რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ ძუძუს კიბოსთან გვაქვს საქმე და რა არის გამომწვევი მიზეზები? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ონკოქირურგი, მამოლოგი თამარ აბულაძე.
- რამდენად ხშირია ძუძუს კიბო ქალებში?
- ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის ძუძუს კიბო პირველ ადგილზეა, შემდეგ მოდის საშვილოსნოს ყელის და ტანის სიმსივნეები, ბოლო პერიოდში შეინიშნება ძუძუს კიბოს გაახალგაზრდავების ტენდენცია 35 და ზემოთ ასაკში.
- ძირითადად, რა არის გამოწვევი მიზეზები?
- რისკფაქტორების ჯგუფიდან აღსანიშნავია:
ადრეული მენარხე (მენსტრუალური ციკლის დაწყება);
გვიანი მენოპაუზა (კლიმაქსი);
ხშირი აბორტები, გენეტიკური განწყობა, განსაკუთრებით, პირველი ხაზის ქალბატონებში (დედა და დეიდა);
ენდოკრინული და დისჰორმონალური ცვლილებების მოშლა, ასაკოვან ქალბატონებში პოსტრავმული წარმონაქმნები.
ონკოლოგიური დაავადების რისკს ზრდის ჰორმონალური დისბალანსის შედეგად მიმდინარე პროცესები, რომელშიც ჩართულია მთელი ენდოკრინული სისტემა. ამ პროცესს მიეკუთნება მასტოპათია, განსაკუთრებით საყურადღებოა მისი კვანძოვანი ფორმა, სწრაფად მზარდი ფიბროადენომა (ფილოიდი), სქელკედლიანი კისტები, სადინარშიდა პაპილომა, რომელიც კლინიკურად მხოლოდ სისხლიანი, ან მუქი ყავისფერი გამონადენით ხასიათდება, ხშირია პოსტრავმული წარმონაქმნები, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალბატონებში, იგი დაზიანებული ან დაჟეჟილი ქსოვილიდან ვითარდება იქ, სადაც იყო ეგრედწოდებული ჰემატომა. მისი ალაგების შემდეგ ხშირია კარგად პალპირებადი წარმონაქმნი.
- რა სიმპტომები გვაფიქრებინებს, რომ მკერდის კიბოსთან გვაქვს საქმე?
- საეჭვო ნიშნებს შორის აღსანიშნავია: ძუძუს ფორმის შეცვლა, კანის გასქელება (ლიმონის ქერქი), გასინჯვადი წარმონაქმნის არსებობა, გადიდებული იღლიის ლიმფური კვანძები, ძუძუს თავის დვრილის ჩაბრუნება, სისხლიანი გამონადენი.
- როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან და როდის მივმართოთ ექიმს?
- იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ძუძუს კიბოს პრევენცია, საჭიროა ქალბატონებმა დროულად ჩაიტარონ სკრინინგი და ნებისმიერი საეჭვო ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართონ ექიმ მამოლოგს. გისურვებთ ჯანმრთელობას!
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა შემოდგომის ხუთი ხილი დაასახელა, რომელიც ორგანიზმისთვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანია:
„ბროწეული დიდი რაოდენობით შეიცავს K ვიტამინს. ეს ვიტამინი არაჩვეულებრივია, რადგან კალცის შეწოვას უწყობს ხელს, ძვლის ფორმირებაში იღებს მონაწილეობას, გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, სისხლძარღვის კედლის მდგრადობაზეც. შევთანხმდით, რომ ბროწეული არის მეტად სასარგებლო.“
ქეთი ასათიანის თქმით, ფეიხოას მირთმევა სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს:
„ძალიან ხშირად გვსმენია კითხვა: როგორ უნდა დავირეგულიროთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირება? ის პირები, ვისაც ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ, გვეკითხებიან: კივი და ფეიხოა რომ მივირთვათ, იოდის დეფიციტი აღმოიფხვრება? მხოლოდ კივის და ფეიხოას მირთმევით ჰიპოთირეოზი არ აღმოიფხვრება, მაგრამ ფეიხოა ძალიან მდიდარია იოდით. ეს არის უჯრედისით მდიდარი პროდუქტი. ის ებრძვის ტოქსინებს და ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა მინარევებისგან, შლაკებისგან ათავისუფლებს. მის შემადგენლობაში შედის ფოლიუმის მჟავა. ფეიხოა მდიდარია C ვიტამინით.“
„შემდეგი ხილი არის ხურმა. ხურმას აქვს 200-მდე სახეობა. მას აქვს შარდმდენი მოქმედება, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ხურმა მდიდარია A ვიტამინით. ის კარგად გამოიყენება სალათებშიც. ძალიან სასარგებლო ხილია კომშიც. მას ხშირად მკურნალ ხილსაც უწოდებენ. მას აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. ხურმა შეიცავს თუთიას,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.