Baby Bag

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

იცის თუ არა გულმა პრობლემის დროს ტკივილი?

კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანაშვილმა ისაუბრა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომლის მიხედვითაც გულმა ტკივილი არ იცის პრობლემის დროს:

„გულმა ტკივილი იცის სისხლძარღვების დაზიანების შემთხვევაში. მას აქვს მოჭერითი ხასიათის ტკივილი, გადადის ხელზე, ამოდის ყბის დონეზე ან გადაეცემა კუჭს“.

მისი თქმით, აუცილებელია კუჭის ტკივილის შემთხვევაში მივმართოთ ექიმს, გულის პრობლემების გამოსარიცხად:

,,ყოფილან პაციენტები, რომელებიც მეუბნებოდნენ, რომ ერთი წელი სვამდნენ ბორჯომს, წყალში ურევდნენ სოდას და ეს უმშვიდებდა კუჭის ტკივილს, რეალურად კი ჰქონდათ სისხლძარღვის შევიწროვება.

რაც შეეხება, სხვა პათოლოგიებს, იქიდან გამომდინარე, რომ გული კუნთოვანი ორგანოა, მას აქვს ადაპტაციის, შეგუების უნარი. ჩემს პაციენტებს უკვირდათ ხოლმე, არასდროს არ მაწუხებდა და რატომ მაქვს აორტის სარქვლის შევიწროებაო“.

კარდიოქირურგმა აღნიშნა, რომ ხშირად, გულის აჩქარების მიზეზი შეიძლება სითხის ნაკლებობა იყოს. ჩვენი გულსისხლძარღვთა სისტემა უნდა იყოს შევსებული. გააჩნია ადამიანის წონას, მაგრამ 1,5 - დან 2 ლიტრამდე წყალი ეს ის აუცილებლობაა, რომელიც ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში, რათა სწორად იფუნქციონიროს.

წყარო: „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში, პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

„კოვიდ-19-ით ინფიცირების დროს  ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში, პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

​​ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე კოვიდ 19-ისთვის დამახასიათებელი ყელის ტკივილის თავისებურებებზე საუბრობს და გვასწავლის, როგორ გავარჩიოთ ის ტონზილიტისგან:

„იმის მიხედვით, თუ რა ნაწილიდან შეიჭრა კოვიდი ორგანიზმში, სწორედ იმ ორგანოდან იწყება სიმპტომების გამოკვეთა. კოვიდი არის ვირუსი და ორგანიზმში შეჭრისთვის მას სჭირდება თავისი ბაზა, თავისი გასაღები. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენს ორგანიზმში აღმოჩნდა ასეთი ფერმენტი, რომელიც სასუნთქ გზებში იმყოფება, როგორც ცხვირში, ასევე პირ-ხახაში, ​ფილტვებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუ ვირუსის შეჭრა მოხდა ხახიდან, პაციენტს გამოხატული აქვს ყელის ტკივილი. კარგად რომ გავარჩიოთ, ამ დროს პაციენტს აქვს წვის, ფხაჭნის და სიმშრალის შეგრძნება. ადრე ასეც აღწერდნენ პაციენტები, მინა რომ დაგიფხვნია და ჩაგიყლაპავს, აი, ასეთი მჭრელი ტკივილიაო.“

ქეთევან გოცაძის თქმით, კოვიდინფიცირებულებში ყელის ტკივილი მეორე დღიდან უფრო ძლიერდება:

„თუ ეს არის ​კოვიდი, პირველ დღეს არის ასეთი შეგრძნება. მეორე დღეს ტემპერატურა თუ იმატებს, შესაძლოა, ტკივილმაც მოიმატოს. როგორ უნდა გავარჩიოთ კოვიდის ყელის ტკივილი სხვა სახის ყელის ტკივილისგან? მწვავე ტონზილიტის დროს ტკივილი უფრო ძლიერია და ნუშურებში არის ლოკალიზებული, უფრო ზემოთ. კოვიდის ყელის ტკივილი ლოკალიზდება ხორხ-ხახაში. პაციენტი სწორედ ამ ადგილას იდებს ხელს და გეუბნება, რომ აქვს ტკივილი. კოვიდს არ ახასაითებს ჩირქოვანი ნადები. ყლაპვა არ არის ისეთი მტკივნეული. კოვიდ-19-ის დროს ხმა შეცვლილი არ არის.“

ქეთევან გოცაძე უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სურდო კოვიდის დამახასიათებელი ნიშანი არ არის:

„ერთი პერიოდი ფიქრობდნენ, რომ თუ გაქვს სურდო, ე.ი. არ გაქვს კოვიდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ​კოვიდით ინფიცირებული​ პაციენტი ხშირად სურდოს, ცხვირის გაჭედვის გარეშე კარგავს ყნოსვის შეგრძნებას. ამ შემთხვევაში ვირუსის შეჭრა ხდება ცხვირის გზით. ადრე თვლიდნენ, რომ კოვიდი აზიანებს ყნოსვის ნერვს. აღმოჩნდა, რომ ეს არასწორია. ის აქვეითებს ნერვის ფუნქციას, აზიანებს სტრუქტურას და მეტაბოლურ პროცესებს ცვლის. ნერვი შენახულია, რის გამოც გამოჯანმრთელების შემდეგ ყნოსვის აღდგენა თითქმის 100 %-ში ხდება.“

„ყნოსვის დაკარგვაზე არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს. იმის გასაგებად დაგვიბრუნდა თუ არა ყნოსვა, მკვეთრი სუნები უნდა მოვსინჯოთ, ვარდის, მიხაკის, ციტრუსის, მინდვრის ყვავილი. ზოგს ყნოსვის დაკარგვა ერთ თვემდე უგრძელდება, შესაძლოა ეს ექვს თვემდეც გაგრძელდეს, მაგრამ საბედნიეროდ ბრუნდება. კოვიდი ცხვირში თუა გამოხატული, შეიძლება ვლინდებოდეს რინიტის მოვლენებით. გაქვთ სურდო, შეშუპება. ამ შემთხვევაში შეიძლება ყურისმიერი მოვლენებიც განვითარდეს. პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ აწუხებთ ყურის დაგუბება, ყოველგვარი რინიტის მოვლენების გარეშე. ისინი კარგავენ წონასწორობას და უჩივიან შუილს ყურებში. ეს, შესაძლოა, უფრო სისხლძარღვოვანი მოვლენები იყოს. თუ ცხვირის გაჭედვასთანაა დაკავშირებული, მაშინ შეიძლება განვითარდეს​ შუა ყურის ანთებაც. კოვიდის დროს პაციენტი სტრესშია. მის ორგანიზმში გამომუშავდება კორტიზოლი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. სწორედ ამიტომ, ემოციაც უნდა ვმართოთ, - აცხადებს ქეთევან გოცაძე.

წყარო: ​დილა ფორმულაზე

წაიკითხეთ სრულად