Baby Bag

რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვთან თამაშის დროს - ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის რეკომენდაციები მშობლებს

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე თამაშზე საუბრობს.

თამაში ბავშვის განვითარებისთვის არის უმნიშვნელოვანესი და შეუცვლელი აქტივობა. მშობლებს, როგორც ყოველთვის, აქაც განსაკუთრებული როლი გაქვთ. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

  • ხმის ტონი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მომთხოვნი, მკაცრი და მონოტონური. პირიქით, უნდა იყოს თბილი, მშვიდი და მოსიყვარულე 
  • გაუღიმეთ ბავშვს მიუხედავად იმისა, ხედავს თუ არა ის თქვენს სახეს
  • დასხედით იმდენად ახლოს, რომ შეძლოთ ბავშვთან შეხება, თუ რა თქმა უნდა, არ თამაშობთ ისეთ თამაშებს, როგორიცაა, მაგალითად, ბურთით თამაში, რომელიც მოითხოვს შორს ყოფნას 
  • ხშირად გამოიყენეთ მოფერებითი მეტსახელები და დადებითი გამონათქვამები, როგორებიცაა: მიყვარხარ, ძვირფასი ხარ, საყვარელი ხარ 
  • გაახმოვანეთ თქვენი და ბავშვის მოქმედებები
  • ისაუბრეთ საგნების მახასიათებლებზე: ფერზე, ზომაზე, ფორმაზე (ინფორმაცია, რასაც ბავშვს მიაწვდით, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე და განვითარების საფეხურზე)
  • მყისიერად წაახალისეთ ბავშვი, როდესაც რაღაცას გააკეთებს - შეასრულებს თქვენ მიერ მიცემულ ინსტრუქციას თუ დაისწავლის ახალს. გამოხატეთ თქვენი სიხარული და აღფრთოვანება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი ხედავდეს, მისი წარმატება თქვენ ძალიან გაბედნიერებთ.


შეიძლება დაინტერესდეთ

რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები ეკრანდამოკიდებულების თავიდან ასარიდებლად

რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები ეკრანდამოკიდებულების თავიდან ასარიდებლად
როგორ უნდა მოვიქცეთ, სანამ ბავშვი ეკრანდამოკიდებული გახდება და რა ზიანს აყენებს მათ გონებრივ განვითარებას ეკრანი? - აღნიშნულ თემებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი მარი ჯოხარიძე ესაუბრა. 

- ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში ძალიან დიდი პრობლემაა. რა სიმპტომები ახასიათებს ეკრანდამოკიდებულ ბავშვს და როგორია მისი ქცევა?

- ეკრანდამოკიდებული ბავშვები პასიურები არიან, არ იჩენენ ინტერესს სხვა აქტივობების მიმართ. ხშირად ვხდებით პრობლემებს ქცევაშიც, როცა მშობელი ეკრანს მოაშორებს ბავშვს, აწყობენ ტანტრუმს და ასე ცდილობენ გაჯეტების დაბრუნებას, ძირითად შემთხვევაში იღებენ კიდეც მათთვის სასურველ შედეგს.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რა საზღვრები უნდა დაუწესოს ბავშვს?

- საზღვრების დაწესება აუცილებელია, თუმცა ეს საზღვრებიც დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე. 3 წლამდე ასაკის ბავშვები სასურველია, საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, მაგრამ რადგან დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან რთულად შესასრულებელია, რეკომენდაციაა, რომ ეკრანთან გატარებული დრო არ უნდა აღემატებოდეს ნახევარ საათს. ადრეულ ასაკში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დრო შეიძლება გადანაწილებული გვქონდეს, მაგალითად, თუ ექვსი წლის ბავშვს ვაძლევთ უფლებას, რომ დღის განმავლობაში ერთი საათი გაატაროს ეკრანთან, შეიძლება ეს ერთი საათი, ორ ან სამ ნაწილად გავყოთ. აუცილებლად უნდა აკონტროლოს მშობელმა, რას უყურებს ბავშვი, რა ინფორმაციას მიიღებს, რას აითვისებს. ბევრი სასარგებლო რამეც შეიძლება ისწავლოს ბავშვმა ეკრანიდან თუ საზღვრებს დავუწესებთ და ყურადღებით შევურჩევთ, რას უყუროს.

- როგორ ავარიდოთ ბავშვი ეკრანდამოკიდებულებას, რომ არც მისი ფსიქიკა დააზიანოს და თან პრობლემაც აღმოიფხვრას? (ფაქტია, რომ გაჯეტების სრულად აკრძალვა დღევანდელ რეალობაში არ გამოდის)

- ბავშვს უნდა შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, გასართობი აქტივობა და წავახალისოთ მისი ინტერესები. პატარა ჩართული უნდა იყოს ოჯახის საქმიანობაში, რუტინაში და მისი მოქმედებები აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული.

- რამდენად აფერხებს ბავშვის გონებრივ განვითარებას ეკრანზე მიჯაჭვულობა?

- ეკრანზე დამოკიდებულება ბავშვის განვითარებას განსაკუთრებით აფეხებს ადრეულ ასაკში. ბავშვი ვითარდება მაშინ, როცა იკვლევს გარემოს, იღებს ახალ გამოცდილებებს, აკვირდება და შეისწავლის საგნებს, მაგალითად, შეხებით, ყნოსვით. ეკრანთან კი ამის შესაძლებლობა არ აქვს. გაჯეტებთან დიდი დროის გატარება განსაკუთრებით უშლის ხელს სოციალური უნარების განვითარებას.

- უკვე ეკრანდამოკიდებულ ბავშვთან რა რაციონალური ნაბიჯები უნდა გადადგას მშობელმა, უნდა მიმართოს თუ არა სპეციალისტს და თავად რისი გაკეთება შეუძლია?

- მშობელმა უნდა დააწესოს საზღვრები, მოიფიქროს, დაგეგმოს, რა აქტივობებით დაკავდება ბავშვი დღის განმავლობაში. აქტივობები უნდა იყოს ბავშვის ინტერესებს და შესაძლებლობს მორგებული. ეკრანი გამოიყენოს, როგორც ჯილდო. ბავშვი ჯერ დაკავდეს მშობლის მიერ შეთავაზებული აქტივობით და შემდეგ მიიღოს გაჯეტი განსაზღვრული დროით. მაგალითად, „ჯერ დავხატოთ და შემდეგ მიიღებ ტელეფონს 10 წუთით“. რთულია ერთი რეკომენდაცია მოარგო ყველა შემთხვევას, ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების საფეხურზე, ოჯახის ცხოვრების წესზე. თუ მშობელი ხვდება, რომ დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება და უჭირს ბავშვის ქცევის მართვა, უნდა მიმართოს სპეციალისტს, ასე მიიღებს არა ზოგად, არამედ კონკრეტულ შემთხვევაზე მორგებულ რეკომენდაციებს.         

ესაუბრა მარიამ ჩოქური  

წაიკითხეთ სრულად