დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში, პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე
ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი ყელის ტკივილის თავისებურებებზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ გავარჩიოთ ის ტონზილიტისგან:
„იმის მიხედვით, თუ რა ნაწილიდან შეიჭრა კოვიდი ორგანიზმში, სწორედ იმ ორგანოდან იწყება სიმპტომების გამოკვეთა. კოვიდი არის ვირუსი და ორგანიზმში შეჭრისთვის მას სჭირდება თავისი ბაზა, თავისი გასაღები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმში აღმოჩნდა ასეთი ფერმენტი, რომელიც სასუნთქ გზებში იმყოფება, როგორც ცხვირში, ასევე პირ-ხახაში, ფილტვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუ ვირუსის შეჭრა მოხდა ხახიდან, პაციენტს გამოხატული აქვს ყელის ტკივილი. კარგად რომ გავარჩიოთ, ამ დროს პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება. ადრე ასეც აღწერდნენ პაციენტები, მინა რომ დაგიფხვნია და ჩაგიყლაპავს, აი, ასეთი მჭრელი ტკივილიაო.“
ქეთევან გოცაძის თქმით, კოვიდინფიცირებულებში ყელის ტკივილი მეორე დღიდან უფრო ძლიერდება:
„თუ ეს არის კოვიდი, პირველ დღეს არის ასეთი შეგრძნება. მეორე დღეს ტემპერატურა თუ იმატებს, შესაძლოა, ტკივილმაც მოიმატოს. როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდის ყელის ტკივილი სხვა სახის ყელის ტკივილისგან? მწვავე ტონზილიტის დროს ტკივილი უფრო ძლიერია და ნუშურებში არის ლოკალიზებული, უფრო ზემოთ. კოვიდის ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში. პაციენტი სწორედ ამ ადგილას იდებს ხელს და გეუბნება, რომ აქვს ტკივილი. კოვიდს არ ახასაითებს ჩირქოვანი ნადები. ყლაპვა არ არის ისეთი მტკივნეული. კოვიდ-19-ის დროს ხმა შეცვლილი არ არის.“
ქეთევან გოცაძე უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სურდო კოვიდის დამახასიათებელი ნიშანი არ არის:
„ერთი პერიოდი ფიქრობდნენ, რომ თუ გაქვს სურდო, ე.ი. არ გაქვს კოვიდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. კოვიდით ინფიცირებული პაციენტი ხშირად სურდოს, ცხვირის გაჭედვის გარეშე კარგავს ყნოსვის შეგრძნებას. ამ შემთხვევაში ვირუსის შეჭრა ხდება ცხვირის გზით. ადრე თვლიდნენ, რომ კოვიდი აზიანებს ყნოსვის ნერვს. აღმოჩნდა, რომ ეს არასწორია. ის აქვეითებს ნერვის ფუნქციას, აზიანებს სტრუქტურას და მეტაბოლურ პროცესებს ცვლის. ნერვი შენახულია, რის გამოც გამოჯანმრთელების შემდეგ ყნოსვის აღდგენა თითქმის 100 %-ში ხდება.“
„ყნოსვის დაკარგვაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს. იმის გასაგებად დაგვიბრუნდა თუ არა ყნოსვა, მკვეთრი სუნები უნდა მოვსინჯოთ, ვარდის, მიხაკის, ციტრუსის, მინდვრის ყვავილი. ზოგს ყნოსვის დაკარგვა ერთ თვემდე უგრძელდება, შესაძლოა ეს ექვს თვემდეც გაგრძელდეს, მაგრამ საბედნიეროდ ბრუნდება. კოვიდი ცხვირში თუა გამოხატული, შეიძლება ვლინდებოდეს რინიტის მოვლენებით. გაქვთ სურდო, შეშუპება. ამ შემთხვევაში შეიძლება ყურისმიერი მოვლენებიც განვითარდეს. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ აწუხებთ ყურის დაგუბება, ყოველგვარი რინიტის მოვლენების გარეშე. ისინი კარგავენ წონასწორობას და უჩივიან შუილს ყურებში. ეს, შესაძლოა, უფრო სისხლძარღვოვანი მოვლენები იყოს. თუ ცხვირის გაჭედვასთანაა დაკავშირებული, მაშინ შეიძლება განვითარდეს შუა ყურის ანთებაც. კოვიდის დროს პაციენტი სტრესშია. მის ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. სწორედ ამიტომ, ემოციაც უნდა ვმართოთ, - აცხადებს ქეთევან გოცაძე.