიერთი ადამიანი ვაქცინას საერთოდ ვერ გაიკეთებს. მართალია, მედიკოსები ალერგიული ადამიანების დიდ ნაწილს ვაქცინაციის ჩატარების რეკომენდაციას აძლევენ, თუმცა მათ, ვისაც პოლიეთილენ გლიკოლზე ან ვაქცინის სხვა კომპონენტებზე მწვავე ალერგიული რეაქცია აქვთ, ვაქცინა არ გაუკეთდებათ. ვაქცინაცია არ ჩაუტარდებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინის პირველი დოზის გაკეთებისას სახიფათო ალერგიული რეაქცია გამოუვლინდებათ.
5. ნიღაბი კორონავირუსის ნებისმიერი ახალი შტამისგან დაგიცავთ
კორონავირუსმა არაერთი გენეტიკური მუტაცია განიცადა. კვლევებით გდგინდება, რომ ვაქცინა ახალი შტამების მიმართაც ეფექტიანი იქნება. ერთი რამ ცხადია, დისტაციის დაცვა, ჯგუფური თავშეყრისთვის თავის არიდება და ნიღბის ტარება კორონავირუსის ახალი შტამებით დაინფიცირებისგან გვიცავს. ნიღაბი ეფექტიანია სხვა რესპირატორული ვირუსების თავიდან აცილებისთვისაც. მსოფლიო მასშტაბით გრიპის ვირუსის ცირკულაციამ მნიშვნელოვნად მოიკლო მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირების წესების დაცვა დაიწყეს. პანდემიის დასასრულებლად საუკეთესო გზაა არა არჩევანი ნიღაბს, დისტანციას და ვაქცინაციას შორის, არამედ მათი კომბინირება. სოციალური დისტანცია, ნიღბის ტარება და ვაქცინაცია საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგვეხმარება.