Baby Bag

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც  მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“

ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.

„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“

წყარო: ,,​პოსტ ალიონი"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ცხრათავიანი მითი არის მაღალი ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება და სპირტით დაზელვა,“ - თერაპევტი ლანა ლაგვილავა

თერაპევტი ლანა ლაგვილავა ცნობილი სამედიცინო მითების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვირუსების მოკვლის მიზნით ადამიანისთვის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნება დაუშვებელია. ლანა ლაგვილავას თქმით, ბევრი მშობელი ბავშვს ტემპერატურას არ უგდებს, რადგან ვირუსის დამარცხებას ამ მეთოდით ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია:

„ბავშვებს და ადამიანებს აწამებენ მაღალი სიცხით, რადგან ითვლება, რომ მაღალ ტემპერატურაზე ყველა ვირუსი უნდა მოკვდეს. პაციენტს ისედაც მისი გაჭირვება აქვს, როდესაც ცუდად არის და უფრო ტანჯავენ. ჩემთვის გასაოცარია, რომ ბავშვებთან მიმართებაშიც იყენებენ ამ მიდგომას. დაახლოებით 41 გრადუსი უნდა იყოს ტემპერატურა, რომ ვირუსების გარკვეული კატეგორია მოკვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა სხვა პრობლემებს არ იწვევს. მაღალი ტემპერატურა ძალიან საშიშია, გულზე დატვირთვა ორჯერ იზრდება. 42 გრადუსზე ცილები განიცდის დენატურაციას და სავალალო შედეგამდე მივდივართ. ამიტომ 38,5 არის ტემპერატურის ის მაქსიმუმი, რომელიც უნდა ავიტანოთ.“

ლანა ლაგვილავა აღნიშნავს, რომ მითებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებული ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენებაა. მისი თქმით, მშობლებმა აღნიშნული მეთოდი არ უნდა გამოიყენონ, რადგან ის ჯანმრთელობის რისკებს შეიცავს:

„მითების დედოფალი და ცხრათავიანი მითი არის მაღალი ტემპერატურის დროს ძმრიანი წინდების გამოყენება და სპირტით დაზელვა. ეს მეთოდი ყველა ოჯახში აქვთ გამოყენებული. პედიატრები ნამდვილად არ გვირჩევენ ამის გაკეთებას. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის მიზეზი, შესაძლოა, იქცეს დამწვრობის მიზეზად, რომელიც ძმრით არის გამოწვეული. ალკოჰოლით ჩვილი ბავშვის დაზელვა არ არის მიზანშეწონილი. კანიდან გარკვეული რაოდენობა მაინც შეიწოვება. გარწმუნებთ, ბავშვი ჩვეულებრივად ნელთბილი წყლით პირსახოცით რომ დავზილოთ, იმავე ეფექტს მივიღებთ, თან ეს იქნება უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის.“

ლანა ლაგვილავას თქმით, ადამიანებს არასწორად ჰგონიათ, რომ სიმსივნის პრევენცია შეუძლებელია. ესეც ერთ-ერთი მითია, რომელიც უნდა დავამსხვრიოთ:

„სიმსივნის პრევენცია შესაძლებელია და აუცილებელიცაა. მნიშვნელოვანია, ვიცხოვროთ სწორად, ავირიდოთ კარცენოგენები, უარი ვთქვათ მოწევაზე, დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი და რა თქმა უნდა, დროულად ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები, რათა გამოვიკვლიოთ ე.წ. კიბოსწინარე დაავადებები. კიბოსწინარე დაავადებები სხვადასხვაა, გააჩნია, რომელ ორგანოზე ვსაუბრობთ. მათი დიაგნოსტირება შესაძლებელია, აუცილებელია და ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან."

წყარო: ​შუადღე GDS​

წაიკითხეთ სრულად