Baby Bag

​მხედველობის რა პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში და რა სიმპტომებით შეიძლება მათი ამოცნობა?

​მხედველობის რა პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში და რა სიმპტომებით შეიძლება მათი ამოცნობა?

მხედველობის რა პრობლემებია გავრცელებული ბავშვებში, რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ და როდის მივმართოთ ექიმს? - ამ და სხვა საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრ-ოფთალმოლოგი ნინო შარიქაძე.

- ქალბატონო ნინო, ზოგადად, მხედველობის რა პრობლემები გვხვდება ბავშვებში და ყველაზე მეტად რომელია გავრცელებული?
- ბავშვთა ასაკში მხედველობის დაქვეითებას საკმაოდ ბევრი პათოლოგია იწვევს, თუმცა ყველაზე ხშირ მიზეზს რეფრაქციული მანკები წარმოადგენს, რომლებიც სამი ტიპის გვხვდება, ესენია:

  • ახლომხედველობა - ანუ მიოპია;
  • შორსმხედველობა - იგივე ჰიპერმეტროპია;
  • ასტიგმატიზმი.

სამივე ტიპის რეფრაქციული მანკი საჭიროებს დროულ დიაგნოსტირებას და სათვალისმიერ ან ლინზისმიერ კორექციას.
რაც შეეხება წლამდე ასაკის ბავშვებს, მათში პროცენტულად ყველაზე ხშირად საცრემლე არხის ნაწილობრივი ან სრული შევიწროვება - სტენოზი გვხვდება. აქაც საყურადღებოა პრობლემის დროულად აღმოჩენა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევა.

ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია სიელმეების არსებობა, სამწუხაროდ, არის თანდაყოლილი კატარაქტების და გლაუკომის შემთხვევებიც.

ასევე საყურადღებო და საკმაოდ ხშირია, ზოგად, სისტემურ პათოლოგიებთან, განსაკუთრებით, ორგანიზმში მიმდინარე აუტოიმუნურ პროცესებთან ასოცირებული თვალის ანთებითი მდგომარეობები, რაც საკმაოდ სერიოზულ და სპეციფიკურ მართვას საჭიროებს.

- რა სიმპტომებით შეიძლება, ამოიცნოს მშობელმა თვალთან დაკავშირებული პრობლემა?

- ყველაზე ხშირი მანიშნებელი იმისა, რომ ბავშვს შესაძლოა ჰქონდეს მხედველობის ესა თუ ის პრობლემა, არის:

  • ბავშვი ახლოს მიდის ტელევიზორთან;
  • თვალებთან ახლოს მიაქვს საგნები;
  • ხშირად ავიწროვებს თვალის ნაპრალს, განსაკუთრებით მაშინ, როცა შორ მანძილზე რამის დანახვა სურს;
  • ახლო მანძილზე მხედველობითი დატვირთვის დროს უწითლდება თვალები, აქვს ცრემლდენა, ხშირად ისრისავს ერთ ან ორივე თვალს. ასეთ დროს ხშირია თავის ტკივილებიც;
  • წერა-კითხვის დროს ხშირად იცვლის თავის პოზიციას, ამით ცდილობს ფოკუსის დაჭერას;
  • ცალმხრივი პრობლემის დროს, სპეციფიკურ სიმპტომს წარმოადგენს ცალი თვალის მოჭუტვა, დახუჭვა და მხედველობითი ფუნქციიდან გამოთიშვა;
  • ერთი ან ორივე თვალის გადახრა საფიქსაციო წერტილიდან - სიელმის გაჩენა.

​ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი შეიძლება იყოს მხედველობის დაქვეითების მიზეზი, ამიტომ საჭიროებს დაუყოვნებლივ ყურადღებას.
- კონკრეტულად რას იწვევს ეკრანთან დიდი დროის გატარება? 
- ელექტრომოწყობილობების არანორმირებული მოხმარება, პირველ რიგში, იწვევს თვალის შიგნით არსებული კუნთის - ცილიალური კუნთის გადაღლას, ირღვევა ბალანსი თვალის კუნთის შესაძლებლობასა და მასზე დაკისრებულ დატვირთვას შორის. ეს მდგომარეობა საკმაოდ ხშირია და ცნობილია აკომოდაციის სპაზმის, იგივე ფსევდომიოპიის სახელით.
ამ დროს პაციენტს აღენიშნება საკმაოდ შემაწუხებელი ჩივილები, როგორებიცაა:

  • თავის ტკივილი;
  • თვალბუდის არეში სიმძიმის შეგრძნება;
  • ახლო მანძილზე, სამუშაოს შესრულების დროს, თვალების მარტივად დაღლა;
  • თვალების სიწითლე;
  • ზოგჯერ მხედველობის დაქვეითებაც კი.
ასევე, ძალიან ხშირია მშრალი თვალის სინდრომის განვითარება, რასაც არანაკლებ შემაწუხებელი ჩივილები აქვს, როგორებიცაა: თვალებში წვის, სიმძიმის, ჩხვლეტის, ქავილის, სიმშრალის, უცხო სხეულის (ქვიშის) შეგრძნება.
რაც ყველაზე მთავარია, უკვე მრავალი საერთაშორისო სამედიცინო კვლევით დადასტურდა, რომ ახლო მანძილზე თვალების არანორმირებული დატვირთვა მიოპიის გაჩენის და უკვე არსებული მიოპიის პროგრესირების ხელშემწყობი ფაქტორია.
- ბავშვებში ხშირია სიელმის პრობლემა, როგორ შეიძლება ის მოგვარდეს?
- სიელმე, ანუ თვალის გადახრა მხედველობის ცენტრალური ღერძიდან, ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.

სიელმე მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემა არ არის. ამ დროს ირღვევა ბინოკულური მხედველობა, ანუ ორივე თვალით ერთდროულად, შერწყმულად ხედვის უნარი.

ხშირია სიელმესთან ერთად მხედველობის დაქვეითებაც, რაც რეფრაქციული მანკების არსებობით არის განპირობებული. შესაბამისად, ამ პრობლემას კომპლექსური მიდგომა და მკურნალობა სჭირდება.

გადახრის მიმართულების მიხედვით გამოყოფენ:

- შიგნითა (თვალი გადახრილია ცხვირისკენ);

- გარეთა (თვალი გადახრილია საფეთქლისკენ);

- ვერტიკალური (თვალი მიმართულია ზემოთ ან ქვემოთ) ტიპის სიელმეს.

სიელმის ძირითადი სახეობებია: შეუღლებული და პარალიზური. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც კლინიკური გამოვლინებით, ასევე წარმოშობის მექანიზმით და მკურნალობის მეთოდებით.

ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირია შიგნითა შეუღლებული, პერიოდული ხასიათის სიელმე. ამ დროს გადახრილია ხან ერთი, ხან მეორე თვალი, მონაცვლეობით. ასეთი ტიპის სიელმე უმეტეს შემთხვევაში წლამდე ასაკში თავისით, ყველანაირი ჩარევის გარეშე სწორდება, თუმცა, თუ საქმე გვაქვს ცალმხრივ, მუდმივი ხასიათის სიელმესთან, ეს ყოველთვის მეტად საყურადღებოა. ამ დროს საჭიროა ექიმთან დროულად კონსულტაციის გავლა.

რაც შეეხება მკურნალობას, სიელმის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. სიელმის ტიპის და გამოვლინების ასაკის მიხედვით ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. ზოგადად, სიელმის მკურნალობა რამდენიმე ეტაპიანია და მოიცავს: კონსერვატიულ და ქირურგიულ ეტაპებს.

კონსერვატიული მკურნალობა მოიაზრებს:

  • სათვალისმიერ კორექციას
  • სპეციალურ, აპარატურულ ვარჯიშებს, ასევე თვალის ახვევებს სახლის პირობებში, რომელთა მიზანიც არის მხედველობის სიმახვილის მომატება, თვალის მამოძრავებელი კუნთების ტონუსის აწევა და მხედველობის აქტში ორივე თვალის ერთდროულად ჩართვა.

თუმცა, ზოგჯერ მაინც გარდაუვალი ხდება ქირურგიული ჩარევა, რაც მოიცავს თვალების სიმეტრიულობის აღდგენას, კუნთების ბალანსის შეცვლის ხარჯზე: ერთი რომელიმე კუნთის გაძლიერებით და მეორე კუნთის მოქმედების შესუსტებით.

ძირითადად, ოპერაციული ჩარევა მოწოდებულია ბავშვის სკოლაში შესვლამდე, 5-6 წლის ასაკში, თუმცა, თანდაყოლილი ფორმების და დიდი გადახრის კუთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, ოპერაცია ჩატარდეს 2-3 წლის ასაკშიც, ამ ყველაფრის გადაწყვეტა ხდება ყველა პაციენტთან ინდივიდუალურად, მისი ანამნეზიდან გამომდინარე.

- რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს და როდის არის დაგვიანებული ვიზიტი?
- მიიჩნევა, რომ ბავშვის მხედველობის განვითარების კრიტიკული პერიოდი 7-8 წლამდეა. სწორედ ამიტომ, მხედველობის პრობლემის ადრეულ დიაგნოსტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ხშირად ადრეულ ასაკში მხედველობის ორგანოს თანდაყოლილი ანომალია ან მხედველობის დაქვეითება მშობლის მიერ შეუმჩნეველი რჩება, სწორედ ამიტომ, ამერიკის პედიატრთა აკადემია გვირჩევს, რომ ბავშვის პირველი ვიზიტი ოფთალმოლოგთან განხორციელდეს 6 თვის ასაკში, შემდეგ 3-4 წლის ასაკში, ხოლო მომდევნო - სკოლამდელ, 5-6 წლის ასაკში. რეკომენდებულია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვმა ყოველ წელს ან 2 წელში ერთხელ მაინც გაიაროს გეგმიური შემოწმება ოფთალმოლოგთან, რათა დროულად მოხდეს ნებისმიერი სახის პრობლემის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება.

​აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თუ ბავშვის მშობლებიდან რომელიმეს აღენიშნება ამა თუ იმ ტიპის რეფრაქციული მანკი (მიოპია, ჰიპერპეტროპია, ასტიგმატიზმი) ამ შემთხვევაში, ბავშვი მხედველობის პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ არის, რადგან, სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა ორგანოს პათოლოგიების დროს, თვალის დაავადებებსაც, განსაკუთრებით რეფრაქციულ პრობლემებს, ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობა და რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ასეთი ბავშვების დიაგნოსტირებას და მკურნალობას, მით უფრო კეთილსაიმედო იქნება გამოსავალი და თავიდან ავიცილებთ მრავალ შესაძლო გართულებას.

​დაგვიანებულ ვიზიტს რაც შეეხება, ყველაზე ხშირად დაგვიანებული მომართვიანობის დროს ბავშვებს აღენიშნებათ ამბლიოპია, ანუ ზარმაცი თვალი, რაც გულისხმობს თვალის ფუნქციურ გაზარმაცებას, ამ დროს თვალი ანატომიურად სრულიად ჯანმრთელია, თუმცა მას არ აქვს მაღალი მხედველობის უნარი, სათვალეშიც კი.

​ამბლიოპიის მკურნალობა, გარკვეულ ასაკამდე, სხვადასხვა დამხმარე თერაპიებით შესაძლებელია, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ზოგ შემთხვევაში, ისევ და ისევ ძალიან დაგვიანებული მომართვიანობის გამო, სასურველი შედეგის მიღება ვერ ხერხდება.

​საბედნიეროდ, დროული მომართვიანობით და ამა თუ იმ თვალის პათოლოგიის ადრეული დიაგნოსტირებით, დღეს უკვე შესაძლებელია ძალიან ბევრი არასასიამოვნო შედეგის თავიდან აცილება და ბავშვისთვის თითქმის ნებისმიერი მხედველობის პრობლემის მოგვარება, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ​ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

9 ეფექტური შინაურული მეთოდი ჩვილებში ხველის სამკურნალოდ

9 ეფექტური შინაურული მეთოდი ჩვილებში ხველის სამკურნალოდ

ქრონიკული ხველა ჩვილისთვის დამქანცველია. გარდა ამისა, როდესაც ბავშვს რაღაც აწუხებს, მშობლები განსაკუთრებით ღელავენ და შიშობენ, რომ მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება. ხველა პატარებს ხშირად აწუხებთ, მაგრამ თუ ის ქრონიკულ სახეს იღებს, მკურნალობისთვის გარკვეულ ზომებს აუცილებლად უნდა მიმართოთ. მსგავს შემთხვევაში შეგიძლიათ, დახმარებისთვის პედიატრს მიაკითხოთ და მისი რეკომენდაციების მიხედვით იმოქმედოთ ან ხველისგან განკურნების შინაურული და უსაფრთხო მეთოდების გამოყენება სცადოთ.

ჩვილებთან სამკურნალო საშუალებების გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ საშუალება, რომელსაც ბავშვის განკურნებისთვის იყენებთ, მისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. ჩვენს სტატიაში იმ შინაურულ მეთოდებს გაგაცნობთ, რომელთა დახმარებით ბავშვს ხველებას წარმატებით შეუჩერებთ და რაც მთავარია, ამას ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გამოვლენის გარეშე შეძლებთ.

9 საუკეთესო შინაურული მეთოდი ჩვილებში ხველის სამკურნალოდ

• დედის რძე

ხშირი ხველა ყელს ძალიან აღიზიანებს. მსგავსი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად ჩვილის ორგანიზმმა ჰიდრატაციის მაღალი ხარისხის შენარჩუნება უნდა შეძლოს. 6 თვემდე ასაკის ბავშვის გაღიზიანებულ ყელს შეგიძლიათ დედის რძით უმკურნალოთ. დღის განმავლობაში პატარა მაქსიმალურად ხშირად უნდა გამოკვებოთ, რათა მისმა ორგანიზმმა სითხის საჭირო მარაგი შეივსოს. დედის რძე ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა. ძუძუთი კვება პატარას განწყობას გამოუკეთებს, ხოლო რძე გაღიზიანებულ ყელს დააცხრობს, რაც ხველით გამოწვეულ დისკომფორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს. დედის რძე სპეციალურ ანტისხეულებს შეიცავს, რომლებიც ვირუსებსა და ბაქტერიებს წარმატებით ებრძვიან. რძეს ჩვილის რესპირატორული დაავადებებისგან დაცვის უნიკალური უნარი აქვს. როდესაც პატარას ხველა აწუხებს, მისი განკურნებისთვის თქვენი პირველი არჩევანი ყოველთვის დედის რძე უნდა იყოს.

• მცირე რაოდენობით წყალი

ბავშვს, რომელიც 6 თვეზე მეტი ასაკისაა, დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიეცით მცირე რაოდენობით სასმელი წყალი. მისი დახამრებით ყელი დაგროვილი ლორწოსგან მარტივად გათავისუფლდება და ტენიანობასაც შეინარჩუნებს. თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვი ხშირად ახველებს, პატარას საკვებ კოვზზე მცირე რაოდენობით წყალი დაასხით და ბავშვს დაალევინეთ.

• თბილი სითხეები

6 თვეზე მეტი ასაკის ბავშვს შეგიძლიათ ხშირად მისცეთ თბილი ბოსტნეულისა და ხორცის ბულიონი, სახლში მომზადებული წვნიანი ან პიურე. არასდროს მიაწოდოთ პატარას ცხელი სითხე. უპირატესობა ნელ-თბილ ან ოთახის ტემპერატურის მქონე საკვებსა და სასმელს მიანიჭეთ. თბილი სითხეები ჩვილს გაღიზიანებულ ყელს დაუმშვიდებს და ხველებასაც მნიშვნელოვნად შეუმცირებს.

• თბილი საკვები

ბავშვი, რომელიც სოლიდურ კვებაზე გყავთ, თბილი და მსუბუქი ტექსტურის მქონე საკვებით ხშირად გაანებივრეთ. კარტოფილის ან ბარდის პიურე, მოხარშული ქათმისა და სტაფილოს კერძი ამ შემთხვევაში საუკეთესო არჩევანია. თბილი საკვები, რომელსაც მსუბუქი ტექსტურა აქვს ყელს სწრაფად დაამშვიდებს, რაც ბავშვს გახშირებული ხველისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. 

• თაფლი (მხოლოდ ერთ წელს გადაცილებული ასაკის ბავშვისთვის)

ერთ წელს გადაცილებული ასაკის ბავშვს ხველის შემოტევის შემთხვევაში შეგიძლიათ 2-5 მილილიტრი თაფლი მისცეთ. თაფლი ლორწოს რაოდენობას ამცირებს და ხველასაც აცხრობს. ამერიკის პედიატრთა აკადემიის ცნობით თაფლს ხველის ინტენსივობის შემცირება ხველების საწინააღმდეგო სიროფებზე უკეთ შეუძლია. გახსოვდეთ, რომ 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის თაფლი უსაფრთხო პროდუქტი არ არის. კლოსტრიდიუმ ბოტულინუმის ანაერობული ბაქტერიის სპორები, რომლებიც თაფლშიც გვხვდება, ჩვილის ორგანიზმში მოხვედრისას შინაგანი ინფექციის განვითარებას იწვევს. ჩვილს ბოტულიზმის განვითარების მაღალი რისკი აქვს, რის გამოც დაუშვებელია, რომ 12 თვემდე ასაკის ბავშვს თაფლი მისცეთ. ერთ წელს გადაცილებული ბავშვის ორგანიზმს აღნიშნული ბაქტერია ვეღარ ერევა, რის გამოც 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვისთვის ხველის სამკურნალოდ თაფლის მიცება სავსებით დასაშვებია.

• ჰაერის დამატენიანებელი

დატენიანებული ჰაერით სუნთქვა ძალიან სასიამოვნოა, გარდა ამისა, ის გაღიზიანებული ყელის დამშვიდებას და ხველის შემცირებასაც უწყობს ხელს. ნუ შეიძენთ ისეთ დამატენიანებელს, რომელიც ოთახს ადუღებული წყლის ორთქლით ატენიანებს, რათა ჩვილის უცაბედი დამწვრობა თავიდან აიცილოთ. უპირატესობა ტრადიციულ დამატენიანებელს მიანიჭეთ, რომელიც ცივი ტენიანობის პრინციპით მუშაობს.
• ადგილობრივი მოხმარების ხველის ჩამხშობი საშუალებები

ბავშვებში ხველის დასამარცხებლად შეგიძლიათ ადგილობრივი მოხმარების ხველის ჩამხშობი საშუალებები გამოიყენოთ. ისეთი მალამოები, რომლებიც ქაფურს, მენთოლსა და ევკალიპტის ზეთს შეიცავენ ხველის შესამცირებლად აქტიურად გამოიყენება. ბავშვს კისრის გარშემო ნაზად და მსუბუქად შეუზილეთ სპეციალური მალამო კანში. 3 თვემდე ასაკის პატარებში მსგავსი მალამოების გამოყენება ექიმის ნებართვის გარეშე დაუშვებელია. მალამო მხოლოდ გარეგანი მოხმარებისთვის გამოდგება.
• ბავშვის სხეულის ტემპერატურაზე ზრუნვა

ცივი კლიმატი ხველებას ამწვავებს. თუ ოთახში სიცივეა, ბავშვს თბილად ჩააცვით. ბავშვს ყელი აუცილებლად თბილად უნდა ჰქონდეს. თუ პატარას სიცივისგან სათანადოდ დაიცავთ, ხველას მნიშვნელოვნად შეამცირებთ.

• ჰიგიენის წესების დაცვა

მტვერი, ცხოველის ბეწვი ან სუნამოს მკვეთრი არომატი ხველას აძლიერებს. ბავშვს ცხოველებთან ახლოს ნუ მიუშვებთ. არ გამოიყენოთ მკვეთრი არომატის მქონე აეროზოლი. თავი შეიკავეთ დეზოდორანტების გამოყენებისგან, რათა ბავშვის მდგომარეობა არ დაამძიმოთ.

მედიკამენტები, თუნდაც მცენარეული სახის, ბავშვს მხოლოდ ექიმის ნებართვით უნდა მისცეთ. მართალია, ხველა პატარას ასუსტებს და ღლის, მაგრამ სათანადო ზრუნვისა და მოვლის შემთხვევაში, თქვენი შვილი ძალებს მალევე აღიდგენს.

გაფრთხილება: სტატიაში მოცემული ინფორმაცია პროფესიონალი მედიკოსის რჩევას ვერ ჩაანაცვლებს. ჩვილის სამკურნალოდ შინაურული მეთოდების და საშუალებების გამოყენებამდე, აუცილებლად შეამოწმეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა პედიატრთან. ექიმის რეკომენდაციების და რჩევების მიღების შემდეგ ჩვენ მიერ შემოთავაზებული საშუალებების გამოყენება თამამად შეგიძლიათ. 

მომზადებულია ​momjunction.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 
წაიკითხეთ სრულად