მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროს აქტუალურ თემაზე - ინტერვალურ შიმშილზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რა არის „ინტერვალური შიმშილი“, რას გულისხმობს კვების ეს ტიპი, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა აღნიშნული კვების რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.
„ინტერვალური შიმშილი“ ეს არის კვების ტიპი, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ინტერვალური კვების სხვადასხვა სახეობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ამჯერად მის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტზე - 16-საათიან შიმშილზე ვისაუბრებთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ მეთოდის დროს ადამიანი დღისით 8 საათის განმავლობაში იკვებება, ხოლო შემდეგ 16 საათის განმავლობაში არაფერს არ მიირთმევს. ამ დროს ჩვენს ორგანიზმში ხდება ჰორმონალური ბალანსის აღდგენა, რითაც თავის მხრივ, ჩქარდება მეტაბოლიზმი და შენახული ცხიმი უფრო ხელმისაწვდომი ხდება გასახარჯად. დეტალურად: ორგანიზმში მატულობს ზრდის ჰორმონის დონე, რაც ხელს უწყობს ცხიმის წვას და კუნთური მასის მატებას. ორგანიზმში იკლებს ჰორმონ ინსულინის დონეც (ინსულინი აძლიერებს მადას და არის მაშენებელი ჰორმონი) და რეგულირდება მის მიმართ მგრძნობელობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მოწესრიგებას. „ინტერვალური შიმშილის“ დადებითი მხარეებია:
წონაში კლება, განსაკუთრებით, მუცლის არეში
ინსულინის მიმართ მგრძნობელობის აღდგენა
იმუნიტეტის ამაღლება
„ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირება
ანტი კანცეროგენული (კიბოს საწინააღმდეგო) პროცესების გააქტიურება
აღსანიშნავია ისიც, რომ კვების ასეთი რეჟიმის დროს იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, თუ კვებისთვის გამოყოფილ პერიოდში რაციონი მდიდარი არ არის ვიტამინებით და მინერალებით, შეიძლება, ამან ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვაც კი გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ 8 საათის განმავლობაში კვება იყოს ჯერადი, დაბალანსებული, მრავალფეროვანი და სასურველია, წახემსებების გარეშე. დაბალანსებული კვება თავის მხრივ რას გულისხმობს, მკითხველისთვის ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის წინა თემაში უკვე დეტალურად განვმარტეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბალანსებული კვება რეკომენდებულია ასევე დაკლებული კილოგრამების შესანარჩუნებლადაც, რადგან დაკლებული კილოგრამების ხელახლა დაბრუნების რისკს მინიმუმამდე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს.
თუმცა ორგანიზმში მიმდინარე დადებითი ცვლილებების მიუხედავად, „ინტერვალური შიმშილის“ კვების ტიპი არ არის ყველასთვის განკუთვნილი. მისი დაცვა არ არის რეკომენდებული ქალებისთვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ან არიან ორსულად ან იმყოფებიან ლაქტაციის პერიოდში. ასევე არ არის რეკომენდებული იმ პაციენტებისთვის, რომელთაც ანამნეზში აქვს კვებითი დარღვევების რომელიმე ტიპი (ანორექსია, გადაჭარბებული კვება ან ბულიმია, ნევროზი) ან მათ, ვისაც დიაგნოსტირებული აქვთ შაქრიანი დიაბეტი. „ინტერვალური შიმშილს“ რეჟიმს უნდა მოერიდონ ასევე დაბალი წნევის მატარებლები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოხატული დაავადებების მქონე ადამიანები. მაგალითად, თუ ამ კვების რეჟიმის დაცვის დროს წარმოიქმნა განსაკუთრებული დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, როგორიცაა: გულისრევა, შებერილობა, კუჭის ტკივილი, ტკივილის შეგრძნება ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში, რეკომენდებულია „ინტერვალური შიმშილის“ შეწყვეტა. გარდა ამისა, უკუჩვენებად ითვლება ბავშვთა და მოზარდთა ასაკი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და გააჩნია მისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლა, ამიტომ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კვების ტიპის არჩევისას რეკომენდებულია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რათა წონაში კლების პროცესი სწორად წარიმართოს და ამით ორგანიზმს ზიანი არ მიადგეს.
„იმისთვის, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, თვის განმავლობაში ჩვენი საწყისი წონის 5-7 % -ზე მეტი არ უნდა დავიკლოთ,“ - ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ცნობილი დიეტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ ისაუბრა:
„ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ადელის დიეტა, რომელიც ინგლისელი ნუტრიციოლოგების მიერ არის შედგენილი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ დიეტის გარდა ადელი აქტიურად ვარჯიშობდა კიდეც. ცნობილია, რომ ის პილატესს ასრულებდა. ბრიტანელები ცოტა სნობებიც არიან და უყვართ საკუთარი თავის ჩარჩოებში მოქცევა. სირტუინების დიეტა, რომელიც ადელის დიეტის სახელით არის ცნობილი, ისეთ პროდუქტებს შეიცავს, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ნამდვილად არ მოქმედებს. კვების რაციონი მდიდარია თხილეულით, რომელიც უხვად შეიცავს მცენარეული ცილები და ცხიმები, B ჯგუფის ვიტამინები, E ვიტამინით, რომელიც გარკვეულწილად ენერგიას მატებს ჩვენს ორგანიზმს.“
ლაშა უჩავამ მაყურებელს ადელის ცნობილი დიეტის გვერდითი მოვლენების შესახებამ მიაწოდა ინფორმაცია:
„მიუხედავად იმისა, რომ სირტუინების დიეტის პირველი ეტაპი ძალიან დაბალკალორიულია, საშუალო ასაკის ჯანმრთელი ადამიანისთვის ის არის უსაფრთხო, მაგრამ დიაბეტის მქონე ადამიანებში კალორიების რიცხვის მკაცრად შეზღუდვა სისხლში შაქრის დონის საშიშ ცვლილებებს გამოიწვევს, რაც, შესაძლოა, ლეტალურად დასრულდეს. სირტუინის დიეტამ, შეიძლება, ჯანმრთელ ადამიანებშიც გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, რის გამოც დიეტის დაცვამდე აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ შესაბამისი დიაგნოსტიკური კვლევები.“
ლაშა უჩავას თქმით, გარკვეული სახის გვერდით მოვლენებს ნებისმიერი დიეტა გამოიწვევს:
„კეტო დიეტა დღეს საქართველოში ძალიან პოპულარულია, თუმცა გვერდით მოვლენებს ისიც იწვევს. თუმცა კეტო დიეტებს აქტიურად იყენებენ ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ, მაგრამ არ შეიძლება, რომ ის განურჩევლად ყველა ადამიანმა დაიცვას. ადელის დიეტა მოკლევადიანია, არ შეიძლება, რომ ის ხანგრძლივად დავიცვათ. ექსპერტები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, სირტუინების დიეტის მოკლევადიან პერიოდში დაცვამაც ცუდი ზეგავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე. გამოკვლევებისა და სპეციალური დიაგნოსტირების გარეშე მისი დაცვა სასტიკად აკრძალულია. ადელს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი კანის სტრუქტურის სიბერე შეინიშნება. შესაძლოა, ეს ქირურგიული ჩარევის შედეგი იყოს, რომელიც წონის სწრაფ კლებაში გვეხმარება. თუმცა, შეიძლება კანის სტრუქტურის დაზიანება დიეტითაც იყოს გამოწვეული.“
„იმისთვის, რომ ჩვენს ჯანმრთელობას ზიანი არ მივაყენოთ, თვის განმავლობაში ჩვენი საწყისი წონის 5-7 % -ზე მეტი არ უნდა დავიკლოთ. თუ ადამიანი ას კილოგრამს იწონის, დაშვებულია, რომ მან თვეში 5-7 კილო დაიკლოს. კალორიების შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს წონის კლებას, თუმცა ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, წონაში კლება მხოლოდ სასწორის ციფრებზე გვჭირდება, თუ ამასთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნებაც გვინდა,“ - აღნიშნა ლაშა უჩავამ.