ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან?
რა საკვები არ უნდა მიირთვას მეძუძურმა ქალმა საახალწლო სუფრიდან? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.
„დარწმუნებული ვარ, ბევრს გგონიათ, რომ მეძუძურ ქალს მკაცრი დიეტა სჭირდება. ყოველ შემთხვევაში, ბებიები, მეზობლები, ნაცნობები, ყველა, ვისაც არ ეზარება, აუცილებლად მოგიწოდებენ, არ მიირთვა ბევრი რამ, პატარას რომ არ გამოაყაროს, მუცელი არ ეტკინოს, გაზებმა არ შეაწუხოს. ჰოდა, შენც მორიდებით მიუჯდები საახალწლო სუფრას და ნერწყვისყლაპვით შეჰყურებ სხვებს. დროც შეიცვალა და შეხედულებებიც. არა, სულაც არ მოგიწევს სუფრის განაპირას ჯდომა, ოღონდ მცირე შეზღუდვების გამოკლებით.
მაშ, ასე, თუ პატარა ძუძუზე გყავს, გირჩევ, არ მიიღო: სუნელებიანი საკვები; უმი ხახვი; ნივრისშემცევლი საკვები. რატომ? იმიტომ, რომ ამ პროდუქტების გემო აუცილებლად გადავა რძეში და პატარას საყვარელი საკვების სუნს ვერ იცნობს, ამიტომ მან შესაძლოა, უარი გითხრას კვებაზე. არ დაივიწყო, შეზღუდო: მაგარი ჩაი; მაგარი ყავა; კოლები. მიზეზი მარტივია - ამ პროდუქტებში კოფეინია, რამაც შესაძლოა, თქვენი პაწაწინას აგზნება და უძილობა გამოიწვიოს. კატეგორიულად უარი თქვი ალკოჰოლიან სასმელებსა და სიგარეტზე! ეს პროდუქტები გადადის რძეში და ბავშვის ნევროლოგიურ მოშლილობებს იწვევს.
მეძუძური ქალის კვება აუცილებლად მრავალფეროვანი უნდა იყოს. მიირთვი საყვარელი კერძები, თავდაპირველად მცირე ულუფებით. თუკი რომელიმე პროდუქტზე ბავშვს გამონაყარი განუვითარდება ან ძლიერი ჭირვეულობა დაეწყება, აღნიშნული პროდუქტი აღარ მიიღო. სულ ესაა!“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.