ცნობილი პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მიაჩვიონ ბავშვი ცოცხალი ხილის მიღებას. როგორც იგი MomsEdu.ge-სთან საუბრისას აღნიშავს, მნიშვნელოვანია, შვილებს პატარაობიდანვე ვასწავლოთ სწორი კვება:
„მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ბავშვს როგორღაც მივაწოდოთ ცოცხალი ხილი, უხეში უჯრედისი, რაც მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. თუ ხილის წვენს სვამს ბავშვი (უშაქროს) კი ბატონო, მაგრამ უშაქრო კომპოტს და უშაქრო ხილის წვენს ბავშვი ვერ დალევს. მე მინდა, რომ შაქრის მინიმალიზაცია მოხდეს, რადგან შაქარი არ არის სასარგებლო ბავშვის ორგანიზმისთვის, მეტიც, მავნეა. აქედან გამომდინარე, შევაჩვიოთ ბავშვი ნორმალურ კვებას, სანამ ჩვენ შეგვიძლია ვარეგულიროთ მისი კვება. თორემ, როცა გაიზრდება, უკვე აღარაფერი გვეკითხება. ამ დროისთვის მისი ორგანიზმი უკვე დაბინძურებულია. ამიტომ ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ბაზისი იყოს რაც შეიძლება სუფთა“, - აღნიშნავს ინგა მამუჩიშვილი.
მისივე თქმით, კომპოტი უნდა მომზადდეს ცოცხალი ხილისგან ან ჩირებისგან და იყოს ბუნებრივად ტკბილი:
„კომპოტის მომზადების შემთხვევაშიც, 30 წუთის განმავლობაში გამდინარე წყალში უნდა გვქონდეს ხილი მოთავსებული. კომპოტი უნდა მომზადდეს შეთავსებადი ხილისგან და არა ყველანარი ხილით, რადგან ვიტამინებსაც შეუძლიათ, დაეჯახონ ერთმანეთს და ერთმა ვიტამინმა მეორე გაანეიტრალოს. ვიმეორებ, უმჯობესია, ბავშვი ცოცხალ ხილს მივაჩვიოთ. როდესაც მაცივარში დევს ხილი, ვიტამინების 30% იკარგება და ხარშვის დროს, მით უმეტეს. ნებისმიერი გზა უნდა ვცადოთ, რომ ბავშვს ხილი ცოცხალი სახით მივაწოდოთ. დავდოთ ხილი მაგიდაზე სხვადასხვა ფორმით, დავჭრათ და გავაფორმოთ ლამაზად, არ დავაძალოთ და თავად „მიეპაროს,“ - ამბობს ინგა მამუჩიშვილი.
„ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას არ გირჩევთ, იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლებსაც ტელევიზორში ნახულობთ, სინამდვილეში არაფერს არ კურნავს,“ - ევგენი კომაროვსკი
პედიატრი ევგენი კომაროვსკი სოციალურ ქსელში ანტივირუსული პრეპარატების აქტიური მოხმარების წესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს:
„მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით დაავადება ძალიან გავრცელებულია. ათასობით ასეთი რესპირატორული ვირუსი არსებობს და ადამიანები მსგავსი ვირუსებით რეგულარულად ავადობენ. ბავშვებს წელიწადში 6-12-ჯერ ემართებათ რესპირატორული ვირუსები და ეს სავსებით ნორმალურია.
ადმიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ის თავად, ყოველგვარი გარეგანი დახმარების გარეშე გაუმკლავდეს ამ რესპირატორულ ვირუსებს. ვირუსთან გამკლავება არ მოიაზრებს რაიმე ტიპის მედიკამენტების გამოყენების აუცილებლობას. თუ თქვენ ყოველი ჩახველებისას ანტივირუსული მედიკამენტების მიღებას მიეჩვევით, რა თქმა უნდა, შთაბეჭდილება შეგექმნებათ, რომ სწორედ ამ ანტივირუსული მედიკამენტების დახმარებით ახერხებთ გამოჯანმრთელებას. ჩვენ ბავშვობიდან გვარწმუნებენ, რომ ადამიანი ვირუსებისგან თავისით ვერ გამოჯანმრთელდება.
როდესაც ანტივირუსულ პრეპარატს იღებთ, მაინტერესებს, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?! არ არსებობს ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც ყველა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტიანია. ვირუსები ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში მრავლდებიან. ძალიან რთულია, რომ ვირუსი გავანადგუროთ და უჯრედი ცოცხალი გადარჩეს. ნამდვილად ეფექტიანი ანტივირუსული მედიკამენტები ძალიან ცოტაა.
არსებობს გრიპისა და შიდსის ვირუსის სამკურნალო პრეპარატები, მაგრამ იმ მედიკამენტების უმრავლესობა, რომლებსაც ტელევიზორში ნახულობთ, სინამდვილეში არაფერს არ კურნავს. როდესაც მსგავს პრეპარატს იღებთ, თქვენ ხომ არ იცით, რა ვირუსით ხართ დაავადებული. ამიტომ ანტივირუსული პრეპარატების გამოყენებას არ გირჩევთ. ანტივირუსული მედიკამენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენება,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.