უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი კვების დროს ეკრანის ყურებას? - ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის რჩევები მშობლებს
ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში კვების დროს ეკრანის გამოყენების პრობლემაზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა, თუ როგორ გადააჩვიონ ბავშვი ჭამის პარალელურად მულტფილმების ყურებას:
„ეს ძალიან ბევრი მშობლის პრობლემაა, იმიტომ, რომ უპრობლემოდ აჭმევ, უპრობლემოდ ასმევ. მშობელი თვითონ უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად იმისთვის, რომ ახლა იქნება ომი სერიოზული. ბავშვისთვის სასიამოვნო ადგილი გამოვყოთ, სადაც იცის მან, რომ ეს არის მისი ადგილი, ეს არის მისი ჭურჭელი, სადაც ის ყოველთვის ჭამს. ექვს წლამდე ბავშვები სტერეოტიპულები არიან, უყვართ განმეორებითობა, მოულოდნელობებს ვერ იტანენ. სჯობს ბავშვმა წინასწარ იცოდეს, რომ ყოველთვის არის მისი ადგილი აქ ყოველგვარი მულტფილმის გარეშე.“
„ბავშვი ატეხავს ისტერიკას, არ უნდა სიტყვის თქმა. უბრალოდ დგახარ და ელოდები მშვიდად, თუ რამეს არ იშავებს ან აშავებს. ხანდახან არის, რომ ყრის ყველაფერს, თავს ურტყამს კედელს. ამ დროს ხელს ვადებთ კედელს და ჩვენს ხელს ურტყამს თავს. ეს არ უნდა იყოს ჩხუბი, არ უნდა ვუთხრათ: „ხომ იცი, რომ შენ ეს მაინც არ გაგივა.“ ჩვენ ველოდებით, როდის დამთავრდება ეს ისტერიკა. ჩემი გამოცდილებით, ერთადერთი ბავშვი მახსოვს, გოგო, რომელმაც ერთი საათი და ათი წუთი იტირა. მეტს ბავშვის ფიზიკა ვერ გაუძლებს. თუ ბავშვი თავს იზიანებს ან გარემოს აზიანებს, ამ შემთხვევაში ბავშვი ხელით გვიჭირავს მშვიდად, ჩხუბის, ჯიკაობის გარეშე. ვიჭერთ და ველოდებით მშვიდად. არ უნდა მისცე საშუალება, რომ რამე გადაყაროს. ეს არის სწავლებადი. ძალიან ბევრ მშობელს ვასწავლით ჩვენ ამას, არ სჯერა ხოლმე, მერე გვირეკავს და მადლობას გვეუბნება. ამბობს: არ მჯერა ამ სასწაულის, არ მჯერა, რომ ეს გამოგვივიდა,“- აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.