Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ადამიანის ცხოვრებაში მათემატიკის როლისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათემატიკური უნარი ყველა ადამიანს აქვს:

„ისევე როგორც ჩვენი ყველა დანარჩენი უნარი, მათემატიკური უნარიც ვიღაცას უფრო მეტი აქვს, ვიღაცას უფრო ნაკლები, მაგრამ ყველას აქვს. ძალიან ხშირად, ზუსტად იმის გამო, რომ ჩვენ გვეშინია, თვითშეფასება გვაქვს დაბალი, არ გვინდა ვიღაცას ვაჩვენოთ, რომ ვართ სულელები, გვგონია, რომ ჩვენ არ შეგვიძლია. მათემატიკური უნარი ნამდვილად ყველას აქვს. ამას როგორც ფსიქოლოგი ვამბობ.“

„ვიღაცას აქვს ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღაცას - ნაკლები. ვისაც არ აქვს ისეთი შესაძლებლობა, იმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამისგან სიამოვნება მიიღოს.​ მასწავლებელზეა ძალიან დამოკიდებული, მე აქედან სიამოვნებას მივიღებ თუ არა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაოდენობრივი შემეცნება. რაოდენობრივ შემეცნებას სჭირდება სიამოვნების დანახვა. ეს ჩვეულებრივი განცდა არ არის. უნდა დაინახო და გაიგო ეს სიამოვნება. ამ გაგებაში ძალიან დიდი როლი აქვს უფროს ადამიანს. ეს შეიძლება იყოს მშობელი, მასწავლებელი განსაკუთრებით, რომელიც დაგანახვებს, რომ ამ რიცხვების უკან არის მშვენიერება და შესაძლებლობა, რომ აღწერო სამყარო, რეალობა და გაუკეთო ინტერპრეტაცია. თუ ვერ დაინახე და ვერ გაიგე, ვერ ისიამოვნებ. ვისაც მოსწონს რიცხვები, იმისთვის სულ სხვა განცდებია და სხვა გზაა,” - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​M ვექტორი

წაიკითხეთ სრულად