Baby Bag

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი
„საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი,“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, კოვიდის 11746 აქტიური შემთხვევაა, ჰოსპიტალიზებულია 3707 (31.5%).
​MomsEdu.ge გთავაზობთ მაია ბუწაშვილის პოსტს:
„ამჟამად კოვიდის მქონეთა დაახლოებით 1/3 იმყოფება სტაციონარში. ეს მაჩვენებელი, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ მაინცდამაინც საქართველოში უფრო მეტ ადამიანს აქვს კოვიდის ის ფორმა, რომელიც სტაციონარს საჭიროებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აშკარაა, რომ ჰოსპიტალიზაცია უტარდებათ იმათაც, ვისთვისაც ეს აუცილებელი არ არის. ფაქტია, ზოგიერთი ექიმი ზედმეტად ფრთხილობს და ურჩევნია სტაციონარში გადაამისამართოს პაციენტები, ვიდრე მართოს ბინაზე (და ეს გარკვეულწილად გასაგებია), ასევე დიდია ექიმებზე წნეხი პაციენტების მხრიდანაც, რომლებიც ზოგჯერ დაჟინებით მოითხოვენ საავადმყოფოში გადაყვანას (ცხადია, გადაწყვეტილება ექიმის მისაღებია, მაგრამ ზოგჯერ პასუხისმგებლობის ბოლომდე თავზე აღება არც ისე ადვილია ამ პირობებში).

​არაერთხელ მქონია შემთხვევა, როდესაც კონსულტირებულ პაციენტს ნამდვილად არ ჭირდებოდა სტაციონარი და სრულიად მშვიდად შეიძლებოდა მისი ბინაზე დატოვება, და მეორე დღეს აღმომიჩენია, რომ ეს პაციენტი ჰოსპიტალშია, რადგან თვითონ ან ოჯახი „მაინც უფრო მშვიდად იქნება“. არადა, სტაციონარში ყოფნა სულაც არ არის სრული გარანტია, რომ გართულებას არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათია ზედმეტი, არასაჭირო მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევები ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში.

​შეიძლება ვიღაცამ მიპასუხოს, რომ ზედმეტი სიფრთხილე არაფერს აშავებს და ამით მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ გაზაფხულზე რეგისტრირებულ შემთხვევათა შორის სიკვდილობის მაჩვენებელი (CFR) უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო შემოდგომით. ანუ პროცენტულად ახლა მეტი ადამიანი გვეღუპება. ეს გასაკვირია იმ ფონზე, რომ გამოცდილება მეტი დაგროვდა და კლინიკური მართვაც უფრო უკეთესად უნდა ხდებოდეს.

​ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა გვენახა კლინიკური ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში გარდაცვლილი პაციენტების შესახებ (დინამიკა დროში, ასაკობრივ და რეგიონულ ჭრილში, თანმხლები დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის ვადების მიხედვით და ა.შ.).

​ასევე საინტერესო იქნებოდა, რა კლინიკური სარგებელი მოიტანა რემდესევირმა. ჩვენ გვახსოვს, პირობა იყო ასეთი, რომ თუ რემდესევირი „გაამართლებდა“, ახალ პარტიას შემოვიტანდით. ამიტომ საინტერესოა, გაამართლა თუ არა და რა კრიტერიუმებით ვმსჯელობთ ამაზე.

​შესაძლებლობის ფარგლებში ასევე ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ შტამების შედარება, რომლითაც ინფიცირებულნი იყვნენ გარდაცვლილები და გამოჯანრთელებულები.

​მოკლედ, არა მგონია, ეს კითხვები მარტო მე მაწუხებდეს და ვიცი, ბევრს აინტერესებს,“ - წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმრ​თელობა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული“

„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული“

​„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, ეს არის მოლოდინი,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, არის იმის საშუალება, როგორც ჰოსპიტალურ სექტორში, ასევე პირველადი ჯანდაცვის სექტორში კორონავირუსით ინფიცირებულებს მომზადებული შეხვდნენ.

დღეს როგორც იცით, გვაქვს მაღალი მაჩვენებელი. სწორედ იმიტომაც ვცდილობთ ღია კომუნიკაციას, რომ მოსახლეობისთვის ეს არ იყოს შემთხვევითობა და შესაბამისად, ამან არ გამოიწვიოს მოსახლეობაში ზედმეტი მღელვარება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს არაერთი მოდელი და ამ მოდელის ერთ-ერთ კონკრეტულ ფაზას მივყვებით და უკვე პრაქტიკამ გვაჩვენა, თუ რომელი მოდელის მიხედვით ვითვლით პროგნოზულად, რაც შემდეგ დღეს ნამდვილად მართლდება. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჰოსპიტალურ სექტორში, ისევე როგორც პირველად ჯანდაცვის სექტორში ვხვდებით ინფიცირებულებს მაღალი მზაობით. დღეის მონაცემებით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა პირველადი ჯანდაცვის სექტორში. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავამატეთ მიმღები ზარის რამდენიმე ობიექტი, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, რის შედეგადაც, ნამდვილად, გაუმჯობესდა პაციენტებზე მონიტორინგი. მე არ ვგულისხმობ ხარისხობრივ მონიტორინგს, არამედ ვგულისხმობ რაოდენობრივს, ვინაიდან სწორად ნაწილდება უბნის ექიმებზე პაციენტების რაოდენობა და შესაბამისად, მათი ჩართულობა მეტად გააქტიურებულია. გუშინდელი დღის განმავლობაში ჩვენ ვმართეთ 3446 საქმე, აქედან პრობლემური - 340, რომელიც კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობას ეხებოდა და კონკრეტულად ჩვენთან დაკონტრაქტებული ოჯახის ექიმების მხრიდან ნაწარმოები იქნა 749 საქმე,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქუთაისსა და აჭარაში გამოჯანმრთელების და კლინიკიდან გაწერილის საკმაოდ დადებითი დინამიკაა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, გუშინ ქუთაისში 118 პაციენტი გაეწერა, ხოლო აჭარაში 181 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 350 ადამიანი.

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 5 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 9751 გამოჯანმრთელდა, 183 კი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ სრულად