რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მოზარდებში აგრესიას განაპირობებს სიყვარულის, ზრუნვის და უფროსებთან ურთიერთობის დეფიციტი,“ - მარიამ წიკლაური
პოეტმა მარიამ წიკლაურმა მოზარდებში აგრესიის მომძლავრების პრობლემასა და მის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბავშვები გამუდმებით აგრესიას უყურებენ, რის გამოც თავადაც მსგავს ქცევას ავლენენ:
„ის, რაც ინთხევა, გადმოდის, გაუთავებელი, ერთმანეთისადმი შეურაცხმყოფელი საუბარი, ბავშვს შეუძლია დაინახოს, რომ გალანძღონ, ელემენტარულად საუბარი არ აცალონ ერთმანეთს. ეს გაუთავებელი ლანძღვა, აგრესია, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. შეიძლება ყველაფრის ჩვენება ეკრანიდან?! ბავშვი გამუდმებით უყურებს მკვლელობას, სისხლს, გლეჯვას. სულ პატარა ბავშვებისთვის ისეთ რაღაცებს ამზადებენ, მე არ ვიცი ვის ტვინში იხარშება ეს. კაცობრიობა არასწორი გზით რომ მიდის, ამას ვიტყვი.“
მარიამ წიკლაურმა აღნიშნა, რომ მოზარდებში აგრესიის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი ზრუნვის და სიყვარულის დეფიციტია:
„მერე უკვე გვიკვირს, რატომ არიან ეს ბავშვები აგრესიულები. მოზარდებში აგრესიას რა განაპირობებს? ამას განაპირობებს სწორედ დეფიციტი სიყვარულის, ზრუნვის და უფროსებთან ურთიერთობის. თუ ბავშვს გამოვაცალეთ მშობლები, გავუშვით სხვაგან პურის ფულის საშოვნელად, თუ ტელეეკრანიდან მარტო აგრესია ვაყურებინეთ, თუ არავინ ამ ადამიანებს არ დაელაპარაკა, თუ მათ საყრდენი არ იპოვეს, ამას თუ ვერაფერს მოვახერხებთ, რა გამოვიდა მაშინ?!“
„ხომ გაგვიგონია, რომ განსაკუთრებით კულტურულ, ზნეობრივ ადამიანზე იტყოდნენ, მეცხრამეტე საუკუნის კაციაო. ჩვენ რა რეალობაში ვართ? ათასწლეული გარდატყდა ჩვენზე. ეს, რა თქმა უნდა, სრულიად ახალ ადამიანურ მენტალიტეტს აყალიბებს, სრულიად ახალ ინტელექტუალურ სვლებს, ახალ კავშირებს. ჩვენ ვერ ვართ ამისთვის მზად. ვერც ახალგაზრდებს განვაწყობთ საამისოდ, რომ სწორად, ადვილად იპოვონ გზა. ისინი თავიანთ გზებს ეძებენ და ხშირად ჩვენზე ბევრად უკეთესად, მაგრამ ყველა ერთნაირი არ არის. დიდი დანაკარგებით მივდივართ წინ, ან საერთოდ ვერ მივდივართ წინ,“ - აღნიშნულ საკითხზე მარიამ წიკლაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ისაუბრა.