დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„ნებისმიერი მიხუტების შემთხვევაში ჩვენი და ბავშვის ტემპერატურა ემთხვევა, რაც იწვევს ჩახურებას,“ - ბაკურ კოტეტიშვილი
ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორად დაჭერისა და ჩვილის დასმის წესების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვის დასმა მისი დაბადების დღიდანვე არის შესაძლებელი:
„რატომღაც ვადაც კი არის გამოყოფილი, რომ ექვს თვემდე ბავშვი არ უნდა დასვან. უბრალოდ მოცემულობაა ასეთი. არამარტო არასწორია, ეს ძალიან ცუდია ბავშვის განვითარებისთვის. ამით ჩვენ სტიმულს არ ვაძლევთ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. დღიდან დაბადებისა შესაძლებელია ბავშვის დაჯდომა. რა თქმა უნდა, ამას თავისი ტექნიკა აქვს. ეს არაფერ შუაში არ არის არც ხერხემლის გამრუდებასთან, არ შეიძლება ასეთი რამე მოხდეს.“
ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, პედიატრის შეფასების შემდეგ, თუ ბავშვი ჯანმრთელია, მის დაჯდომაზე შეზღუდვა არ არსებობს:
„პირველ რიგში, როდესაც შეაფასებს პედიატრი, ნეონატოლოგი, რომ ბავშვის კუნთთა ტონუსი, ანატომიური სტრუქტურები ყველაფერი ნორმაშია აბსოლუტურად, მაშინ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს ბავშვის დაჯდომაზე. რა თქმა უნდა, დაჯდომას ხელშეწყობა უნდა. ეს არ ნიშნავს მიყუდებას. ბავშვი რომ მიყუდებული არ გყავთ, მისი კისრის სისტემა აქტიურად მუშაობს. ამ რეფლექსს ვერ ამუშავებ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, მით უმეტეს, როდესაც საწოლზე წევს ბავშვი. ჩვენ ამ პოზით ვაძლევთ მას სწორ მიმართულებას, რომ ის, რაც მას თანდაყოლილად ჩადებული აქვს, გამოიყენოს სწორად.“
„ძალიან ხშირად ახალბედა დედებს აშინებენ რომ არ შეიძლება, კისერი ჩამოუვარდება, მოტყდება, მენჯები გაეღუნება და ა.შ. გენდერული დაყოფაც არის, რომ ბიჭები უფრო გვიან უნდა დასვან, ვიდრე გოგოები. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რაღაც. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამხოლოდ მოტორული განვითარებისთვის, არამედ უბრალოდ ელემენტარულ ფიზიკას მოგახსენებთ. ნებისმიერი მიხუტების შემთხვევაში ჩვენი და ბავშვის ტემპერატურა ემთხვევა, რაც იწვევს ჩახურებას. ჩვენთვის ეს მოსახერხებელია, რადგან ხელში დიდხანს ჭერით ხელი გვეღლება. ჩვენთვის არის უფრო კომფორტული, რომ ბავშვი არის მოხუტებული. იღლიის ქვემოთ ხელები და ბეჭებთან ფიქსაცია არის სწორად დაჭერა. ბავშვი ნიავდება, არის კომფორტულად, გადახურება არ ხდება. მხრის სარტყელი და კისერი ბიოლოგიურად სწორად დგას. ბავშვი სმენით და მხედველობით აკონტროლებს გარემოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ბავშვის განვითარებისთვის, მისი სიმშვიდისთვის. როდესაც ვერ ვხედავთ არეალს და ვხედავთ მხოლოდ ერთ საგანს, ეს შემზღუდავია. ტარების დროს ვთხოვ ხოლმე მშობლებს, რომ ასევე ატარონ, მხოლოდ წინ გადახრილად, რომ მოძრაობისას მან დააფიქსიროს მოძრაობის პარალაქსი,“ - აღნიშნულ საკითხებზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.