ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს დიდი რაოდენობით წყლის მიღება. პირიქით, ზედმეტი წყლის მიღება არ არის მიზანშეწონილი,“ - დავით გადელია
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ადამიანებმა კოვიდის გადატანის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ:
„პირველ რიგში, ეს არის ფილტვებთან და სასუნთქ გზებთან დაკავშირებული პრობლემები. თუ ატყობენ, რომ აქვს გადაღლილობა, სუნთქვის დროს არის სიმძიმე, ამოსუნთქვის დროს ამოოხვრასავით არის, ქოშინი პატარა მანძილზე სიარულის დროს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს ნარჩენი მოვლენები კოვიდის გადატანის შემდეგ. რომ გითხრათ, რომ ყნოსვის დაბრუნებას დავაჩქარებთ, არა, ეს ნამდვილად არ შეგვიძლია. სუნთქვის პრობლემებზე ძალიან ბევრი გვაქვს ნამუშევარი ადრეც და ვიცით რა შეიძლება გაკეთდეს. კოვიდი პირის ღრუშიც ძალიან ბევრ პრობლემას ტოვებს. ცოტა ყურადღებით უნდა იყვნენ კოვიდ გატანილი ადამიანები პირველი სამი თვის განმავლობაში.“
დავით გადელიას თქმით, ადამიანები ექიმების რეკომენდაციების მოსმენის შემდეგ მგრძნობიარეები ხდებიან და ზოგჯერ გარკვეული სიმპტომები ეჩვენებათ კიდეც:
„არ მინდა შევაშინო ადამიანები. როდესაც ექიმი რაღაცას ეუბნება, უფრო სენსიტიური ხდება ადამიანი, შეიძლება მოეჩვენოს კიდეც, რომ რაღაც აწუხებს. ამავე დროს მინდა ყურადღება მიაქციონ ადამიანებმა თავიანთ ორგანიზმს, რა მიმართულებით აქვთ პრობლემები. განსაკუთრებით ეს ეხება, რა თქმა უნდა, სუნთქვას. ყოფილა შემთხვევა, რომ შაქრის ნიშნული ძალიან მომატებულა, იმდენად, რომ დიაბეტის დამწყებიც კი ყოფილა ეს დაავადება. არის ასეთი შემთხვევები აღწერილი.“
დავით გადელია კოვიდ გადატანილ პაციენტებს ურჩევს დაავადების გადატანიდან ერთ-ორ თვეში კვლევები ჩაიტარონ:
„ერთი კარგი გამოკვლევა კარგი იქნება კოვიდის გადატანიდან ერთი ან ორი თვის შემდეგ. იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით არის პრობლემა, წამოვა რჩევები. არ ვიცი საიდან მოვიდა ეს დიდი რაოდენობით წყლის მიღება. პირიქით, ზედმეტი წყლის მიღება არ არის მიზანშეწონილი, განსაკუთრებით დაავადების პიკის დროს. ეს იწვევს სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში გადატვირთვას. მოგწყურდებათ, დალიეთ. არანაირად ზედმეტი სითხე არ მიიღოთ. გირჩევთ სუნთქვითი ვარჯიშების გაკეთებას და სამი თვის განმავლობაში განმეორებით კვლევებს. შემდგომი რეკომენდაციები ამ კვლევების შედეგებიდან წამოვა.“
„პაციენტის კლინიკიდან გაწერით არ მთავრდება მკურნალობა. არ იფიქროს არავინ, რომ გაეწერა და დამთავრდა. ეს არ არის გრიპი, ბევრად უფრო თავისებური დაავადებაა. შინ გაწერის დროსაც პაციენტმა უნდა გააგრძელოს რეკომენდაციები, რასაც ექიმი ეუბნება. სახლშიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის გარკვეული ნაწილი. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ,“ - აღნიშნულ საკითხებზე დავით გადელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.