Baby Bag

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ვადები ცნობილია
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაციას გამოსაცდელები მხოლოდ ელექტრონულად შეძლებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.

ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბრიფინგი გამართა. სოფიო გორგოძემ აბიტურიენტებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის პროცედურებსა და ვადებს, მანამდე კი აუცილებლად გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ელექტრონულ კრებულს - „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“.

კრებული თავს უყრის 2022 წლის სიახლეებს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, ხშირად დასმულ კითხვებსა და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება:

  • პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;
  • საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციისა და გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge 1 მარტს გამოქვეყნდება.


შეიძლება დაინტერესდეთ

„საპირფარეშოს, მათ შორის საზოგადოებრივის, დალაგება რაიმე იძულების გარეშე, მოხალისეობრივად, რატომ უნდა ჩაითვალოს ღირსების შემლახავ სამიანობად?“ - სიმონ ჯანაშია

„საპირფარეშოს, მათ შორის საზოგადოებრივის, დალაგება რაიმე იძულების გარეშე, მოხალისეობრივად, რატომ უნდა ჩაითვალოს ღირსების შემლახავ სამიანობად?“ - სიმონ ჯანაშია

ჩხოროწყუში მოსწავლეების მიერ მერიის ​საპირფარეშოს დალაგების ფაქტზე განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ​თავის ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ჩანაწერს სიტყვა-სიტყვით:

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუს სკოლის მოსწავლეების ნაწილმა ადგილობრივი მერიის დასუფთავებაში, მათ შორის საპირფარეშოების გაწმენდაში მიიღო მონაწილეობა. 

​როგორც სიუჟეტიდან ვიგებთ, მოსწავლეები დირექტორის თანხმობით გაკვეთილების შემდეგ წავიდენენ მერიაში, დაასუფთავეს სხვადასხვა სათავსო, მათ შორის საპირფარეშოც.

​ამ ამბავში რამდენიმე პრობლემური მხარეა:

​პირველი
, მედია ამ ამბავს ფუთავს, როგორც ბავშვების ძალდატანებისა და ღირსების შემლახავ საქმიანობაში ჩართვას. „ახეხინეს“ წერენ სტატიებში, სოციალურ ქსელებში, ამბობენ სიუჟეტებში. ბავშვებზე ძალდატანება არ ჩანს არსაიდან. განა მხოლოდ ძალდატანებით ან მოტყუებით შეიძლება დაალაგოს ადამიანმა საპირფარეშო?

​საპირფარეშოს, მათ შორის საზოგადოებრივის, დალაგება რაიმე იძულების გარეშე, მოხალისეობრივად, რატომ უნდა ჩაითვალოს ღირსების შემლახავ სამიანობად? განა ჩვენ დამლაგებლებს, რომლებიც სკოლებში თუ მუნიციპალიტეტებში მუშაობენ ღირსება არ აქვთ? საპირფარეშოების დალაგების ღირსებასთან კავშირში განხილვა, შეურაცხმყოფელ საქმიანობად შეფუთვა და მოსწავლეებისთვის შეუფერებელ საქმიანობად წარმოდგენა ხელს შეუწყობს იმ მოსწავლეების ტრავმირებას, რომლებიც ამ აქციაში მონაწილეობდნენ. მათ არაფერი ცუდი და ღირსების შემლახველი არ გაუკეთებიათ და მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს იცოდნენ.

​მეორე
, როგორც მედიიდან ვიგებთ, საკითხის გამოძიებას იწყებს პოლიცია. რა შუაშია აქ პოლიცია? დავუშვათ საზოგადოება თვლის, რომ მოსწავლეებმა, თუნდაც ნებაყოფლობით არ უნდა დაალაგონ საზოგადოებრივი თუ ნებისმიერი სხვა საპირფარეშო - აქ შეიძლება საერთოდ კრიმინალურ ქმედებაზე საუბარი? შეიძლება ვიკამათოთ იმის შესახებ, არის თუ არა ასეთი გამოცდილება მოსწავლეებისთვის პედაგოგიური ღირებულების, მაგრამ რა შუაშია აქ სამართალდამცავი სისტემა?

​მესამე
, ამ სიუჟეტის კეთებაზე მომუშავე ჟურნალისტები მეც დამიკავშირდნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ მათი ერთადერთი კითხვა იყო „ვინ არის დამნაშავე?“ რომელიც რამდენჯერმე სხვადასხვა ფორმით დამისვეს. ასეთი მიდგომა არ უწყობს ხელს დაფიქრებას. ჟურნალისტები უნდა ეხმარებოდნენ საზოგადოებას, რომ გაიაზრონ მათი პრობლემები და არა მოქმედებდნენ როგორც პროკურორები დამნაშავეების ძიებისას.

​მოზარდებს საპირფარეშოების დალაგების გამოცდილება მხოლოდ გამოადგებათ. სასურველია, რომ ამგვარი გამოცდილება პირველ რიგში საკუთარ სახლში შეიძინონ და არა განსაკუთრებით პანდემიისას, საჯარო დაწესებულებებში. ასევე კარგია, თუ სკოლა და მუნიციპალიტეტი განაგრძობენ თანამშრომლობას, ოღონდ ცხადია, რომ უკეთესი იქნება თუ დასუფთავების საკითხში მუნიციპალიტეტი დაეხმარება ხოლმე სკოლას უფრო მეტად ვიდრე სკოლა მუნიციპალიტეტს.

​​რაც შეეხება ამ ამბავს, კარგი იქნება თუ სკოლა შეხვედრას გამართავს მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან და მშვიდად, პოლიციის, მედიის და ისტერიის გარეშე განიხილავენ ამ საკითხს - რა არის ამაში პრობლემური და რა არა. მგონია, რომ კარგი იქნება თუ მოსწავლეებს მაგალითს ვაჩვენებთ, რომ მზა პასუხების ნაცვლად ხანდახან უფრო სასარგებლოა კითხვები დავსვათ. ამგვარ გარემოში ისინი უფრო მეტად ისწავლიან პასუხისმგებლიან ქცევას და კრიტიკულ აზროვნებას, ვიდრე სხვების მიერ თავსმოხვეული ჩარჩოების ფარგლებში თავის მართლებისას,“ - წერს სიმონ ჯანაშია.

​წყარო: ​www.ganatlebisreforma.com

წაიკითხეთ სრულად