როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
უნდა ჩავრთოთ თუ არა უფროსი შვილები უმცროსების გაზრდის პროცესში, როგორ და რამდენად მიზანშეწონილია ეს?
უნდა ჩავრთოთ თუ არა უფროსი შვილები უმცროსების გაზრდის პროცესში, როგორ და რამდენად მიზანშეწონილია ეს? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე.
- ხშირად მშობლები უმცროს შვილებს უფროსებს აზრდევინებენ, ან ავალდებულებენ დიდი დოზით მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში. რამდენად მიზანშეწონილია ეს მიდგომა?
- აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი - რამდენია ასაკობრივი სხვაობა დედმამიშვილებს შორის, რამდენად ყოველდღიური ხასიათი აქვს უფროსი შვილის დახმარებას, რამდენად სასურველ და საინტერესო აქტივობებში ვრთავთ მას, რას იღებს სანაცვლოდ აქედან და ა.შ. მისთვისაც საინტერესო უნდა იყოს პროცესში ჩართვა, უნდა იღებდეს შექებას ან რაიმე სასურველ ჯილდოს მაინც. პატარა და-ძმაზე ზრუნვა ბავშვს უვითარებს ემპათიის გრძნობას, მზრუნველობას, პასუხისმგებლობის გრძნობას და ასევე აგრძნობინებს თავს უფრო კომპეტენტურ და „დიდ“ ადამიანად, რაც ზრდის მის თვითშეფასებას. კარგია თუ ასეთ „დახმარებას“ ექნება სიტუაციური ხასიათი, მაგალითად: თუ დედას რამე სტკივა და უფროსი შვილი ეხმარება, დედას უცბად დაურეკეს და ბავშვმა საწოვარა გამოართვა მას და ა.შ. მნიშვნელოვანია, ამ დახმარებას ჰქონდეს მიზეზი და საჭიროება. თუ ამას აქვს ყოველდღიური და სავალდებულო ხასიათი, რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის სტრესის გამომწვევი მიზეზი გახდება. განსაკუთრებით თუ ბავშვი 7 წლამდე ასაკისაა და თამაშის მაგივრად, რაც ამ პერიოდში ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, მშობელი აიძულებს ყოველდღე ბავშვმა „დედის ან მამის ფუნქცია“ შეითავსოს.
ასევე მნიშვნელოვანია, ამ მხრივ უსაფრთხოების გათვალისწინებაც. ჩვენ, უფროს შვილებს უნდა დავავალოთ ის, რაშიც უკვე თვითონაც მომწიფებულნი და დამოუკიდებელნი არიან. თუ ბავშვი თვითონ საჭიროებს ყურადღებას ან თვითონ არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რა თქმა უნდა, ის უუნაროა ამ დროს უმცროს და-ძმაზე იზრუნოს.
- ხომ არ დავაკარვინებთ ამით ბავშვობის მნიშვნელოვან პერიოდს და დავაზიანებთ მათ ფსიქიკას?
- ამ თემაზე ძალიან საინტერესო თეორიები ჰქონდათ, ორ ფსიქოთერაპევტს, ზიგმუნდ ფროიდს და ალფრედ ადლერს. ფროიდის აზრით, ბავშვის როლი ოჯახში, მისი ურთიერთობები და-ძმებთან შემდგომში განაპირობებენ მისი პიროვნების ფორმირებას და სხვებთან ურთიერთობების ფორმებს. ადლერის აზრით, კი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც კი, თუ მერამდენეა ბავშვი დაბადების რიგით - დედისერთა, უფროსი, შუათანა თუ ნაბოლარა. როცა ბავშვი დედისერთაა, მშობლების მთელი ყურადღება მას ეკუთვნის, ანებივრებენ, ეჩვევა დიდი რაოდენობით ყურადღებას. ძირითადად არც აფრთხილებენ ხოლმე ბავშვს, რომ ოჯახში მატებაა და უცებ ის ხედავს პატარა დას ან ძმას, რომელმაც მისთვის ნაცნობი ყურადღება „მიითვისა“. უმეტესობას ამ დროს ეჭვიანობის და კონკურენციის გრძნობა უჩნდება, რის მოდიფიკაციას და ჩანაცვლებასაც ჩვენ ვახდენთ მსუბუქი, სიტუაციური ზრუნვით უმცროს დედმამიშვილზე. ამიტომ თუ ჩვენ ამ დროს ძალიან დავტვირთავთ, მოვწყვეტთ მისთვის საინტერესო აქტივობებს, თამაშებს, მეგობრებს, ეს უფრო გააღვივებს მის კონკურენტულ დამოკიდებულებას დედმამიშვილთან.
- გარდა უფროსი შვილებისა, თვითონ უმცროს ბავშვზეც უარყოფით ზეგავლენას ხომ არ მოახდენს დედის ნაკლები ჩართულობა?
- დედის ნაკლები ჩართულობა ყოველთვის მოქმედებს ბავშვის ცხოვრებასა და განვითარებაზე. ბავშვზე ზრუნვა ეს მხოლოდ მისი მატერიალური ან ფუნქციური დახმარება არაა, ეს ემოციური კავშირიცაა. რამდენად იდენტური იქნება 13 წლის მოზარდის და დედის შედარება ერთმანეთთან, როცა 13 წლის მოზარდი ამ ასაკში ფსიქოლოგიურად თუ ემოციურად საერთოდ არაა მომწიფებული „მშობლობისთვის“.
- ბევრი მშობელი მარტო ზრდის ბავშვებს, ამიტომ უწევთ დახმარება უფროს შვილებს სთხოვონ, თუმცა მოზარდებს პირადი სივრცე სჭირდებათ. როგორ უნდა მივუდგეთ შვილებს ასეთ სიტუაციაში?
- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შევუთანმხდეთ უფროსს შვილს, რატომ და რისთვის, რამდენი ხანი და რა ფორმით გვჭირდება მისი დახმარება. ასე ვთქვათ, ვაგრძნობინოთ, რომ ეს იძულება არაა, ნებართვას ვიღებთ მისგანაც, მის აზრსაც ვითვალისწინებთ და არჩევანის საშუალება აქვს. ასეთი შეთანხმებების დროს ხაზი გაესმევა იმას, თუ რისი გადადება შეუძლია უფროს შვილს და რა არის იმდენად პრიორიტეტული, რომ ამ შემთხვევაში დედასაც მოუწევს მასზე მორგება. მნიშვნელოვანია ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარული და მადლიერება ამ დახმარებისთვის, წავახალისოთ მისი დახმარება და მისი ინტერესებიც ჩავრთოთ ამ პროცესში. მაგალითად, „თუ შენი დაიკოს ოთახში იქნები, სანამ სძინავს შეგიძლია შენს საყვარელ ფილმებს უყურო.“ შეჯამების სახით რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უფროსი შვილის ინტერესებიც, არჩევანის საშუალება დავუტოვოთ და დავაფასოთ მისი ძალისხმევა. ესაუბრა მარიამ ჩოქური