დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ვიტამინები და მინერალები, რომლებიც მეტაბოლიზმს აჩქარებენ - ამჯერად ამ თემაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა.
განვიხილოთ ვიტამინების და მინერალების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ჩამონათვალი, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მეტაბოლიზმის (საკუთრივ მეტაბოლიზმზე და ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებსა და მინერალებზე ჩვენ ვრცლად ვისაუბრეთ წინა რუბრიკებში) აჩქარებას.
მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენენ: B და D ჯგუფის ვიტამინები, ასევე მინერალები: კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთის რეკომენდებულია ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინებისა და მინერალების დონე ორგანიზმში გვქონდეს ნორმის ფარგლებში, ამიტომ კვების რაციონი მუდმივად უნდა გავამდიდროთ მათი შემცველობის საკვებით.
B ჯგუფის ვიტამინები - საკვები, რომლებიც შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს: უცხიმო ხორცი და ზღვის პროდუქტები, მარცვლეული: მათ შორის, ქერი და ყავისფერი ბრინჯი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ზოგიერთი ხილი, მაგალითად, ბანანი, ვაშლი, ყურძენი და საზამთრო, თხილი, ზოგიერთი ბოსტნეული, მათ შორის, ისპანახი, კარტოფილი და გოგრა.
D ვიტამინი - საკვები, რომელიც შეიცავს D ვიტამინს: კვერცხის გული, ცხიმიანი თევზი, საქონლის ღვიძლი, რძის ნაწარმი, სოკოს ზოგიერთი ტიპი.
რკინა - რკინის წყაროა: ხორცი, ლობიო, წიწიბურა, ყავისფერი ბრინჯი, თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, სოიო.
მაგნიუმი- მაგნიუმით მდიდარი საკვებია: თხილეული, პარკოსნები, ისპანახი, ორაგული, კარტოფილი.
აქვე გვახსოვდეს, რომ თუ ორგანიზმს აქვს რომელიმე ვიტამინის ან მინერალის დეფიციტი, რთულია დეფიციტის მხოლოდ საკვებით შევსება, ასეთ დროს რეკომედებულია ექიმის მეთვაყურეობის ქვეშ დანამატების სახით მათი მიღება, ხოლო დაბალანსებული, რაციონალური და მრავალფეროვანი კვება კი დაგვეხმარება პრევენციული ზომების მიღებაში.
„ხერხემლის დეფორმაციის მხრივ საყურადღებო ასაკი არის რვიდან ათ წლამდე,“ - პროფესორი ირაკლი ვარძუკაშვილი
პროფესორმა ირაკლი ვარძუკაშვილმა ბავშვებში ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევ მიზეზებსა და დიაგნოსტირების მეთოდებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დეფორმაციის პირველი ნიშანი ტანდეგობის დარღვევაა:
„ტკივილი მოდის უკვე ჩამოყალიბებული ხერხემლის დეფორმაციის დროს. პირველი ეტაპი არის ვიზუალური დეფორმაციის შემჩნევა. ამას ვეძახით ტანდეგობის დარღვევას. ხერხემლის დეფორმაციის გამომწვევი მიზეზი ჩამოყალიბებული არ არის. ზოგი ამბობს, რომ მიზეზი მყესოვან-იოგოვანია, ზოგი ამბობს, რომ არის კუნთოვანი. შემთხვევების 80 %-ში არის იდიოპათიური, მიზეზი უცნობია.“
ირაკლი ვარძუკაშვილის თქმით, ხერხემლის დეფორმაციის დიაგნოსტირებისთვის საყურადღებო ასაკი რვიდან ათ წლამდეა:
„საყურადღებო ასაკი არის რვიდან ათ წლამდე. საყურადღებოა გოგოებში მენსტრუაციის დაწყებიდან ორი წელი, ბიჭებში წვერ-ულვაშის წამოვსლიდან 2-3 წელი. ხერხემლის დეფორმაციების დიაგნოსტირება ძირითადად ხდება ბავშვთა ასაკში. პირველი რუტინული გასინჯვა შეიძლება ჩატარდეს, როდესაც ბავშვი მიდის პირველ კლასში. მისი ცხოვრება გადადის ბავშვობიდან შედარებით „სტრესულ“ მდგომარეობაში. გარკვეული ეტაპი ის სკოლაში ზის, ჩანთა უნდა ატაროს. ამ ეტაპზე თუ იქნება პროფილაქტიკური გასინჯვა, სასურველია.“
„ბავშვი პირველ ეტაპზე უნდა შემოწმდეს პედიატრის მიერ. თუ არის ვიზუალური დისბალანსი მხრებს შორის, ბეჭებს შორის, აუცილებლად უნდა დაიგეგმოს ორთოპედის კონსულტაცია. თუ არ იქნება ადრეული დიაგნოსტიკა, ეს გამოიწვევს ინვალიდობას. ინვალიდობა ნიშნავს, როდესაც ადამიანი არის შრომისუუნარო. არ არის აუცილებელი, რომ ადამიანს ტკივილი ჰქონდეს. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს დისკომფორტით, ეს უკვე დიდი პრობლემაა,- აღნიშნულ საკითხებზე ირაკლი ვარძუკაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.