„სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა“
რა ზეგავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე, რას უწყობს ხელს და როგორ მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა, როგორც ორსულობის პერიოდში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ლელი ყიფიანი.
- ქალბატონო ლელი, აქვს თუ არა მნიშვნელობა ბავშვების პიროვნული, ფსიქო-ემოციური განვითარების კუთხით მუსიკას, რომელსაც ვასმენინებთ?
- სკოლამდელი ასაკი არის ის პერიოდი, როდესაც საფუძველი ეყრება და ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბება, რომელზეც პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ეკისრება ოჯახს (მშობლებს) და შემდეგ მის სოციალურ გარემოს. ამ პერიოდში, გარდა კოგნიტური უნარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების ფსიქო-ემოციური განვითარება. სკოლამდელ ასაკში ბავშვი უკვე ფლობს ემოციების ფართო სპექტრს, შეუძლია მართოს საკუთარი ემოციური რეაქციები, უვითარდება ემოციური ექსპრესია, ემპათია და შეუძლია ადეკვატურად შეაფასოს საკუთარი ქმედებები და სხვა.
ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითრებაზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს და ერთ-ერთი არის მუსიკის მოსმენა, რომელიც ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე და ხელს უწყობს მის კოგნიტური, ფიზიკური თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას. უძველესი დროიდან მოყოლებული მუსიკა გამოიყენებოდა, როგორც სამკურნალო საშუალება. მაგალითად, ითვლებოდა, რომ მელანქოლიის მქონე ადამიანის გართობა აუცილებელი იყო მუსიკით. ამიტომ მიიჩნევდნენ, ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონოდა დაკვრის და სიმღერის უნარი. არისტოტელე ამბობდა, როდესაც ადამიანი უსმენს მუსიკას, მთლიანად იცვლება მისი სულიერი მდგომარეობაო.
მუსიკა გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მას შეიძლება ჰქონდეს, როგორც დამამშვიდებელი, ასევე ამგზნები ზემოქმედება. ის ხელს უწყობს დადებითი ემოციების განვითარებას. მრავალი კვლევა არის ჩატარებული, თუ რა გავლენა აქვს მუსიკას თავის ტვინზე და აღმოჩნდა, რომ ნებისმიერი მუსიკის მოსმენა ააქტიურებს თავის ტვინის ქერქს, განსაკუთრებით, საფეთქლის წილს, რომელიც სმენის ორგანოების მეშვეობით მიღებული ინფორმაციის გადამუშავებაზე არის პასუხისმგებელი და ასევე ააქტიურებს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან. თავის ტვინის ქერქის აქტივაცია აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, სისხლის მიმოქცევას და სუნთქვას, ასტიმულირებს აზროვნების პროცესებს და აუმჯობესებს მეხსიერებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის ინტელექტუალური დონის ზრდას, შედეგად უმჯობესდება შრომისუნარიანობა. სამ წლამდე ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, ამ პერიოდში იღებს ყველაზე მეტ ინფორმაციას. იმისთვის, რომ მოხდეს მისი თავის ტვინის ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება, მნიშვნელოვანია მუსიკის მოსმენა, რადგანაც მელოდიას აღიქვამს ორივე ნახევარსფერო.
ადრეული ასაკიდან მუსიკის მოსმენა აფართოვებს ბავშვის ემოციურ გამოცდილებას, ეხმარება მას ემოციების გამოხატვას, გაცნობიერებასა და სხვისი ემოციების გაგებაში (ზოგადად ემოციური სფერო მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების ჩამოყალიბებაში), ხელს უწყობს მის სულიერ, კულტურულ განვითარებას, ასევე ავითარებს მუსიკალურ გემოვნებას, ეხმარება სოციალიზაციაში და გავლენას ახდენს მეხსიერიების, აღქმის და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებაზე.
გარდა ამისა, მუსიკა გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, რადგან შეიცავს ისეთ ელემენტებს, როგორებიცაა: რიტმი, ტემპი, მელოდია და სხვა, რაც მნიშვნელოვანია მოტორიკის განვითარებისთვის, აუმჯობესებს კოორდინაციას და მოძრაობას.
- რა სახის მუსიკას მივანიჭოთ უპირატესობა?
- უმჯობესია, ბავშვებს მრავალფეროვანი მუსიკა შევთავაზოთ: კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ჯაზი.
კვლევებმა აჩვენა, რომ კლასიკური მუსიკის მოსმენა, განსაკუთრებით, მოცარტის, შოპენის და სხვათა ნაწარმოებების, ამცირებს სისხლში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის რაოდენობას, აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ააქტიურებს ყურადღებას, კონცენტრაციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.
- მითია თუ რეალობა, რომ ორსულობის პერიოდში კლასიკური მუსიკის მოსმენა ნაყოფზე დადებით ზეგავლენას ახდენს?
- არ არის მითი. მუცლად ყოფნის პერიოდში, დაახლობით 18 კვირამდე, უკვე შეუძლია ბგერების გარჩევა. დადასტურებულია, რომ ნაყოფი თავს აბრუნებს იქით, საიდანაც ესმის ხმა და დაახლოებით 25 კვირისთვის შეუძლია დედის ხმის, სიტყვების და რიტმის გარჩევა. ის რეაგირებს, როგორც მშვიდ და დაბალ, ასევე ხმამაღალ მუსიკაზე, ამიტომ უმჯობესია კლასიკური, მშვიდი და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, რომელიც იწვევს დადებით განწყობას.
ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„მშობლები შვილებს ზრდიან თავისთვის, უნდათ, რომ მერე შვილებისგან რაღაც მიიღონ, რის გამოც დიდი პრობლემების წინაშე დგებიან,“ - დეკანოზი შალვა კეკელია
დეკანოზმა შალვა კეკელიამ ოჯახური პრობლემებისა და ცოლ-ქმრული ურთიერთობის სიძნელეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანს თუ ბედნიერების პოვნა სურს, მას უნდა შეეძლოს საკუთარი თავის მეუღლისთვის მიძღვნა:
„მე ხშირად ჯვარს რომ ვწერ ხოლმე, მამაკაცს ასეთ რამეს ვეუბნები: „გინდა, რომ იყო ბედნიერი ამ ცხოვრებაში? მაშინ საკუთარი თავი მიუძღვენი შენს მეუღლეს. ბოლომდე ეცადე, რომ არაფერი მიიღო შენი მეუღლისგან, პირიქით, შენ უნდა გასცე ყველაფერი.“ იმავეს ვეუბნები პატარძალსაც: „თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, მაშინ გაიღე, გაიღე შენი მეუღლისთვის.“ ეს ყველაზე რთულია. პრობლემები დგება ოჯახში იმ დროს, როდესაც ადამიანს რაღაცების მიღება უნდა. რასაცა გასცემ, მხოლოდ ეს არის შენი. რაც არ გაგიცია, შენი არასდროს იქნება. პავლე მოციქული ამბობს, რომ შენ ბედნიერი უნდა იყო გაცემის დროს და არა მიღების დროს. ეს აზროვნება როგორც კი შემოვა ადამიანში და ბოლომდე განამტკიცებს საკუთარ სულში იმას, რომ უნდა გასცეს, გაიღოს, ის ოჯახი იქნება ბედნიერი.“
დეკანოზის თქმით, ცოლ-ქმარი ყოველთვის ერთმანეთის გახარებაზე უნდა ფიქრობდეს:
„წარმოიდგინეთ ცოლ-ქმარი, რომლებიც მთელი არსებით ფიქრობენ იმაზე, როგორ გაახარონ ერთმანეთი. ქმარი მთელი არსებით ფიქრობს იმას, ცოლს როგორ მოემსახუროს, როგორ სცეს პატივი ცოლს, როგორ გადაჰყვეს მას, გაიგოს, რა მოსწონს, რა უხარია. ასევე ცოლიც გაღვიძებისთანავე ფიქრობდეს იმაზე, ქმარს რა გაუხარდება და იმით ახარებდეს. წარმოიდგინეთ იმ ოჯახში როგორი სიყვარული იქნება, ბავშვები როგორ სიყვარულში გაიზრდებიან.“
მამა შალვა კეკელიას თქმით, თანამედროვე ადამიანს უჭირს საკუთარი თავის სხვისთვის მიძღვნა:
„წარმოიდგინეთ, დილით იღვიძებს ქმარი, ყვირის: „მომემსახურე, დროზე ადექი, რაღაც გამიკეთე.“ დედაც იღვიძებს, მაშინვე ბავშვებს უყვირის: „ადექით ჩქარა, რაღაც გააკეთეთ!“ ასეთ ოჯახში სულ სხვა მდგომარეობაა. ოჯახი, რომელიც სიწმინდისკენ მიდის და ურთიერთობა ერთმანეთის პატივისცემაზეა აგებული, ის ოჯახი არის სხვანაირი. ადამიანებმა დაკარგეს ეს ურთიერთობები. საკუთარი თავის მიძღვნა ადამიანს აღარ შეუძლია. მას არ შეუძლია საკუთარი თავი გაიღოს მსხვერპლად. თუ მსხვერპლად იღებს, ყოველთვის მსხვერპლი ჰგონია თავი. თუ თავი მსხვერპლი გგონია, ამით ყველაფერს ანადგურებ. ბევრჯერ მოგისმენიათ, ალბათ: „სულ მე ვუკეთებ, ვერასდროს ხედავს ამას ადამიანი.“ პრობლემები არის ძირითადად იმის გამო, რომ ადამიანს საკუთარი თავის გაღება არ შეუძლია.“
დეკანოზის თქმით, თუ ადამიანი გაიღებს საკუთარ თავს ოჯახისთვის, სანაცვლოდ ის ბევრ სიხარულს მიიღებს:
„ჯვრისწერაზე ხშირად სანთელზე მივუთითებ ხოლმე ცოლ-ქმარს და ვეუბნები: „შეხედეთ ამ სანთელს. თქვენ თუ გინდათ ბედნიერები იყოთ, უნდა დაემსგავსოთ ამ სანთელს. სანთელი იწვის ისე და ანათებს ისე, რომ შენგან არაფერს ელოდება. შენთვის იწვის ის ბოლომდე, შენთვის იხარჯება ბოლომდე. ეს სანთელი არის სიმბოლო იმისა, შენ როგორი უნდა იყო. როგორც ის იწვება შენთვის, შენც ასევე უნდა დაიწვა შენი მეუღლისთვის. ასე უნდა დაიწვა შენი შვილებისთვის. როდესაც ასე გაიღებ საკუთარ თავს, მიიღებ ბევრ სიხარულს, სხვანაირი შვილები გეყოლება.“
მამა შალვა კეკელიას თქმით, შვილები მშობლებმა საკუთარი თავისთვის არ უნდა გაზარდონ:
„მშობლები შვილებს ზრდიან თავისთვის. უნდათ, რომ მერე შვილებისგან რაღაც მიიღონ. ასე ზრდიან საკუთარ შვილებს და მერე ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგებიან. ხშირად გვისაუბრია ამაზე, რომ მშობლები სულ რაღაცას უკრძალავენ შვილებს ან ავალებენ. მშობლების 90 % შემთხვევაში არ არის ისე, რომ სიყვარულით ექცეოდეს შვილს, პატივისცემით ექცეოდეს. მერე რა, რომ პატარაა ბავშვი. მასაც თავისი პატივი აქვს. ბავშვს არ აძლევენ საშუალებას, რომ მან თვითონ გადაწყვიტოს რაღაც. როდესაც ბავშვი იზრდება, თვითონაც ზუსტად ასე ექცევა თავის მშობელს. მშობლებს ხშირად ვეუბნები ხოლმე: „გინდათ, რომ თქვენი შვილისგან გაიხაროთ? გახდით სამაგალითო მშობლები თქვენი შვილისთვის. მაგალითის მიმცემი უნდა იყოთ თქვენი შვილისთვის. თუ თქვენი შვილი დაინახავს, რომ თქვენ ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთს პატივს სცემთ, არ არსებობს, რომ ისიც პატივისცემით არ განიმსჭვალოს თქვენდამი.“
„როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედა მამას პატივს არ სცემს, უხეშად ელაპარაკება მამას, მამაც უხეშად ელაპარაკება დედას, თვითონაც ასე მოექცევა მშობელს. შეიძლება პატარა ასაკში ვერ გაგიბედოს ბავშვმა დალაპარაკება, მაგრამ როგორც კი რაღაც ასაკში გადავა, ის აუცილებლად შენ წინააღმდეგ წამოვა. 90 % შემთხვევაში რასაც ოჯახში ხედავს შვილი, ისე იზრდება. კარგ ოჯახში იზრდებიან კარგი შვილები. ცუდ ოჯახში იზრდებიან ცუდი შვილები. მაგალითი არის ყველაფერი. იოანე ოქროპირიც ამბობს, რომ შვილებს არაფრის დარიგება არ სჭირდებათ. როგორც ცხოვრობთ, ისე იცხოვრებენ თქვენი შვილებიც,“ - აღნიშნულ თემებზე დეკანოზმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.