Baby Bag

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიტყვა „დამორჩილება“ საერთოდ არ გამოიყენოთ აღზრდაში, დამორჩილებული არ აღიზრდება," - აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

„სიტყვა „დამორჩილება“ საერთოდ არ გამოიყენოთ აღზრდაში, დამორჩილებული არ აღიზრდება," - აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია შვილებთან ურთიერთობისას სიტყვები სიფრთხილით გამოიყენოს:

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდა დედიკო, გაუფრთხილდი საკუთარ სიტყვას, საკუთარ მოთხოვნებს. არ განერვიულდე ყველაფრის გამო, რასაც ბავშვი აკეთებს. ის ბავშვია. თუ შენ შენი ანგელოზი გიყურებს ზემოდან, იქნებ ისიც ნერვიულობს, ხანდახან ისეთ რაღაცას გააკეთებ, ისეთ რამეს ეტყვი ან ქმარს, ან დედამთილს, ან მეზობელს. შენიშვნების მოცემა რომ დაგიწყონ, რა გუნებაზე დადგებით?“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვები მარტო არ უნდა დავტოვოთ:

„ბავშვები მარტო არასდროს არ უნდა დავტოვოთ. როცა ერთი ბავშვია სამართავად ადვილია. დროც ეყოფა, რამდენიც უნდა იცელქოს,​ დაეცლება თავისი მოთხოვნები და ჩაწყნარდება. როდესაც ორია, ერთმანეთს აგიჟებენ. თუ სამია, მთელი ომი იმართება. ოთხი და ხუთი კი სულ სხვა რაღაცაა... თუ სამი ბავშვია, მე იქ მეოთხე უნდა ვიყო. იმიტომ კი არა, რომ მათი ურთიერთობა ვაწესრიგო. ეს არის კითხვა, ერთობლივი თამაში, ჩურჩული.“

„სიტყვა „დამორჩილება“ საერთოდ არ გამოიყენოთ აღზრდაში. ბავშვი არ უნდა დაიმორჩილო. დამორჩილებული არ აღიზრდება. თქვენს ცხოვრებასთან შემოერთებული ბავშვი, რა თქმა უნდა, აღიზრდება. როდესაც სულიერი ერთობა დარღვეულია, მაშინ ხდება პრობლემა „როგორ დავიმორჩილო ბავშვი?“ მაშინ როგორც ცხენი უნდა დაიმორჩილო, ლაგამი ამოსდო, ქამარი დაანახვო და დამორჩილებული გეყოლება ბავშვი რაღაც ასაკამდე. მერე მაინც გაგექცევა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

წაიკითხეთ სრულად