დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს,“ - ნანა ტატიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა იმ სიმპტომებისა და ნიშნების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. მისი თქმით, ასეთ დროს ბავშვის აქტივობა ჩვეულებრივი არ არის:
„ბავშვს როდესაც რამე სერიოზული პრობლემა უჩნდება, ის უარს ამბობს კვებაზე, დუნდება, მისი აქტივობა არ არის ჩვეულებრივი. ეს არის განგაშის ნიშანი. რაც შეეხება თავის ტკივილს, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ბავშვის თავის გარშემოწერილობის ზრდა. ბავშვთა ასაკში თავის ტკივილი შეიძლება იყოს მხოლოდ ქალასშიდა წნევის მატებით, რაც, საბედნიეროდ, არის ძალიან იშვიათი. ის არის ძალიან ადვილად შესამჩნევი პედიატრიული ვიზიტის დროს. ამ დროს თავის ზომა გარშემოწერილობაში იზრდება გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ეს ნორმას შეეფერება.“
ნანა ტატიშვილმა აღნიშნა, რომ ქალასშიდა წნევის მატებისას ყიფლიბანდი იჭიმება და ამოიბურცება:
„ყიფლიბანდის შესახებ ბევრია ხოლმე მშობლებისგან ჩივილი, წუხილი, სხვადასხვა მითები. თუ არის ქალასშიდა წნევის მატება, ნამდვილად იზრდება თავის გარშემოწერილობა, ყიფლიბანდი ამოიბურცება, იჭიმება. როგორც კარგად გაბერილი ბუშტი, რომლის ხელით ჩაზნექა ჩვენ გვიჭირს, ასეთი ხდება ყიფლიბანდი. ეს შემთხვევები არის ძალიან იშვიათი, საბედნიეროდ. მათ სჭირდებათ მხოლოდ ნეიროქირურგიული მკურნალობა. ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. პედიატრიული ვიზიტის დროს პედიატრები ზომავენ თავის გარშემოწერილობას. თუ ის ნორმის ფარგლებშია და მშობელს მხოლოდ ის აწუხებს, რომ ბავშვის ტირილის დროს ყიფლიბანდი ამოიბერება ან ფეთქავს, ეს ნორმაა.“
„რაც შეეხება ცოტა უფრო მოზრდილი ბავშვების თავის ტკივილს, ითვლება, რომ ექვს წლამდე ასაკში თავის ტკივილი განგაშის საგანს წარმოადგენს. შესაძლებელია ამის უკან იმალებოდეს ნერვული სისტემის სერიოზული დაავადება. თავის ტკივილი ძალიან ხშირია, მაგრამ მისი 1 %-ია საშიში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბავშვი თავის ტკივილის გამო წყვეტს თამაშს, მოქმედებას, წავა და დაწვება, ან თუ ამ თავის ტკივილს მოჰყვება ღებინება. ეს არის განგაშის საფუძველი და აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ტატიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.