Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა მშობლებს ურჩია, რომ სოფელში დასასვენებლად წაყვანილ ბავშვს თავისუფლება მისცენ და ის ზედმეტად არ შეზღუდონ:

„ბავშვები მონატრებულები არიან სოფელს. გაიხსენეთ თქვენი თავი, როდესაც ჩადიოდით სოფელში. პირველ დღესვე ხომ ყველა კუთხე-კუნჭულს მოირბენდით, ყველა ხეზე აძვრებოდით. პირველივე დღეს უნდა ბავშვს, რომ მოამთავროს ყველაფერი. ამ დროს მშობლები ეუბნებიან: რა დროს ეს არის? დაჯექი! ადაპტაცია უნდა ბავშვს, უნდა შეეგუოს, მათი აზრით. გარბიხარ ბავშვებთან, იმიტომ, რომ გენატრება ისინი. ბავშვებს მივცეთ თავისუფლება. ეს ყველაზე მთავარია. ჩვენ უნდა გავყვეთ ბავშვებს ჭიშკარს გარეთ.

ტანსაცმელი იმისთვის არის, რომ დაისვაროს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი არის წყლის ფენომენი. ჩვენ ბავშვობიდანვე წყალს გვიკრძალავენ. ბავშვებს ეუბნებიან: „ბევრი წყალი არ დალიო, საჭმელს ვერ შეჭამ!“ ეს არის აბსოლუტური სისულელე. როგორ უნდა დავლიო ბევრი და იმაზე მეტი, რაც მინდა? რა შუაშია ჭამა წყალთან?! წყალს ხელს შევუშვერდით და რას გვეუბნებოდნენ? „არ დასველდე! გაცივდები!“ ამ დროს გრილდება ბავშვი. მისი ტემპერატურა ჩვენს ტემპერატურაზე ყოველთვის მაღალია. მას გაგრილება უნდა. ხომ წუწაობდით ბავშვობაში?! ამას ვუშლით ბავშვებს. რაც მეტს იწუწავებს, რაც მეტს გაგრილდება, უფრო კარგად არის ბავშვი,“- მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად