Baby Bag

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

,,რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია''

,,რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც  საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია''

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საკლასო ოთახებში მოსწავლეების დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი მიღწევა.

მიხეილ ჩხენკელი: „მე ყველგან ვამბობ, არა როგორც მხოლოდ მინისტრი, არამედ როგორც უნივერსიტეტის პროფესორი, რომ სასწავლო პროცესისთვის ბუნებრივი გარემო ეს არის სკოლაში – საკლასო ოთახი და უნივერსიტეტში – აუდიტორია. ეს, ცალსახად ასეა. რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს დისტანციური სწავლა, ის ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს იმ ბუნებრივ პროცესს, იმ ენერგიას, რომელიც საუნივერსიტეტო აუდიტორიასა და საკლასო ოთახშია. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომ ჩვენ შევძელით, ეპიდსიტუაციამ საშუალება მოგვცა, მოსწავლეები საკლასო ოთახში დაბრუნებულიყვნენ. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შევინარჩუნოთ.

შესაბამისად, ყველა მოქალაქემ ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები, რომ ჩვენს მოსწავლეებს ჰქონდეთ საშულება საკლასო ოთახში გააგრძელონ სწავლა. შემდეგი ეტაპი იქნება საბავშვო ბაღები, ამის შემდეგ – პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლები.

პროცესს დეტალურად ვაკვირდებით, თუ რა გავლენას იქონიებს საკლასო ოთახებში დაბრუნება ეპიდსიტუაციაზე. მინდა გითხათ, რომ მშვიდობით მიდის პროცესი. ჩვენ ინდივიდუალურად, წერტილოვნად ვმართავთ ყველა სკოლას. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ყველას იმედი გვაქვს, რომ სემესტრს საკლასო ოთახებში დავასრულებთ. ჩვენი მთავარი მიზანია, აღარ მოგვიწიოს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ეს არის მთავარი.“

სასწავლო პროცესის განახლების პარალელურად, სამინისტროს მხრიდან სკოლების კონტროლი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სწორედ ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ბოლო ერთ კვირაში ქვეყნის მასშტაბით Covid-19 სკოლის თანამშრომელთა 1,05%-ს დაუდასტურდა. რაც შეეხება მოსწავლეებს, საჯარო და კერძო სკოლების 600 ათასამდე მოსწავლიდან, ინფექცია მხოლოდ 0.03%-ს გამოუვლინდა.

15 თებერვლიდან დღემდე მშობელთა მოთხოვნის ან კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით, სრულად დისტანციურ რეჟიმზე 34 სკოლა გადავიდა, ხოლო ონლაინ რეჟიმში 116 კლასი სწავლობს.

გაფართოებული ტესტირების პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 85 141 მასწავლებელი, რომლებიც სავალდებულო ტესტირებას ეტაპობრივად გაივლიან.

სკოლების მონიტორინგი, ისევე როგორც მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალთა სავალდებულო ტესტირება, მომავალშიც სისტემატურად გაგრძელდება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჩხენკელმა, პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ და მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ერთად კვირის განმავლობაში 40-მდე სკოლა მოინახულეს, საიდანაც სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფის მიმართულებით რეკომენდაცია მხოლოდ 3 სკოლას მიეცა. მნიშვნელოვანია, რომ რესურსცენტრების მიერ სკოლები ყოველდღიურ რეჟიმში მოწმდება.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები იმოქმედებს, ისე როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით არის გათვალისწინებით, კერძოდ, დისტანციურ სწავლებაზე გადავა კონკრეტული კლასი/სართული ან მთლიანად სკოლა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს ხარისხიან განათლებასთან ერთად, სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

წაიკითხეთ სრულად