მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
იქნება თუ არა მაძიებლის საქმიანობა ანაზღაურებადი? - აღნიშნულ კითხვას მაძიებელთა პროგრამის მენეჯერმა ნინო ბერიკაშვილმა „ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში უპასუხა.
მისი თქმით, მაძიებლის საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი:
„რა თქმა უნდა, მაძიებლის საქმიანობა იქნება ანაზღაურებადი. მისი ხელფასი გათანაბრებულია პრაქტიკოსი მასწავლებლის ხელფასთან და მას ვერ ექნება ის დანამატები, რომლითაც უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებლები სარგებლობენ.“
ნინო ბერიკაშვილის განმარტებით, მაძიებელსა და სტატუსის მქონე მასწავლებლებს კონკურსში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა აქვთ:
„არასწორია ინფორმაცია – თუ სკოლის ვაკანსიას გამოეხმაურება უფროსი ან წამყვანი მასწავლებელი ის მაძიებელს აღარ დაიბარებს გასაუბრებაზე. დარწმუნებით მინდა გითხრათ, თუ რეგისტრაციის დროს მაძიებლის მიერ შევსებული პროფილი სრულლყოფილია, ატვირთულია მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მას თანაბარი შანსი ექნება მის სტატუსიან პრეტენდენტებთან. გადაწყვეტილების მიღება კი კონკურსის მეორე ეტაპზე, გასაუბრებაზე მოხდება.“