Baby Bag

იცავს თუ არა ინდივიდის ვაქცინაცია მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირებისგან?

იცავს თუ არა ინდივიდის ვაქცინაცია მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირებისგან?
იცავს თუ არა ინდივიდის ვაქცინაცია მისი ოჯახის წევრებს კორონავირუსით ინფიცირებისგან? - აღნიშნულ თემაზე ექიმი ნანა გეგეჭკორი საუბრობს. 

,,ამ კითხვაზე პასუხის გარკვევა სცადეს ქვემოთ მოყვანილი კვლევის ავტორებმა. კვლევის დეტალები გამოქვეყნებულია ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში (​NEJM).

კვლევა ჩატარებულია შოტლანდიაში, ჯანდაცვაში მომუშავე პერსონალის და მათი ოჯახის წევრების მონაწილეობით. შოტლანდია იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც ვქცინაცია დაიწყო. კვლევისას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები მოიცავს 2020 წლის 8 დეკემბრიდან 2021 წლის 3 მარტამდე პერიოდს.

სტატიაში მოყვანილია 144.525 ჯანდაცვაში დასაქმებული პირის და მათი ოჯახების 194.362 წევრის მონაცემები ვაქციანციამდელ, ვაქცინის პირველი დოზიდან 14 დღის და სრულად აცრის შემდგომი პერიოდიდან.

ამ კვლევის თანახმად, აცრილი ადამიანების ოჯახის წევრების კორონავირუსით ინფიცირების ალბათობა მნიშვნელოვნად მცირდებოდა ჯერ კიდევ Pfizer–BioNTech-ის და Oxford–AstraZeneca-ს პირველი დოზის გამოყენებდან 14 დღის შემდგომ და ეს ეფექტი უფრო მძაფრად იყო გამოხატული სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში.

ვაქცინაცია გვიცავს არა მარტო მათ ვინც ვიცრებით, არამედ სავარაუდოდ იცავს ჩვენი ოჯახის წევრებსაც კორონავირუსით ინფიცირებისგან,'' - აღიშნავს ნანა გეგეჭკორი. 



არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერ​ი ჯანმრთელობაზე

შეიძლება დაინტერესდეთ

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით

წმინდა სინოდის განჩინება COVID 19-ის პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის ​განჩინებაში ერთ-ერთი საკითხი COVID 19-ის პანდემიას და ვაქცინაციას ეხება.

​როგორც განჩინებაში წერია, წმინდა სინოდმა დაადგინა:


​„ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

​მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

​შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროვების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

​საქართველოს საპატრიარქომ შესაძლებლობის ფარგლებში თავისი წვლილი შეიტანა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში; კერძოდ, გასული წლის აპრილიდან საპატრიარქოს საავადმყოფო, - თბილისის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, - ცხელების კლინიკად გადაკეთდა და 105 საწოლზე განახორციელა COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობა; დღემდე სამედიცინო მომსახურება გაეწია 10000-მდე პაციენტს, ჩატარდა სხვა და სხვა სამედიცინო პროცედურებიც.

​მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და მედპერსონალს, ასევე სასულიერო პირებს, ამ რთულ პერიოდში გაწეული თავდადებული შრომისათვის.

​პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენ წინაშე ახლა სხვა ვითარება დგება და საჭიროა საზოგადოების მომზადება.

​ვინაიდან მოსახლეობაში, მათ შორის, ეკლესიის მრევლში, არის კითხვები და მოლოდინი სახელმწიფოს მხრიდან გასატარებელ ღონისძიებებთან მიმართებაში.

​ვფიქრობთ, აუცილებელია, პასუხი გაეცეს მათ შორის შემდეგ საკითხებს:

​ა) რა სახის ვაქცინები შემოვა ქვეყანაში?

​როგორია მათი წარმოშობა, დამზადების ტექნოლოგია, მოქმედების მექანიზმი, ხანგრძლივობა, ეფექტურობა?

​არის თუ არა დაცული ბიოეთიკის ნორმები?

​ბ) პროფესიონალთა მიერ უნდა განიმარტოს, რა საფრთხის შემცველია აუცრელობა პანდემიის პირობებში? ასევე უნდა განიმარტოს, რა გვერდითი მოვლენები და გართულებები ახლავს ვაქცინაციას როგორც დროის მოკლე პერიოდში, ისე ხანგრძლივ პერსპექტივაში; სახელმწიფოსგან რა სახის დახმარება გაეწევა ბენეფიციარს აცრით გამოწვეული გართულების შემთხვევაში?

​საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნულია წმინდა სინოდის განჩინებაში.
წაიკითხეთ სრულად