როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს, რა ხერხებით არის შესაძლებელი, რომ მივაჩვიოთ ქოთანზე დასმას და რა ასაკიდან უნდა მივიჩნიოთ პრობლემად შარდის ან განავლის შეუკავებლობა? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი, ბავშვთა ნეფროლოგი ქეთევან ქვათაძე.
- ქალბატონო ქეთევან, მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს პატარას საფენისგან გადაჩვევა. რა ასაკიდან უნდა დავსვათ ბავშვი ქოთანზე?
- ყველა ბავშვის განვითარება ინდივიდუალურია. ამის გათვალისწინებით განსხვავდება საფენის გახდის და ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლის ასაკი. ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ ბავშვების უმეტესობა ტუალეტის უნარ-ჩვევების შესწავლისთვის მზად არის 18-24 თვის ასაკისთვის. მიუხედავად ამისა, ასაკი არ არის ერთადერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი.
- რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა იმ დროს, როცა ქოთანზე დასმას გადაწყვეტს?
- წარმოგიდგენთ რამდენიმე ზოგად რჩევას და მითითებას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს ან გაითვალისწინოს მშობელმა.
პირველ რიგში, უნდა მოიმარაგოთ: კომფორტული დასაჯდომი ქოთანი და ტუალეტზე დასამაგრებელი რბილი ადაპტერი, დასადგომი სკამი ხელების დასაბანად, ილუსტრირებული წიგნი ან ვიდეორგოლები, სადაც არის გზამკვლევი ტუალეტის ტრენინგის შესახებ, პამპერსი ტრუსები, რამდენიმე ცალი ნაჭრის საცვალი, მატრასის დამცავი პამპერსი საფენი და წამახალისებელი სტიკერები.
ნაბიჯი პირველი:
ყურადღების მიპყრობა - ბავშვი მხოლოდ პამპერსით ან საცვლით ქოთანზე დასვით და წაუკითხეთ წიგნი ან აყურებინეთ ვიდეორგოლი, სადაც ტუალეტის ტრენინგის შესახებ არის მოთხრობილი.
ნაბიჯი მეორე:
შეარჩიეთ „კარგი დრო“ - სასურველია, იყოს თბილი ამინდები, რომ იოლად შეძლოთ ხშირად გამოცვლა. ოჯახის წევრები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ უნდა იყვნენ მაქსიმალურად ორიენტირებულები. არ დაამთხვიოთ მოგზაურობას ან საცხოვრებელი სახლის ცვლილებას.
ნაბიჯი მესამე:
დააწესეთ რუტინა - ბავშვი ქოთანზე ერთი და იმავე დროს დასვით, მაგალითად, სადილის ან ბანაობის შემდეგ, ძილის წინ. თავდაპირველად შესაძლებელია დაჯდეს ჩაცმული ან საფენით.
გახადე პერსონალური - შეეცადეთ პირადი პასუხისმგებლობა აუმაღლოთ. ქოთანში ან საფენში მოთავსებული ფეკალიები თქვენი დახმარებით გადააგდებინეთ ტუალეტში.
ნაბიჯი მეექვსე:
წაახალისეთ - მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია წახალისება. ტუალეტის ჩვევებთან დაკავშირებით, ყოველი ახალი წინ გადადგმული ნაბიჯისთვის დააჯილდოვეთ, მაგალითად, აწარმოეთ დღიური, კალენდარი, სადაც ყოველდღიურად წებოვან ილუსტრირებულ სტიკერებს ბავშვი თავად ჩააკრავს.
ნაბიჯი მეშვიდე:
საცვალი - თავდაპირველად ადაპტაციამდე გამოიყენეთ პამპერსი ტრუსი, რომელსაც დამოუკიდებლად და იოლად თავად გაიხდის და ჩაიცვამს.
ნაბიჯი მერვე:
მარცხი - ჩასველებისას არ გაუბრაზდეთ და არ დასაჯოთ, შეხვდით ამას პოზიტიურად, გამოუცვალეთ და აუხსენით, რომ შემდეგ ჯერზე უფრო მეტად ყურადღება მიაქციოს მოშარდვის ან დეფეკაციის სურვილს.
ნაბიჯი მეცხრე:
ღამე - საწოლში დაუფინეთ დამცავი პამპერსი საფენი, რომელიც მატრასს დასველებისგან დაიცავს. თუ ღამით ტუალეტის ტრენინგის მცდელობა იქნება წარუმატებელი, არ იღელვოთ, ღამით ჩასველება 5 წლის ასაკამდე პათოლოგიასთან არ ასოცირდება.
ნაბიჯი მეათე:
ჯილდო - ტუალეტის ტრენინგის ყოველი მისი წარმატება სიხარულით აღნიშნეთ. სიტყვიერად შეაქეთ და დემონსტრაციულად აღნიშნეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაბიჯის შესრულების და ადაპტაციისთვის შესაძლოა, მოგიწიოთ რამდენჯერმე განმეორება.
აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ბავშვის სხვადასხვა ინდივიდუალური გარემოება და დეტალური ინფორმაციისთვის შეათანხმოთ ბავშვის პირად ექიმთან.
- რა ასაკიდან არის პრობლემა, თუ ბავშვს არ ჩამოუყალიბდა ეს ჩვევა და ვერ გადაეჩვია საფენს?
- როდესაც ბავშვი 4 წელზე მეტია და არ აქვს ჩამოყალიბებული დღისით ტუალეტის ჩვევები - აქვს შარდის და განავლის შეუკავებლობა, რეკომენდებულია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ის მითი უნდა დაინგრეს ჩვენთან, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება და მუცელი ებერება,“- პედიატრი ნინო კამკამიძე
პედიატრმა ნინო კამკამიძემ ბავშვის მოტორული განვითარების ხელშეწყობის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში სწორად ჩაცმას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება:
„პირველ რიგში, სწორი ჩაცმაა მნიშვნელოვანი. როდესაც ბავშვი მიდის გადახურებისკენ, არასწორი ჩაცმულობაა მის ცხოვრებაში წესად, იკარგება სითხე. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი იწვევს კუნთების ტონუსის მოდუნებას. კუნთების ტონუსის მოდუნება ბავშვს ხდის უხალისოს. მას ჭამა ეზარება, ყველაფრის კეთება ეზარება. სად გინახავთ ადამიანს სცხელოდეს და ის ხალისით მუშაობდეს ან ჭამდეს?! ვითომ რა მოხდა, რომ ბავშვს ორი შარვალი და ორი წინდა ეცვას, ეს არის უკვე პირველი დანაშაული და ძალადობა მის ფიზიოლოგიაზე. ეს პირდაპირპროპორციულად მისი ტვინის განვითარებაზე მეტყველებს ცუდად.“
ნინო კამკამიძის თქმით, უნდა დაინგრეს მითი იმის შესახებ, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება, რაც მუცლის ტკივილს იწვევს:
„ის მითები უნდა დაინგრეს ჩვენთან, რომ ბავშვი ფეხიდან ცივდება და მუცელი ებერება. მუცლის კოლიკები 12-16 კვირამდე ყველა ჩვილის პრობლემაა. წინდა ეცმევა თუ არ ეცმევა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მტევანი და ტერფი არის ერთი ფუნქციით. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორ ჩაცმას. მინდა, დედიკოებს ვუთხრა, რომ ჭამა არის შრომა მათ ცხოვრებაში. შრომის დროს ადამიანის სისხლის მიმოქცევა ძლიერდება. ჭამის დროს ბავშვს ერთი ზედმეტი ტანსაცმელი გავხადოთ.“
ნინო კამკამიძემ ხაზი გაუსვა ბავშვთან კომუნიკაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ პატარებს პოზიტიური ინფორმაციის და ქათინაურების მოსმენა უყვართ:
„ბავშვებს მუცლად ყოფნის პერიოდან ესმით მშობლის ხმა, დამახსოვრებული აქვთ ხმები. მათ ძალიან სიამოვნებთ პოზიტიური ინფორმაციის მოსმენა და ბევრი ქათინაური. ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან მუდმივად ეკონტაქტონ, ესაუბრონ, შეათანხმონ ჭამის, ბანაობის, სტუმრიანობის საკითხი. მუდმივ დიალოგში უნდა იყოს ოჯახი ჩვილთან, რომ მისგან გამოიწვიონ ემოცია. ეს მისი ტვინის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია."
„გარეთ არის ყველაზე ნაკლები ვირუსის კონცენტრაცია, მეტია ჟანგბადი. აივანიც თურმე არ ითვლება გარეთა სივრცედ, აივანზეც გადადის სახლის სიმხურვალე. კლიმატოთერაპია დღეს არ განიხილება მკურნალობის მეთოდად. რასაკვირველია, სუფთა გარემო და ბუნებასთან ურთიერთობა ყველა ადამიანისთვის სასიკეთოა და მით უმეტეს, ჩვილობაში, მაგრამ დოგმატურად აქაც არ უნდა მივუდგეთ, რომ გინდა თუ არა კურორტი და მეტი არაფერი. სადაც წავა ჩვილი, სასურველია, რომ იმ კურორტზე 2-3 კვირა გაჩერდეს, რომ სწრაფ აკლიმატიზაციაში არ იყოს წასვლა-წამოსვლაში. წასვლა ყველგან შეიძლება. სადაც დედა და მამა ჰყავს შვილს, სადაც მშობლების სიყვარულია, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იმოგზაუროს ბავშვმა,“ - აღნიშნულ საკითხზე ნინო კამკამიძემ LIFE FM-ის გადაცემაში „FM-პედიატრი“ ისაუბრა.