Baby Bag

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები განსაზღვრა. მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 2021 წლის 8 თებერვლიდან 2021 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 2021 წლის 18 თებერვლიდან 2021 წლის 6 მარტის ჩათვლით ჩატარდება. გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი, რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში, აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:

ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა;

ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში – განცხადება მიიღება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა:

ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება,რომელშიც სავალდებულოა მითითებულ იქნას შემდეგი ინფორმაცია:

● ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

● ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის , ასევე ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;

● ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);

● უცხოური ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;

● ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;

ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/სემესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/სემესტრს .

დ) იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღიარებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით:

● წინსმწრები კლასის დაძლევის თაობაზე ცნობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები გასცემენ სკოლის საქმისწარმოების წესის შესაბამისად - როგორც მატერიალურად, ისე - დისტანციურად, ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სკოლის ელექტრონულ მისამართზე გადაგზავნილი განცხადების საფუძველზე. (იხილეთ კერძო სკოლების ელექტრონული ფოსტის მისამართები).

● ექსტერნზე რეგისტრაციის მსურველს/კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს ელექტრონულად გადაუგზავნონ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, ან რესურსცენტრის მიერ დადგენილი წესით, უსაფრთხოების ნორმების დაცვით, მატერიალურად ჩააბარონ რესურსცენტრის წარმომადგენელს. რესურსცენტრი 2 დღის ვადაში დაუდასტურებს განმცხადებელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება დაუყოვნებლივ. რესურსცენტრი ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. (იხილეთ საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ფოსტის მისამართები).

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცხელ ხაზს: (995 32) 2 200 220.

წაიკითხეთ სრულად