Baby Bag

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ვარჯიშები ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად - რჩევები ქეთი ხატიაშვილისგან

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, აკადემიის ტანმოვარჯიშეებთან ერთად, გვაჩვენებს ზურგის კუნთის ვარჯიშებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, ხერხემლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

„პანდემიამდეც მოდიოდნენ აკადემიაში ბავშვები, რომლებსაც ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ, ვატყობთ ხოლმე, რომ ზოგს პატარა გამრუდება აქვს,ზოგს ლორდოზი, კიფოზი. თუმცა პანდემიამ უფრო წინ წამოწია ეს პრობლემა და ბევრი ბავშვი მოდის, რომლებიც  მხრებში არიან მოხრილები, ან ზურგის კუნთები იმდენად სუსტი აქვთ, რომ ხერხემალს ვერ იჭერენ. ამისთვის აუცილებელია, ხერხემლის დამჭერი ზურგის კუნთების გამაგრება, ასევე ჩვევის გამომუშავება, რომ მხრებში გაიმართოს და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ უკეთესია.“

ტანმოვარჯიშის რეკომენდაციით, თითოეული ვარჯიში, დილა-საღამოს, 10-10-ჯერ უნდა გავიმეოროთ.

„სპეციალურად ისეთი ვარჯიშები შეგირჩიეთ, რომლებიც სახლის პირობებში ყველას შეუძლია გააკეთოს, უბრალოდ მყარი ზედაპირი ან ხალიჩა საკმარისია.“

წყარო: ,,​პოსტ ალიონი"

შეიძლება დაინტერესდეთ

სამი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ბავშვს წარმატების მიღწევაში ეხმარება

სამი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ბავშვს წარმატების მიღწევაში ეხმარება

მშობლები ოცნებობენ, რომ მათი შვილები წარმატებული ადამიანები გახდნენ. ისინი ამისთვის ყველაფერს აკეთებენ: ბავშვისთვის სათამაშოებს ყიდულობენ, მას განათლების მიღებაში ეხმარებიან, ცდილობენ შვილს ყველაფრით დაეხმარონ, რაც მას სჭირდება. მეცნიერები და ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვს წარმატების მისაღწევად სამი მნიშვნელოვანი უნარის განვითარება ესაჭიროება. ბავშვი რომ თავდაჯერებული, ჭკვიანი და თავისუფალი ადამიანი იყოს, მას ამისთვის არც იღბალი სჭირდება და არც გენეტიკური ფაქტორებია მნიშვნელოვანი. ბავშვს წარმატების მისაღწევად შემდეგი თვისებების განვითარება ესაჭიროება: გამბედაობა, მიზანდასახულობა და კომუნიკაციის კარგი უნარი.

1. ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარების უნარი

ბავშვები, რომლებიც კომუნიკაბელურები არიან, ზრდასრულ ასაკში წარმატებას მარტივად აღწევენ. მათი უდიდესი ნაწილი უნივერსიტეტში აბარებს, განათლებას იღებს და კარიერულ წინსვლასაც ახერხებს. ნაკლებად კომუნიკაბელურ ბავშვებს კი ზრდასრულ ასაკში ამ მხრივ პრობლემები აქვთ. სოციალურად მეტად განვითარებული ბავშვები უკეთ ახერხებენ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას, მარტივად პოულობენ მათთან საერთო ენას და სხვების გრძნობებს პატივს სცემენ. კომუნიკაბელურ ბავშვებს არ უძნელდებათ სხვა ბავშვებთან ერთად თამაში, ისინი არასდროს ჩხუბობენ სხვებთან სათამაშოების გამო და მარტივად აგვარებენ კონფლიქტებს. წარმატება მხოლოდ კარიერულ წინსვლას არ გულისხმობს. წარმატებული ადამიანები საკუთარი საქმის პროფესიონალები არიან, ისინი ბედნიერ ოჯახებს ქმნიან, მათ კარგი მეგობრები ჰყავთ, რომლებსაც საკუთარ ფიქრებს და განცდებს თავისუფლად უზიარებენ. ცხადია, ამ ყოველივეს მიღწევა კარგი კომუნიკაციური უნარების გარეშე შეუძლებელია.

2. მიზანდასახულობა

წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი თვისება მიზნებისადმი მტკიცე და ურყევი დამოკიდებულებაა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს ერთმანეთთან ერთი რამ აქვთ საერთო: მათ შორის ყველაზე წარმატებული ის ხდება, ვინც ყველაზე მიზანდასახულია. ადამიანის შესაძლებლობები და ნიჭი წარმატების მიღწევაში გადამწყვეტ როლს სულაც არ ასრულებს. ცხოვრებაში არაერთი მაგალითი გვხვდება, როდესაც ნაკლებად ნიჭიერი, მაგრამ მიზანდასახული და მშრომელი ადამიანი ბევრად მეტს აღწევს, ვიდრე ზარმაცი და მოუწესრიგებელი პიროვნება, რომელსაც გენიალური გონებრივი შესაძლებლობები აქვს. ბავშვს მიზანდასახულობა თუ აკლია და არ შეუძლია წამოწყებული საქმის ბოლომდე ერთგულება, მას მომავალში წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

3. შემოქმედებითი აზროვნება

შემოქმედებითი აზროვნება ადამიანს ურთულეს ვითარებაში გამოსავლის პოვნისკენ უბიძგებს და მას მიზნების მიღწევაში ძალიან ეხმარება. პრობლემის გადაჭრის უნარი ერთ-ერთი მთავარია, რაც წარმატების მიღწევაში ძალიან გვეხმარება. დროსთან ერთად იცვლება პროფესიები, ასევე ის პროფესიული უნარები, რომლებიც ადამიანებს წარმატების მისაღწევად სჭირდებათ. თუ ადამიანი შემოქმედებითად აზროვნებს, მას ცვლილებებთან ადაპტაცია არ გაუჭირდება. თუ ბავშვი შემოქმედებითად აზროვნებს, ის მომავალში ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებას შეძლებს, საზოგადოებაში ადგილს მარტივად დაიმკვიდრებს და ინოვაციური იდეების განხორციელებასაც არ შეუშინდება.

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად