რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
„კენგურუ ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის და მოტორული სფეროსთვის ნამდვილად კარგია,“ - პედიატრი ეკა კანდელაკი
პედიატრმა ეკა კანდელაკმა მცირე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან კენგურუს გამოყენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მთავარია, რომ კენგურუ უსაფრთხო იყოს და ბავშვის ტარებისას ის კარგად დავამაგროთ:
„კენგურუ მცირე ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი, რადგან წონის ტარებასთან არის დაკავშირებული. მისი გამოყენების რეკომენდაცია არსებობს და არის ძალიან ბევრი ნაირსახეობა. რეალურად კენგურუს რამდენიმე ფუნქცია აქვს. ერთი არის ის, რომ უსაფრთხო უნდა იყოს, რასაკვირველია. თუ ის მაგრდება, უსაფრთხოდ უნდა იყოს დამაგრებული.“
ეკა კანდელაკის თქმით, კენგურუ ბავშვის განვითარებისთვის ძალიან ეფექტიანია:
„მეორე, რა აქვს მას განვითარებისთვის? კენგურუს ამ მხრივ აქვს ძალიან ბევრი რამ. ერთი, რომ მოტორული სფეროსთვის და ძვალ-სახსროვანი სისტემისთვის ნამდვილად კარგია. განზიდული მენჯ-ბარძაყის სახსარი რეალურად ძალიან გარგია პრობლემის არმქონე ბავშვებში და პრობლემის მქონე ბავშვებშიც, რასაკვირველია.“
ეკა კანდელაკმა აღნიშნა, რომ კენგურუ ხელს უწყობს დედასთან მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას და კოგნიტურ უნარებსაც ავითარებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია სიახლოვე დედასთან, მამასთან ან მომვლელთან, არ აქვს მნიშვნელობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დედასთან სიახლოვე, მით უმეტეს, თუ ბავშვი არის ბუნებრივ კვებაზე. კენგურუ ხელს უწყობს ე.წ. მიჯაჭვულობას დედასთან. ის ძალიან კარგია კოგნიტური სფეროს განვითარებისთვის. ახლა ბევრი სხვადასხვანაირი კენგურუ არსებობს. არის ჩვეულებრივი, როგორც ადრე იყო, ქამრებზე. ასევე არის ნაჭრები, რომლითაც იმაგრებენ ბავშვს, ის საკმაოდ უსაფრთხოა. ძალიან ბევრი ვარიანტია, როგორ შეიძლება დაამაგრო. ეს თვითონ მშობელზეა დამოკიდებული.“
„რასაკვრიველია, თვითონ დედა ხვდება, თუ რა ასაკამდე გამოიყენებს კენგურუს. ბავშვი მძიმდება და უკვე 6-7 კილოს მერე ეს არის უდიდესი შრომა,“ - ეკა კანდელაკმა აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.