როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ოთხი თვის ასაკში უკვე შეგვიძლია, რომ კოვზით კვება წავახალისოთ,“ - ოკუპაციური თერაპევტი ნინო ჭუმბურიძე
ოკუპაციურმა თერაპევტმა ნინო ჭუმბურიძემ ბავშვებში მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ჩვევების განვითარება ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ:
„ჩვევების გამომუშავებას ვიწყებთ ძალიან ადრეული ასაკიდან. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ: ხელების დაბანას, კბილების გამოხეხვას, ჩაცმა-გახდას, ტუალეტის მოხმარებას და ა.შ. მაგალითად ავიღოთ კვება. კვებას არ აქვს ის ოქროს ასაკი, საიდანაც უნდა დავიწყოთ დამოუკიდებლად კვებაზე მუშაობა. როდესაც ჩვილობისას ბოთლიდან იკვებება ბავშვი , დავადებინოთ ხელი, რომ შეიგრძნოს ტემპერატურა, მოძრაობები, რომელსაც აკეთებს. ოთხი თვის ასაკში უკვე შეგვიძლია, რომ კოვზით კვება წავახალისოთ. დავაჭერინოთ ბავშვს ხელში კოვზი. შესაძლებელია ამ პერიოდში ბავშვი დამოუკიდებლად კოვზით ვერ ჭამდეს, მაგრამ ეჭიროს კოვზი ხელში და აბრახუნებდეს მაგიდაზე, ფაფაში დაასველოს და მეორე კოვზით დედა კვებავდეს ფაფით.“
ნინო ჭუმბურიძემ მშობლებს ურჩია ბავშვისთვის უნარების სწავლებისთვის დრო გამონახონ, რათა მომავალში მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეთ:
„მშობლები მეუბნებიან: „არ გვაქვს დრო.“ ვიცი, რომ ყველას გვაქვს გადატვირთული გრაფიკი. ყოველთვის ვეუბნები მშობლებს, რომ ახლა გამოყოფილი ზედმეტი 20 წუთი ნიშნავს, რომ 2-3 თვის შემდეგ თქვენ გაქვთ გამოთავისუფლებული დრო, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად შეჭამს საჭმელს. რა თქმა უნდა, არსებობს განვითარების ასაკობრივი ჩარჩო. თუ ბავშვი ოთხი თვის ასაკში კოვზით არ ჭამს, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ტრაგედიაა. ორი წლის ასაკში ბავშვი, შესაძლოა, დამოუკიდებლად ჭამდეს, თუმცა, შესაძლოა, სჭირდებოდეს გარკვეული ტიპის დახმარება.“
ნინო ჭუმბურიძემ აღნიშნა, რომ ბავშვებს წესები და ბრძანებები არ უყვართ და მათთან სხვაგვარი მიდგომაა საჭირო:
„ბავშვებს არ უყვართ წესები. არ უყვართ, როდესაც ვეუბნებით, რომ ეს უნდა გააკეთო, ეს არ გააკეთო. ყოველთვის ვთავაზობთ ორ ალტერნატივას. მაგალითად, ერთად დავალაგოთ. „მიდი, დაალაგე“ არასდროს იქნება ბავშვისთვის საინტერესო. ვუთხრათ: „მოდი, შენ ეს კონკრეტული ფერი ერთ კალათში ჩაყარე, მე მეორე ფერის სათამაშოებს ჩავყრი სხვა კალათში.“ ის, რომ ბავშვს ყოველდღე ვუმეოროთ: „გაიხეხე კბილები, დაიბანე ხელი,“ ძალიან მოსაწყენია მისთვის. ბავშვს ათამაშეთ ისეთი თამაშები, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკრეტული უნარ-ჩვევების განვითარებას.“
„ბავშვებს უმეტესობა სათამაშო უკვე მობეზრებული აქვთ. ასეთ შემთხვევაში მშობელს ვეუბნებით, რომ ბავშვს ყოველდღიურად გამოყენებადი საგნებით ეთამაშეთ. ხელთათმანები გაუბერეთ, შპრიცით დაასხით სხვადასხვა ფერის საღებავი ხელთათმანზე, უთხარით, რომ გარეცხოს. ყველაზე საყვარელი თამაშია ბავშვების, რომ ხელთათმანს ვუკეთებთ და საღებავებით იგივე მოძრაობები უნდა გააკეთოს, რასაც აკეთებს საპნის მოხმარების დროს. ყველაფერი დაისვრება, მაგრამ მერე ბავშვს ჩავრთავთ სახალისოდ გასუფთავების პროცესში. მას ვაძლევთ ჯაგრისს, რომ ჩამოწმინდოს ნიჟარა. ეს არის ხელის ძალიან კარგი მოძრაობები, რაც ბავშვს მერე ეხმარება კვებაში, კბილის გახეხვაში.,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ჭუმბურიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.