Baby Bag

„როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, აღზრდა ნულის ქვემოთ დადის,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვის აღზრდაში მშობლის სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ მავნე ზეგავლენას გაუსვა ხაზი, რომელიც ბავშვში უფროსების აგრესიულ ქცევას აქვს:

„ბავშვის აღზრდაში სიმშვიდის გარეშე არაფერი არ გამოგივა, ვერ გაზრდი ბავშვს. როდესაც შენ ნერვიულობ, უყვირი ბავშვს, ხმას უმაღლებ, ხელი გექავება, რომ წაუთაქუნო ერთი, იმ მონაკვეთში აღზრდა ნულის ქვემოთ დადის. რაც გაგიკეთებია, რაც მიგიღწევია ბავშვთან, იმასაც შლი უკვე. იცოდე, რომ ეს ბავშვი შენი აღარ არის, სულიერად მოგშორდა ის.“

„როდესაც ის 12, 15, 17 წლის იქნება, შენს შვილს ვერ იცნობ. გაქცევა უნდა შენგან. რატომ? აგერ მიზეზები ჩავთესე და მივიღე შედეგები. მოდი, ვინატროთ, რომ ჰუმანური პედაგოგიკა შევქმნათ ოჯახებში და არა აკრძალვათა პედაგოგიკა,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

გენეტიკური ანალიზი, რომელიც გიჩვენებთ სპორტის რომელი სახეობისკენ აქვს ბავშვს მიდრეკილება - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის რეკომენდაციები

ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვი სპორტის კონკრეტულ სახეობაზე მიყვანამდე ფიზიკურად კარგად მოამზადონ:

„მე ჩემს შვილზე გეტყვით. გადავწყვიტე, რომ გენეტიკური ანალიზი ჩამეტარებინა. ძალიან მარტივია. ნაცხის საშუალებით იგებთ პასუხს. ანალიზია, პირდაპირ სახეობების მიხედვით არის, სადაც გიხატავს სათამაშო სახეობისკენ არის მიდრეკილება თუ ორთაბრძოლებისკენ. ჩემი შვილის ანალიზიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მას არ გამოუვა ფეხბურთი. ტესტი აჩვენებს, რომ მისგან 100% გამოვა მხოლოდ ორთაბრძოლა. მე რომ გავაკეთე ანალიზი, მაშინ უცხოეთში გავგზავნეთ. ეს პირდაპირ გაძლევს რეცეპტს. გადავწყვიტე, რომ მიზნობრივი პროგრამა დავწეროთ და სპორტის სამინისტროსთან ერთად ეს წარვადგინოთ, რომ თანხები არ დაიხარჯოს უაზროდ თავიდანვე. იმ სპორტსმენებზე, ვიზეც ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, წარმატებული ძიუდოისტები, ჩოგბურთელები იყვნენ, რომლებიც დღესაც თამაშობენ.

ბავშვი რომ გინდა მიიყვანო სპორტზე, ის მომზადებული უნდა იყოს ამისთვის. ადრე იყო სირბილი, ცურვა და ტანვარჯიში. ეს კომბინაცია, მოქნილობა, ტაქტიკა, ტექნიკა ემატება და იმის მიხედვით არჩევ სპორტს. პარალელურად ბავშვი უნდა წაიყვანო თამაშებზე, შეჯიბრებებზე და ის ბავშვი მერე თვითონ ხვდება, რა მოსწონს. ეს არის მთავარი. ცურვა, სიბილი, ტანვარჯიში არის საბაზისო,“- მოცემულ საკითხზე ზურაბ კახაბრიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად