Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე... მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი,“ - მსახიობი ეკა ნიჟარაძე

მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ საახალწლო სუფრის ტრადიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავად სტრატეგია შეცვალა:

„საახალწლო სუფრის სტრატეგია შევცვალე. მივხვდი, რომ ეს არის ზედმეტი. საშინელებაა... წლები იყო, რომ 12-ს აკლია 15, ბავშვები ამბობენ: „დედა, ჩაიცვი!“ დედას არაფერი აღარ უნდა. უნდა, რომ დაწვეს და დაიძინოს. რომელ ჩაცმაზე და მოწესრიგებაზეა ლაპარაკი?!“

ეკა ნიჟარაძის თქმით, დღევანდელ დღეს საახალწლო სუფრა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული:

„ძალიან დიდი ხარჯია, მით უმეტეს, ახლა ისე ძვირია ყველაფერი. ​დგახარ, წვალობ, ნერვიულობ, ალაგებ, შლი, მაცივარში ინახავ. მეორე დღეს აღარავის აღარ უნდა ეს საჭმელი. ყველაფერს აკეთებ იმიტომ, რომ უნდა გააკეთო. აღარ ვაკეთებ. სალათი, თევზი, მარტივი რაღაცები კეთდება, რასაც შეჭამენ.“

„დღევანდელ ჩვენს მდგომარეობაში მეუხერხულება კიდევაც არანორმალური სუფრების გაშლა. შეიძლება სხვა მიმართულებით გაუშვა, თუ გაქვს, რომ მარტო არ გამოსკდე სახლში. რა თქმა უნდა, ახალი წლის სუფრა იქნება ოდნავ განსხვავებული. ზუსტად ვიცი, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ამაზე გული არ დასწყდებათ,“ - აღნიშნულ საკითხზე ეკა ნიჟარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად