როგორია D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა ზრდასრულებსა და ბავშვებში? - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.
,,D ვიტამინი არ არის მხოლოდ ვიტამინი, ეს არის მნიშვნელოვანი ჰორმონი, რომელიც ადრე ეგონათ, რომ მხოლოდ ძვლის და კალციუმისთვის იყო აუცილებელი, თუმცა ახლა დამტკიცდა, რომ მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი იმუნური სისტემის გაძლიერებისთვის, ალერგიების პრევენციისთვის, სიმსუქნის შემთხვევაში, გულსისხლძარღვთა სისტემის და დიაბეტის პრევენციისთვის (პირველი ტიპის დიაბეტის პრევენციისთვისაც კი), ონკოლოგიური დაავადებების საწინააღმდეგოდ და ბევრი სხვა. აღმოჩნდა, რომ D ვიტამინის რეცეპტორები თავის ტვინშიც კი არის. ამიტომ ყველა უჯრედისა და ორგანოთა სისტემისთვის არის ძალიან აუცილებელი.
ჩვენთან არის სახელმწიფო გაიდლაინი, სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყველა ბავშვმა, არა აქვს მნიშვნელობა ძუძუთი იკვებება, თუ ხელოვნურზეა, ორ წლამდე უნდა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა, 2 წლის შემდეგ, მათ შორის მოზრდილების ჩათვლით, მნიშვნელოვანია და უკვე აქტუალური ხდება, რომ D ვიტამინი მივიღოთ სეზონურად, როცა მზე ვერ იქნება ამ ვიტამინის აქტიური წყარო.
არის გარკვეული საკვები, რომელიც შეგვივსებს მის დანაკლისს, თუმცა ეს საკმაოდ რთულია, რადგან ამ საკვების დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. მაგალითად, 10-15 კვერცხი უნდა მიიღოს ბავშვმა, რომ შეივსოს იმ დღის ნორმა D ვიტამინი, რაც წარმოუდგენელია. ამიტომ ხდება აქტუალური, რომ დანამატის სახით მიიღოს ბავშვმა ასაკის გათვალისწინებით შერჩეული დოზა. ეს ეხება ყველა ჯანმრთელ ბავშვს სეზონურად,'' - აღნიშნა ნინო ხელაძემ.
„ეს პრობლემა ყველაზე ხშირია ბავშვები, რადგან მათ წელიწადში 5-6-ჯერ ემართებათ ინფექციები,“ - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ ანტიბიოტიკების არარაციონალურად გამოყენების პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ეს საკითხი აქტუალურია:
„სამწუხაროდ, ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ სერიოზულად დევს. ყველაზე ხშირი არის ეს ბავშვებში, იმიტომ, რომ წლის განმავლობაში მათ ინფექციები 5-6-ჯერ ემართებათ. ამ ინფექციების მიზეზი ძირითადად ვირუსებია. ვირუსზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. ხშირად ადამიანები ანტიბიოტიკს იღებენ იმიტომ, რომ აქვთ ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის გამომწვევი გარდა ბაქტერიისა, არის როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური მიზეზებიც.“
ალექსანდრე გოგინავამ მოსახლეობას სთხოვა, ანტიბიოტიკები თვითნებურად არ გამოიყენონ:
„მინდა, ვთხოვო მოსახლეობას, არცერთ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი თვითნებურად. ეს არის პირველი, რაც უნდა ავღნიშნოთ. რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკის დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმი-სპეციალისტის მიერ. ხშირ შემთხვევაში ანტიბიოტიკის დანიშვნას სჭირდება გარკვეული კვლევების ჩატარება. არის შემთხვევები, როდესაც ექიმს შეუძლია ანტიბიოტიკი კვლევების გარეშეც დანიშნოს.“
„თუ ჩვენ ანტიბიოტიკების გამოყენებას გავაგრძელებთ ასე არარაციონალურად, ეს ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს რეზისტენტობის ჩამოყალიბება. ანტიბიოტიკოთერაპიაში მნიშვნელოვანია კურსი, რა ხანგრძლივობით ვნიშნავთ ანტიბიოტიკს და რა დოზირებით. როდესაც ადამიანი თვითნებურად იღებს ანტიბიოტიკს, მან არ იცის, რა ხანგრძლივობით უნდა მიიღოს და რა დოზირებით. ანტიბიოტიკი ხშირ შემთხვევაში არ აგვარებს პრობლემას და ეს არის ილუზია. ადამიანი, რომელსაც ემართება ვირუსული ინფექცია, ეს ხუთ დღეში ისედაც შეიძლება თავისით ალაგდეს. როდესაც ის დაავადების მესამე-მეოთხე დღეს ანტიბიოტიკს იწყებს და მეხუთე დღეს არის კარგად, ადამიანი ამას ანტიბიოტიკს უკავშირებს. რეალურად აქ ანტიბიოტიკის როლი არ არის,“ - აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გოგინავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.