მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა, 2019 წლის გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„საგამოცდო პროცესის წარმატება, სწორედ, თქვენ მიერ გაწეული დაუღალავი შრომის შედეგია. ეს იყო მართლაც სანიმუშო წელი. მოხარული და ამაყი ვარ, რომ ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საგამოცდო პროცესი. ნოემბერში გველოდება არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევა - ჩვენს პედაგოგებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა აიმაღლონ სტატუსი და გაიუმჯობესონ პირობები. ვერც ერთი რეფორმა, ცვლილება, თქვენ გარეშე წარმატებით ვერ განხორციელდება. მადლობას გიხდით საქმისადმი ასეთი დამოკიდებულებისა და გაწეული შრომისათვის“- აღნიშნა ცენტრის თანამშრომლებთან საუბრისას განათლების მინისტრმა.