როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ეს სასწაულია! ასეთი პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია,“ - ქირურგი აკაკი ბერიძე ბათუმის ტრაგედიისას სასწაულებრივად გადარჩენილ შვილიშვილზე საუბრობს
ბათუმის ტრაგედიისას გადარჩენილი მამაკაცის ზვიად თავდგირიძის ბაბუამ, ქირურგმა აკაკი ბერიძემ შვილიშვილის სასწაულებრივი გადარჩენის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა:
„ჩემი შვილიშვილის მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება, რაც კარგის მომასწავებელია. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო უდიდესი ტრავმა. თერთმეტი საათი სიცივეში, თითქმის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაატარა. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი არსებობს, როდესაც კუნთებს აწვება ტვირთი, ამ ტვირთის მოხსნის შემდეგ სისხლში იწოვება ტოქსინები, რაც წამლავს მთელს ორგანიზმს. ჩემს შვილიშვილს ესეც ჰქონდა გამოხატული. გამოხატული ჰქონდა შოკი. ასეთი ავადმყოფის, ასეთ ვითარებაში პაციენტის გადარჩენა თეორიულადაც შეუძლებელია. დიდი შრომა ჩადეს ექიმებმა.“
აკაკი ბერიძის თქმით, მისი შვილიშვილი კონტაქტურია და გონება არ დაუკარგავს:
„ჩემი შვილიშვილი კონტაქტურია, მას ყველაფერი ახსოვს. გონება არ დაუკარგავს. სასწაული ის არის, რომ შინაგანი ორგანოების და თავის ტვინის დაზიანება არ ყოფილა. მოტეხილი აქვს შიდა წვივის ძვალი მარცხენა ფეხზე, რაც დიდ მოტეხილობად არ ითვლება. ზვიადი იმყოფებოდა მეექვსე სართულზე. ვარდნა იყო პირველ სართულამდე. ახლოს ხალხი ვერ ჩერდებოდა, ისეთი მტვერი იყო. მან კი 11 საათი გაძლო ასეთ მტვერში.“
„ეს სასწაულია. მეც ამავე სადარბაზოში ვცხოვრობ. დილას სამსახურში წავედი ცხრის ნახევარზე. თორმეტ საათზე ასეთი ამბავი გამაგებინეს. თეორიულად შეუძლებელი იყო ზვიადის გადარჩენა, მეექვსე სართულიდან პირველზე ვარდნა, 11 საათი ამ სიცივეში და მტვერში. ეს მართლაც სასწაულია. ძალიან მეგობრული სადარბაზო გვქონდა. ყველა ერთმანეთს ვეფერებოდით. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია ოჯახი, საიდანაც ოთხი მიცვალებული გაასვენეს. ნამდვილად დიდი საცოდაობა დატრიალდა,“ - ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე ბატონმა აკაკი ბერიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.