უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
„ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ, რომ როდესაც ოჯახში პატარა წევრი ჩნდება, უფროს ბავშვს ავალებენ პასუხისმგებლობას,“ - პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვებში ზრუნვის უნარის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:
„ჩემი და ჩემზე უმცროსია. მახსოვს, როდესაც სკოლაში დავდიოდი, მამაჩემმა მითხრა, ძალიან მინდა მაღაზიაში გამომყვე, შენთვის რაღაც აარჩიე, შენი დისთვისაც რამე შეარჩიე და აჩუქეო. მაღაზიაში ბედნიერი წავედი. ჩემს დას სიხარულით რაღაც ავურჩიე. მე უკვე ბედნიერი ვიყავი, რომ მეც რაღაც შემხვდა. ეს მომენტი მახსოვს, რომ ნინოს ვაჩუქე რაღაც და ის რა გახარებული იყო. მერე გავიგე, რომ ამ დროს დედამ ჩემს დას უთხრა, შეიძლება შენმა ძმამ დღეს რაღაც გაჩუქოს და ალბათ, ძალიან გაგიხარდებაო. იმის მერე დღემდე მინდა, რომ ჩემს დას რაღაც ვაჩუქო, რაღაც პატარა გავუკეთო.“
„ბავშვები ბუნებით ეგოისტები არიან. კიდევ ერთი რამ, რაც ზოგჯერ მშობლებს შეიძლება ეშლებოდეთ არის ის, რომ როდესაც ოჯახის პატარა წევრი ჩნდება, დიდს ავალებენ პასუხისმგებლობას, რომ ახლა შენ უნდა იზრუნო, მოუარო, გამოუცვალო. პასუხისმგებლობის იძულება არ მგონია, რომ კარგი გზა იყოს. თუ ბავშვში ზრუნვა უკვე არის, ის ამას სიხარულით გააკეთებს. თავისი ნებით თუ გააკეთებს რაღაცას, სულ პატარას მაინც, მოდი, მაგრად შევაქოთ. უფროსი ძმა სულ რომ 14 წლის იყოს, სრულწლოვანი მაინც არ არის. ის, რომ ბავშვი გადასცე და შენ კინოში წახვიდე, ასე არ გამოვა არანაირად,“ - აღნიშნულ საკითხზე პაატა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.