რა უარყოფით ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ჯანჯღარით დაძინება და როგორი უნდა იყოს ძილის წინა რუტინა, რათა ბავშვს სწორი ძილის რეჟიმი ჩამოუყალიბდეს? - ამ თემაზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ნევროლოგი ნინო თარხნიშვილი.
- ქალბატონო ნინო, ხშირად მშობლები პატარებს ჯანჯღარით აძინებენ, რამდენად მიზანშეწონილია ეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის?
- ბავშვების ჯანჯღარით, ზედმეტი რწევით დაძინება აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა ასაკში. აღნიშნულ ასაკში კისრის კუნთები სუსტია, ხოლო თავის ტვინი მყიფე. თუ ბავშვი ძლიერად ირყევა, მყიფე ტვინი იწყებს წინ და უკან მოძრაობას თავის ქალის შიგნით, რაც იწვევს სისხლჩაქცევის განვითარებას - ეს მდგომარეობა ცნობილია ე.წ. ნანჯღრევი ბავშვის სინდრომის სახელწოდებით ( Shaken baby syndrome). სამწუხაროდ, აღნიშნული მოქმედება ხორციელდება მშობლების ან/და აღმზრდელების მიერ, როდესაც ცდილობენ მტირალი ბავშვის გაჩუმებას და რეალურად წარმოადგენს ძალადობის ფაქტს. ამ ტიპის დაზიანება ვითარდება არა მხოლოდ მიზანმიმართული ნჯღრევა-რყევით, არამედ თავის დარტყმით ან მიჯახებით რაიმე მყარ ზედაპირზე. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ტიპიურად ვითარდება სუბდურული ან/და სუბარაქნოიდული ჰემატომა და ბილატერალური რეტინული ჰემორაგია, შესაძლებელია თანხლებული იყოს სხვადასხვა ლულოვანი ძვლების მოტეხილობით.
- შესაძლოა თუ არა ჯანჯღარით დაძინებამ შეაფერხოს ბავშვის სწორი განვითარება და რაიმე დაუზიანოს?
- მშობლებს და აღმზრდელებს აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ თუნდაც მცირე რყევამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის შეუქცევადი დაზიანება, შესაძლებელია ფატალური გამოსავალიც - ლეტალობა საშუალოდ 20-25 %-ია. ბავშვებს შესაძლებელია განუვითარდეთ ნაწილობრივი ან სრული სიბრმავე, ლეთარგია, აგზნება, რესპირაციული პრობლემები, ცნობიერების დათრგუნვა. საბოლოო გამოსავალი დამოკიდებულია ტვინის დაზიანების ხარისხზე და შემდგომში შესაძლებელია გამოიხატოს განვითარების შეფერხება, დასწავლისა და ქცევის პრობლემები, ეპილეფსიური გულყრები, მძიმე უნარშეზღუდულობა/ცერებრული დამბლა, ჰიდროცეფალია, სმენის დაკარგვა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელება, განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვის ძლიერი რყევის რისკებისა და საფრთხის შესახებ.
- ეტლით რწევაზე რომ ვისაუბროთ...
- რაც შეეხება ძილის დროს ეტლით რწევას, მსუბუქი რწევა დასაშვებია, თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რისკების შესახებ. ძილის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია, განვახორციელოთ ჩვილობის ასაკიდან და შევეცადოთ მივაჩვიოთ თანდათანობით დამოუკიდებლად დაძინებას, ძილის შებრუნებას. სასურველია ძილის განრიგი იყოს რეგულარული, დავნერგოთ ე.წ. ძილის რუტინა - თანმიმდევრული მოქმედებები, ძილის წინა პერიოდში.
6 თვის ასაკიდან უნდა შევეცადოთ კვება ამოვიღოთ ძილის წინ რუტინული აქტივობებიდან;
საძინებელში უნდა იყოს ხელსაყრელი გარემო - სუსტი სინათლე, სიგრილე, სიმშვიდე;
ბავშვი დასაძინებლად უნდა დაწვეს მაშინ, როდესაც ეძინება, მაგრამ ფხიზელ მდგომარეობაში;
შევეცადოთ ბავშვმა დამოუკიდებლად დაიძინოს;
საჭიროა დილით დღის სინათლის შეღწევადობა საძინებელ ოთახში;
თუ მშობლისთვის რთულია ბავშვის ტირილისა და პროტესტის მიმართ იყოს ტოლერანტული, თანდათან უნდა შეაჩვიოს ბავშვი დამოუკიდებლად დაძინებას;
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგის ჩართულობაც.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ფიზიკური დასჯა როდესაც არის ბავშვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს,“ - ყარამან ფაღავა
პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის დასჯის სწორი და არასწორი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ბავშვთან ემოციების გამოხატვის მნიშვნელობას:
„ფიზიკური დასჯა როდესაც არის ბავშვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელი ცხოვრებაში დამარცხებულია და ბავშვზე იყრის ჯავრს. როგორ შეიძლება პატარას გალახვა?! ემოციის გამოხატვა შეიძლება, თუ რაღაც არ მოგწონს. გაუცინეთ, გაუღიმეთ, მაგრამ თუ გაბრაზდებით, ეს გაბრაზებაც უნდა გამოიჩინოთ. ისიც დაინახავს ამას, არავის არ უნდა, რომ მშობელი მასზე გაბრაზებული იყოს. თუ რამე კარგი აქვს ბავშვს, ნუ დაგენანებათ კომპლიმენტის თქმა. სასჯელის გადავადება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. „კვირის ბოლოს მე შენ დაგსჯი,“ - თუ დასჯა გინდა, ახლავე დასაჯე. ერთი კვირის განმავლობაში ბავშვი სულ იმის შიშშია, რომ რაღაცას უზამენ.“
„მოსყიდვა არ ვარგა. ბავშვის და ადამიანის გაფუჭებაა. „ამას მოგცემ, სამაგიეროდ შენ ეს გააკეთე,“ - არა! „ამას მოგცემ, იმიტომ, რომ კარგი ბიჭი ხარ, შენ ეს გევალება, იმიტომ, რომ მშობელი გაახარო.“ არა იმიტომ, რომ რაღაც ფულს გაძლევენ.“
ყარამან ფაღავამ აღნიშნა, რომ მშობლის მხრიდან ბავშვის განვითარების მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია:
„მთავარი არის განვითარების მონიტორინგი. ყველას უნდა, რომ შვილი კარგი ჰყავდეს, ამიტომაც ადარებს სხვებს. ნუ შევედარებით საშუალოს. სჯობს შევედაროთ საუკეთესოს. ეს სწრაფვა უნდა იყოს, რომ ჩვენი შვილი იყოს საუკეთესო. ზოგჯერ ეს არ გამოდის. ამაშიც არ არის ტრაგედია. განვითარების ტემპი სხვადასხვაა. ზოგიერთი სწრაფად ვითარდება, ზოგიერთი ნელა ვითარდება. მთავარი ის არის, რომ ბავშვი უნდა გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის.“
„განვითარების მონიტორინგზე როდესაც ვსაუბრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის რჩევებს. ხშირად ექიმთან მიჰყავთ, ახველებს ბავშვს, სურდო აქვსო. ჩემთან როდესაც მოჰყავთ ავადმყოფი, ყოველთვის ვკითხულობ, რა წიგნს კითხულობს, თვითონ თამაშობს თუ არა. შეუძლია თუ არა ლოგიკური თამაშების გაკეთება. მთავარი ძალისხმევა უნდა იყოს, რომ ბავშვს ვასწავლოთ კარგი კითხვა. ძალიან კარგი საშუალებაა ერთად საქმიანობა. ბავშვის აღზრდის ერთ-ერთი საუკეთესო ელემენტი არის ბავშვის ჩაბმა ჩვენს ყოველდღიურობაში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ყარამან ფაღავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.