როგორ მოვუაროთ ზამთარში ბავშვის კანს? - აღნიშულ თემაზე MomsEdu.ge დერმატო-ვენეროლოგ ზაზა თელიას ესაუბრა.
- ზამთარში, სიცივისგან ბავშვებს ხშირად უწითლდებათ და უუხეშდებათ კანი, როგორ მოვუაროთ ამ პერიოდში პატარების კანს?
- ზოგადად, ბავშვებს უფრო თხელი კანი აქვთ და შესაბამისად, ისინი უფრო მეტად რეაგირებენ გარემო გამაღიზიანებელ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურის ცვლილება, წყალთან ხშირი შეხება, სიცივე, სიცხე და ასე შემდეგ. შესაბამისად, მარტივი რჩევა, რითაც კანს დავიცავთ, არის მისი სწორად დატენიანება. დამატენინებელი საშუალება არა მარტო ატენიანებს და ბოჭავს წყალს, არამედ ის ქმნის დამცავ ბარიერულ შრეს კანზე და შესაბამისად, კანი უფრო ნაკლებად ღიზიანდება და ნაკლები ეფექტი ექნება მასზე სიცივესა და სიცხეს.
- საჭიროა თუ არა ბავშვს დამატენიანებელი მთელ ტანზე წავუსვათ?
- შესაძლებელია, მთელ სხეულზე მოხდეს დატენიანება. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი ტიპის კანი აქვს ბავშვს. თუ მიდრეკილება აქვს სიმშრალისკენ, რა თქმა უნდა, აქ რეკომენდებულია „აგრესიული“ დატენინება. განსაკუთრებით ბანაობის შემდეგ დაუყონებლივ უნდა მოხდეს დატანიანება. დროის გასვლის შემდეგ, თუნდაც ერთი წუთის მერე თუ დავატენიანებთ, სამწუხაროდ, აზრს კარგავს, რადგან როგორც ვთქვით, დამატენინებელი ბარიერს ქმნის, რომ კანიდან წყლის აორთქლება არ მოხდეს. შესაბამისად, თუ ბავშვს კანის სიშრალისკენ აქვს მიდრეკილება, უფრო „აგრესიულად“ უნდა დავატენიანოთ, თუ არ აქვს სიმშრალისკენ მიდრეკილება, შესაძლებელია უფრო მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება და უფრო იშვიათად დატენიანება.
- რა რჩევას მისცემთ მშობლებს, სახლის პირობებში რა ბუნებრივი საშუალება შეიძლება, გამოიყენონ ბავშვის გამომშრალი და გაღიზიანებული კანისთვის?
- საუკეთესო დამატენიანებელი და ასევე ყველაზე იაფი საშუალება არის თეთრი ვაზელინი. სუფთა თეთრი ვაზელინი გამოიყენება არა მარტო კანის დასატენიანებლად, არამედ დამცავი ეფექტიც გააჩნია და მეტსაც გეტყვით, თეთრი ვაზელინის გამოყენება ასევე ძალიან ეფექტურია მცირე ჭრილობებზე, როდესაც ბავშვი წაიქცევა და კანს გადაიტყავებს. ამ შემთხვევაში, თეთრი ვაზელინი ეხმარება და უზრუნველყოფს შეხორცების პროცესს, აჩქარებს და ამცირებს ნაწიბურის განვითარების ალბათობის რისკს.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ამ ვირუსისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მან შეიძლება ყველა სისტემის მხრივ მოგვცეს თავისი გამოვლინება,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს ბავშვებში ყველაზე საგანგაშო და საყურადღებო სიმპტომების შესახებ საუბრობს. მისი თქმით, შეუპოვარი ტემპერატურა და ხველა აუცილებლად მოითხოვს მედიკოსების მეთვალყურეობას:
„შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ზოგადად გამოირჩევა მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ამის გამავრცელებლები ყოველთვის იყვნენ ჩვენი ბავშვები. ბავშვებში განსაკუთრებული ნიშნები, რაც შეიძლება გამოვყო, ეს არის ცხვირის გაჭედვა, ტემპერატურა. გრიპისგან განსხვავებით არ არის მაღალი ცხელება დამახასიათებელი, ტემპერატურა უფრო 38,5 გრადუსამდეა ხოლმე. გვხვდება დიარეა, პირღებინება. ბოლოს მნიშვნელოვნად გახშირდა კონიუქტივიტები და სტომატიტები ბავშვთა ასაკში. ბავშვები პოსტკოვიდურ პერიოდში დაჰყავთ სხვადასხვა კვლევებზე. ეს ნამდვილად არ არის საჭირო. ნუ შეაწუხებენ კოაგულოგრამების, D-დიმერების ანალიზებით. მსუბუქი და საშუალო ფორმების შემთხვევაში, შეგვიძლია გადავაკონტროლოთ მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზი.“
ინგა მამუჩიშვილის თქმით, მოზარდებში სიმპტომატიკა უფრო მრავალფეროვანია:
„მოზარდებში შემიძლია გამოვყო ნევროლოგიური სიმპტომატიკა, როგორიც არის თავის ტკივილი, წელის ტკივილი, მიალგია, რევმატიული ნიშნები, როგორიც არის ძვლებისა და სახსრების ტკივილი. კოვიდი იმდენად მრავალფეროვანია თავისი კლინიკური გამოვლინებით, რომ მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ, მე ასე ვამბობ ხოლმე ხშირად. მან შეიძლება ყველა სისტემის მხრივ მოგვცეს თავისი გამოვლინება. ყოველთვის უნდა მივაქციოთ ყურადღება ბავშვის ზოგად მდგომარეობას. თუ ბავშვი სწრაფად იღლება, თუ ის ლეთარგიულია, თუ სითხეს არ სვამს, აქვს შეუპოვარი ცხელება, 39-40 გრადუსი, არ ემორჩილება მედიკამენტებს რამდენიმე დღის განმავლობაში, თუ ხველა არის შეუპოვარი, იწყება ქოშინი, სუნთქვაში ნეკნებს შორის არის მონაწილეობა, ნესტოების ბერვა, ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა მივმართოთ 112-ს ან ოჯახის ექიმს და გადავიყვანოთ ბავშვი კლინიკაში.“
კოვიდის გადატანის შემდგომ ფილტვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს პულმონოლოგი კახა ვაჭარაძე:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის პოსტკოვიდურ მართვას. პაციენტებს თვეების განმავლობაში მიჰყვებათ ისეთი სინდრომები, როგორიცაა: ნერვული აშლილობები, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ხველა, ქოშინი, რაც ყველაზე საშიშია. გაცილებით უფრო ხანგრძლივად რჩება გულ-მკერდის არეში ტკივილი, ჰაერის უკმარისობა და ქოშინი. ფილტვი მეტ-ნაკლებად ყველა პაციენტთან ზიანდება.“
„გართულებების გამოსავლენად უპირატესია ტომოგრაფიული კვლევა, რომლის ჩატარება კვირაში ერთხელ არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ის გაკეთდეს დასაწყისში, აუცილებლობის შემთხვევაში ორი კვირის შემდეგ და ექვსიდან-რვა კვირის შემდეგ. ეს უნდა გაკეთდეს ექიმის დანიშნულებით. პაციენტებმა არ უნდა დაიწყონ თვითშემოქმედება და თვითმკურნალობა. შემდგომში აუცილებელია გაკეთდეს კოაგულაციური სისტემის კონტროლი, ანთების მარკერები: ეს არის სისხლის საერთო ანალიზი, D-დიმერი. თუ გვაქვს ბაქტერიული და ვირუსული ფონის გადაჯვარედინება, დიდი სიფრთხილითაა მიდგომა საჭირო. აქ წყდება ანტიბიოტიკოთერაპია დავიწყოთ თუ არა პაციენტთან,“ - აღნიშნულ საკითხებზე მედიკოსებმა ტელეკომპანია რუსთავის ორის გადაცემაში „თქვენი კლინიკა“ ისაუბრეს.